ერთი კვირის წინ კლუბი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა თანამდებობა დატოვა და დამსახურებულ პენსიაში გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ბატონი ალექსი მანჩესტერული კლუბის დირექტორატში მუშაობას კი გააგრძელებს, მაგრამ სამწვრთნელო კარიერა სამუდამოდ გვერდზე გადადო.
ორი თვის წინ ბრიტანულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა რომ ინგლისის ეროვნული გუნდისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი უეინ რუნი კარიერის გაგრძელებას ფრანგულ „პარი სენ ჟერმენში“ გეგმავდა. მაშინ საქმეში სერ ალექსი ჩაერია და რუნიმ საფრანგეთში გადასვლაზე უარი განაცხადა.
ალექს ფერგიუსონი „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაემშვიდობა. სერ ალექსის ყოფილ გუნდს კლუბი „ევერტონის“ ყოფილი დამრიგებელი დავიდ მოიესი ჩაიბარებს. ამ ადამიანთან უეინ რუნის ცუდი პირადი ურთიერთობა გააჩნია.
გუშინ საღამოს ცნობილი გახდა რომ რუნი შეიძლება ახალ გუნდში გადაბარგდეს და ეს კლუბი ლონდონის „არსენალი“ იქნება.
ამ გუნდის ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა გუშინ გამოცემას „Goal.com” ინტერვიუ მისცა და აღნიშნა, რომ უეინ რუნის პირადად ორჯერ ესაუბრა და მოთამაშე „არსენალში“ გადასვლაზე დაითანხმა.