წონაში კლების ექსპერიმენტულმა პრეპარატმა ცდებში რეკორდული შედეგები აჩვენა

წონაში კლების ექსპერიმენტულმა პრეპარატმა ცდებში რეკორდული შედეგები აჩვენა

ექსპერიმენტულმა პრეპარატმა, რომლის ეფექტებს ჭარბწონიან ადამიანებზე კლინიკურად სწავლობდნენ, მონაწილეებში წონის რეკორდული კლება აჩვენა.

Tirzepatide ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Eli Lilly and Company (Lilly)-მ შექმნა და წარმოადგენს ყოველკვირეულ ინექციას, რომელიც წონის კლებას ხელს უწყობს ბუნებრივი ჰორმონების, სახელად ინკრეტინების ეფექტების მიბაძვის მეშვეობით. ეს ჰორმონები ჭამის შემდეგ სისხლში შაქრის დონეს ამცირებს და არეგულირებს მონელებასთან დაკავშირებულ მეტაბოლურ პროცესებს.

პრეპარატი Tirzepatide, რომელიც ჯერ ბაზარზე ხელმისაწვდომი არ არის, რადგან კლინიკური კვლევების შემდეგ ეტაპს ელოდება, წარმოადგენს ორი კონკრეტული ინკრეტინის, GLP-1-ის (გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი-1) და GIP-ის (გლუკოზაზე დამოკიდებული ინსულინოტროპული პოლიპეპტიდი) სინთეტიკურ კომბინაციას.

პირველი ჰორმონი, GLP-1, წარმოადგენს დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატ სემაგლუტიდის საფუძველს, რომელიც აშშ-ში 2021 წელს დაამტკიცეს წონაში კლების პრეპარატად. ის წონაში კლების პირველი მედიკამენტია ბოლო რამდენიმე წელიწადში, რომელიც FDA-მ დაამტკიცა.

დამტკიცების გადაწყვეტილება დაეფუძნა კლინიკური ცდების შედეგებს, რომელსაც წონის კლებაში „თამაშის წესების შემცვლელი“ უწოდეს. თუმცა, როგორც ჩანს, ჰორმონ GIP-ისა და GLP-1-ის დამატების წყალობით, Tirzepatide-ს ფორმულა კიდევ ერთხელ შეცვლის თამაშის წესებს.

კლინიკური ცდების მესამე ფაზაში Tirzepatide-ის ეფექტებს 2539 მონაწილეზე იკვლევდნენ, რომლებიც ან მსუქნები იყვნენ, ან ჭარბწონიანები. 72 კვირის განმავლობაში, მონაწილეთა ნაწილს Tirzepatide-ს აძლევდნენ, ნაწილს კი პლაცებოს, ამავე დროს, მათ რაციონში შემცირებული იყო კალორიები და გაზრდილი იყო ფიზიკური აქტივობა. პრეპარატი სამი სხვადასხვა დოზით შეჰყავდათ (5, 10 ან 15 მილიგრამი კვირაში ერთხელ), მაგრამ კვლევის მსვლელობისას, სამივე ამ ჯგუფში დაფიქსირდა წონაში კლების მნიშვნელოვანი დონე. ყველაზე მაღალი დოზის (15 მილიგრამი) ჯგუფში მონაწილეთა სხეულის წონა საშუალოდ 22,5%-ით (24 კგ) შემცირდა, 10 მგ დოზის ჯგუფში 21,4%-ით (22 კგ), 5 მგ ჯგუფში კი 16%-ით (16 კგ).