ჰელიოსისტემების დამონტაჟებით მოსახლეობას გადასახადები 30%-ით შეუმცირდება

ჰელიოსისტემების დამონტაჟებით მოსახლეობას გადასახადები 30%-ით შეუმცირდება

ენერგოეფექტური ტექნოლოგიების მასობრივი დანერგვა საქართველოში აქტუალური გახდა. ჰელიოსისტემის დანადგარის დამონტაჟების საპილოტე პროექტი რამდენიმე დღეში თემქაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში განხორციელდება და შემდეგ უკვე მთელ დედაქალაქს მოიცავს.

ჰელიოსისტემების დანერგვასთან დაკავშირებით For.ge-ს საკრებულოს წევრი კახა ბროკიშვილი ესაუბრება.

- ზამთარში გასათბობ საშუალებებზე ჩვენი მოსახლეობის დანახარჯი ძალიან დიდია. მაინცდამაინც ეფექტური ვერ აღმოჩნდა ვერც დენის და ვერც გაზის ტარიფის შემცირება. შესაბამისად, ახალი პროექტი, რომლის პროექტირებაც უკვე დასრულებულია და დაახლოებით ათ დღეში თემქის კონკურეტულ კორპუსში დაიწყება ამ პილოტპროექტის განხორციელება, ითვალისწინებს ცენტრალური სისტემიდან ცხელი წყლისა და გათბობის მიწოდებას. ქვაბს ცენტრალიზებულად დადგამენ სახლის სახურავზე და მასთან ერთად იქნება მზის სისტემები, ე.წ. ჰელიოსისტემები. ცხელი წყალი მიეწოდება მოსახლეობას ამ ქვაბიდან და ჰელიოსისტემიდან, რაც საშუალებას მისცემს ხალხს, მინიმუმ, 30%-ით შეამციროს გადასახდი ცხელ წყალსა და გათბობაზე. მოგეხსენებათ, მოსახლეობა ყველაზე მეტ თანხას ენერგომატარებლებისთვის იხდის და დიდი ხარჯის გაღება უწევთ ცხელი წყლისა და გათბობისთვის, განსკუთრებით, ზამთარში, როცა გათბობა ჩართულია. ეს ნიშნავს, რომ, თუკი საშუალოდ 100 ლარი უჯდება თვეში მობინადრეს გათბობისა და ცხელი წყლის მოხმარება, ამ სისტემის მიხედვით, დაუჯდებათ დახლოებით, 65-70 ლარი. რაც მთავარია, აღარ მოხდება ფატალური შემთხვევები, როცა ზამთარში გათბობის ან ცხელი წყლის მოხმარების შედეგად უამრავი ადამიანი გაზით მოწამლულა, ზოგიერთი გარდაცვლილა კიდეც. ცენტრალური სისტემიდან მიწოდებული ცხელი წყალი და გათბობა ითვალისწინებს იმას, რომ გაზთან მოსახლეობას შეხება ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა იგი საჭმელს მოამზადებს, ან წყალს აადუღებს, ხოლო სითბური ენერგიისა და ცხელი წყლის დამუშავება მოხდება სახლის სახურავზე და იქიდან მიეწოდება მოსახლეობას. ეს კი მათი ჯანმრთელობისთვის საზიანო აღარ იქნება.

დასავლეთის ცალკეულ ქვეყნებში ეს პრაქტიკა უკვე დანერგილია, საქართველოსთვის კი, ცალკეულ გამონაკლისთა გარდა, ეს ჯერ კიდევ ინოვაცია ითვლება.

- დასავლეთის დიდ ქალაქებში სწორედ ეს პრინციპი მოქმედებს, განსაკუთრებით, მზიან ქვეყნებში მუშაობს ჰელიოსისტემები, ხოლო ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც მზე სითბოს შედარებით ნაკლებად გამოსცემს, უკვე ახალი ტექნოლოგიებია დანერგილი და პირდაპირ მიწიდან, ან ჰაერიდან იღებენ სითბოს, ოღონდ ეს ტექნოლოგია ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე ჰელიოსისტემა. ჩვენ კი მზის ქვეყანა ვართ, ამიტომ შეგვიძლია მზის სისტემების დანერგვა.

ჰელიოსისტემის ამოქმედება როგორ მოხდება ზამთარში, როცა მზიანი დღეები შედარებით ნაკლებია?

- ზამთარში მზიანი დღეები შედარებით ნაკლებია, შესაბამისად, ენერგიაც მეტი სჭირდება, რომ ცხელი წყლის გარდა, მოსახლეობის გათბობასაც მოხმარდეს. თუმცა, თუკი ცა მთლიანად მოღრუბლული არ არის და თოვლი არ მოდის, საქართველოში ზამთარშიც ძალიან ბევრი მზიანი დღეა. შეიძლება, მოქუფრული იყოს დღე, მაგრამ ჰელიოსისტემა მაინც იღებს სითბოს. ასე რომ, ცხელი წყლის დიდ ნაკადს და გათბობის გარკვეულ ნაწილს უზრუნველყოფს, ხოლო დანარჩენ ნაწილს, რასაც ზამთარში ვერ მოერევა, უკვე სახურავზე მდგარი ცენტრალიზებული ქვაბი განახორციელებს. ჩვენ ევროპული ქვაბები ჩამოგვაქვს, იტალიური და გერმანული ქვაბები, რაც ტექნოლოგიურად დახვეწილია და ნაკლები ენერგიის დახარჯვის საშუალებით გამოიმუშავებს მეტ ენერგიას, ხოლო მზის სისტემა - ჰელიოსისტემა, რომელიც პარალელურ რეჟიმში მუშაობს ამ ქვაბთან ერთად, საერთოდ არ მოითხოვს გაზის დანახარჯს. ის მზისგან იღებს ენერგიას და მიღებულ ენერგიას გადაამუშავებს და გადასცემს გათბობის სახით.

