კოღოები ჩვენთვის არა მხოლოდ ნერვებისმომშლელი, არამედ სახიფათო არსებებიც არიან, ვინაიდან არაერთი ვირუსისა თუ პარაზიტის გადატანა შეუძლიათ. მათი ზოგიერთი სახეობა კონკრეტულად ადამიანებს არჩევს მსხვერპლად. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არსებობს გარკვეული მექანიზმი, რომლის საშუალებითაც იგი ადამიანისა და ცხოველის სუნს ერთმანეთისაგან ასხვავებს.
მეცნიერებმა გადაწყვიტეს, კოღოების ტვინები შეესწავლათ და დაედგინათ, კონკრეტულად რა ააქტიურებდა მათ ნეირონებს. ასევე სურდათ გაეგოთ, თუ როგორ განსხვავდებოდა აქტივობა ადამიანისა და სხვა ცხოველების სუნის შეგრძნებისას. კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მკვლევრებმა CRISPR-Cas9-ის გამოყენებით Aedes aegypti სახეობის გენეტიკურად მოდიფიცირებული (ამ უკანასკნელს შეუძლია, ადამიანს ზიკას ვირუსი, ტროპიკული ციება, ყვითელი ციებ-ცხელება და ჩიკუნგუნიას ცხელება გადასდოს) კოღოები შექმნეს. მათი ტვინები აქტივობისას ნათდებოდა, შედეგად კი მეცნიერებს საშუალება მიეცათ, ისინი მაღალი გარჩევადობით გამოესახათ. იმის დასადგენად, თუ კონკრეტულად რა იზიდავდათ მწერებს, მეცნიერებმა მათ აეროდინამიკური მილით ადამიანისა და ცხოველის სუნის მქონე ჰაერი მიაწოდეს.
ადამიანის სუნი არაერთი განსხვავებული ნაერთისაგან შედგება, რომელთა გარკვეული ნაწილი განსხვავებული თანაფარდობით სხვა ძუძუმწოვართა უმეტესობაშიც გვხვდება. წინა კვლევით დადგინდა, რომ კოღოებს თავად ნაერთები არ იზიდავთ, გამოწვევას კი მათი გარკვეული თანაფარდობის დადგენა წარმოადგენდა.
მეცნიერებმა 16 ადამიანის, ორი ვირთხის, ორი ზღვის გოჭის, ორი მწყრის, ცხვრისა და ოთხი ძაღლის სუნი გამოიყენეს, რათა კოღოების გემოვნება გამოეცადათ. მკვლევრებმა ცხვრის შემთხვევაში მატყლი ფერმიდან მოიპოვეს, ძაღლების თმა კი — სალონიდან. მათ ადამიანებს, მოხალისეებს, სთხოვეს, რამდენიმე დღის განმავლობაში შხაპი არ მიეღოთ, შემდეგ კი გააშიშვლეს, რათა ტანსაცმლის ქსოვილს მონაცემები შეეცვალა და ტეფლონის პარკზე დააწვინეს.
სხვადასხვა სუნის შეგროვების შემდგომ მათ გონივრული სისტემა შექმნეს, რათა ისინი გენეტიკურად მოდიფიცირებული კოღოებისათვის მიეწოდებინათ. აღსანიშნავია, რომ კოღოს ტვინს 60 ნერვული ცენტრი, სახელად გორგლურა, აქვს. თავიდან გუნდი ვარაუდობდა, რომ ცენტრების უდიდესი ნაწილი იქნებოდა ჩართული, რათა კოღოს შემდეგი მსხვერპლის ამორჩევაში დახმარებოდა და ადამიანის უჯრედები ცხოველისგან განესხვავებინა, თუმცა, მათდა გასაოცრად, პროცესში მხოლოდ 2 გორგლურა ერთვებოდა. საგულისხმოა, რომ მკვლევრებმა ექსპერიმენტები არაერთხელ გაიმეორეს უფრო მეტ ადამიანსა თუ ცხოველზე, შედეგი კი უცვლელი დარჩა.
ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ კოღოები ორ ქიმიურ ნივთიერებას, დეკანალსა და უნდეკანალს, ცნობენ, რომლებიც ადამიანის სუნში ჭარბადაა და, სავარაუდოდ, არა ოფლისგან, არამედ ადამიანის კანის უნიკალური ლიპიდებისაგან წარმოიქმნება.
საბოლოო ჯამში, შესაძლოა, კვლევა მეცნიერებს კოღოების საწინააღმდეგო ახალი საშუალებების შექმნაში დაეხმაროს.