2022 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული უკრაინული ჯგუფი KALUSH ORCHESTRA მოგებული პრიზის — ბროლის მიკროფონის — აუქციონზე გაყიდვას აპირებს თავისი ქვეყნის ჯარის დასახმარებლად. გადაწყვეტილების შესახებ ბენდის ლიდერმა, ოლეჰ პსიუკმა, განაცხადა.
"ვაპირებთ, მოგებული პრიზი აუქციონზე გავიტანოთ და მისი გაყიდვიდან მიღებული თანხა მთლიანად გადავრიცხოთ ფონდში, რომელიც უკრაინასა და ქვეყნის სამხედრო ძალებს ეხმარება", — აღნიშნავს პსიუკი, — "ბევრი ადამიანი უცხოეთიდან უკვე რიცხავს თანხას ფონდში და ალბათ კიდევ ბევრი მოისურვებს. ჩვენი ქმედება კი, ვფიქრობთ, მათ წაახალისებს. ჩვენი აზრით, ეს უკრაინისთვისაც სასარგებლო იქნება".
პსიუკის თქმით, ახლო მომავალში გადაწყვეტენ, რომელ აუქციონზე გაიტანონ პრიზი და რა თანხის შეგროვებას ეცდებიან პლატფორმაზე.
ამავე ინტერვიუში KALUSH ORCHESTRA-ის წევრმა ყველას მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რაც ბენდმა ევროვიზიაზე იგრძნო — როგორც კონკურსანტების მხრიდან, ასევე ტელემაყურებლისგან.
"მსურს, მადლიერება გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მხარს გვიჭერდა — უკრაინელები, დიასპორა, სხვა ქვეყნების მოქალაქეები", — აცხადებს პსიუკი, — "ეს ახლა მნიშვნელოვანი ნაბიჯი და გამარჯვებაა უკრაინისთვის. მიხარია, რომ შესაძლებლობა მომეცა, ისეთი კარგი ამბავი გამევრცელებინა, როგორსაც ახლა ნაკლებად იგებენ. უკვე ვხედავ, ყველა როგორი გამხნევებულია. ამიტომ, მიხარია, რომ ჩვენი ძალისხმევა უშედეგო არ ყოფილა".
ჯგუფმა KALUSH ORCHESTRA-მ ევროფესტივალის ფინალში სიმღერა Stefania შეასრულა და 631 ქულით უკრაინას კონკურსზე მესამე გამარჯვება მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ბენდმა ტელემაყურებლის უპრეცედენტო მხარდაჭერა დაიმსახურა და მათგან ევროვიზიის ისტორიაში რეკორდული რაოდენობის — 439 — ქულა მიიღო.