ბიზნესმენ ილონ მასკის განცხადებით, კომპანია Twitter-ის შეძენის პროცესი „დროებით შეჩერებულია“. ამის მიზეზად მასკი სოციალურ ქსელში სპამ- და ფეიკ-ანგარიშების რაოდენობის დათვლა დაასახელა.
მასკის ამ განცხადების შემდეგ Twitter-ის აქციები 20%-ით გაუფასურდა, თუმცა შემდეგ ცოტათი გაძვირდა.
მასკის განცხადებით, ახლა უნდა დადასტურდეს ის შეფასება, რომ სპამ- და ფეიკ-ანგარიშების რაოდენობა მომხმარებელთა საერთო რაოდენობის 5%-ზე ნაკლებს შეადგენს.
Associated Press-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად შესაძლებელია, რომ სპამ- და ფეიკ-ანგარიშების რაოდენობასთან დაკავშირებული საკითხის გამო მასკმა Twitter-ი აღარ შეიძინოს.