თემქის შემდეგ რომელ უბნებში განახორციელებთ თქვენს პროექტს?

- პირველ რიგში, ეს თბილისის კორპუსებზეა გათვალისწინებული. ანალოგიურად ეს შეიძლება განხორციელდეს ქუთაისში, ბათუმში, სადაც კორპუსული დასახლებებია, რადგან კერძო სექტორში უკვე ინდივიდუალური ქვაბები და სისტემებია საჭირო. კორპუსების სახურავზე კი შესაძლებელია ცენტრალიზებული ქვაბის და ჰელიოსისტემის განლაგება.

ისტორიულ ძეგლებზე მათი დამონტაჟება როგორ მოხდება, რომელიც ბევრად უფრო მოსაფრთხილებელია, ვიდრე კორპუსები და, სადაც ჭერის სიმაღლის გამო ხშირად გათბობის ხარჯები ორჯერ მეტია?

- თვითონ ეს ქვაბი და ჰელიოსისტემა ძალიან მძიმე ან მოუქნელი არ არის, რომ დააზიანოს ან გააფუჭოს ძეგლი. წარმოიდგინეთ, ეს ქვაბი ორკარიანი მაცივრის მოცულობისაა და წონითაც მოზრდილი მამაკაცის ანალოგიურია, 100-120 კილო შეიძლება იყოს. ტექნოლოგიები იმდენად კარგად ვითარდება, რომ მისი გამოყენება უკვე ყველგან შესაძელებელია. უბრალოდ, ჩვენ გვინდა, პრეცენდენტი შევქმნათ თბილისში, რომ შემდგომში ამ პროექტმა გავრცელება დაიწყოს მთელ ქვეყანაში.

საპილოტე პროექტის სახით პირველად თემქა რატომ შეარჩიეთ?

- გვინდოდა, ეს პროექტი პირველად იმ უბანში განხორციელებულიყო, სადაც ყველაზე მეტი კორპუსია. გარეუბნებში ასეთი კორპუსები გვხვდება გლდანში, მუხიანში, თემქაზე, ისანში, სამგორში. თვითონ მუხიანსა და გლდანში არის გაზის კომპანია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც მე ვარ. ეს ყაზტრანსგაზისგან დამოუკიდებელი სადისტრიბუციო კომპანიაა. მოგეხსენებათ, ეს საპილოტე პროექტია, ბიუჯეტი ხარჯავს ამისთვის ფულს და არ მინდოდა, საპილოტე პროექტი ძალიან ძვირი ყოფილყო. ამის გათვალისწინებით, თემქაზე ერთი საინტერესო კორპუსი აღმოჩნდა, რომელიც ერთსადარბაზოიანია. ამ ტიპის კორპუსი მუხიანშიც არის, მაგრამ ის ძალიან მაღალი, 16-სართულიანია. ეს კი 9-სართულიანია, ერთი სადარბაზოთი და 34 ოჯახით. ამიტომ ნაკლები ხარჯი უწევს ამ პროექტის განხორციელებას და თანაც, გაზის გამანაწილებელ ქვესადგურთანაც ახლოსაა.

იტალიური და გერმანული ქვაბები, სავარაუდოდ, რა დაჯდება? მობინადრეებმა უნდა გაიღონ მათ დასამონტაჟებლად თანხები?

- თვითონ ამ ქვაბებს ინდივიდუალური მრიცხველი ექნებათ როგორც სითბური ენერგიის, ისე ცხელი წყლისთვის. მრიცხველის მიხედვით, ყველას ინდივიადუალურად მოუწევს თანხის გადახდა. ეს საკმაოდ ძვირადღირებულია და ჩვენს მოსახლეობას ძალიან გაუჭირდება ამ თანხის გაღება. თუმცა არსებობს მერიის პროექტები, სადაც მოსახლეობის თანამონაწილეობით ხორციელდება ცალკეული სამუშაოები. თუ ადრე მოსახლეობას 30% უნდა დაედო თანამონაწილეობისთვის, ამჟამად მობინადრეთა თანამონაწილეობა შემცირდა 15 %-მდე. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, შარშან ვაუჩერები დაურიგდა მოსახლეობას, რაც ქალაქის მუნიციპალიტეტს 47 მილიონი ლარი დაუჯდა. ეს „ლომკაში“ მყოფი ნარკომანისთვის წამლის მიცემას ჰგავდა, რომელიც ისევ იმ მდგომარეობაში რჩება. ანუ ხალხს ერთხელ გადაუხადეს 47 მილიონი ლარი და ეს ფული ჰაერში გადაყრილი აღმოჩნდა, რაღაც პერიოდი კი წაეშველა მოსახლეობას, მაგრამ შემდგომ პერიოდში პრობლემა ისევ გადაუწყვეტელი დარჩა. ამიტომ აჯობებს, ასეთ გრძელვადიან პროექტებში იხარჯებოდეს ფული და მოსახლეობა დიდხანს იყოს უზრუნველყოფილი ცხელი წყლითა და გათბობით. გარდა ამისა, არსებობს კიოტოს პროტოკოლის ქვეყნები, 1997 წელს მოხდა ამ ქვეყნების გაერთიანება. ეს ქვეყნები სითბური გამოფრქვევების წინააღმდეგ იბრძვიან. ამიტომ შესაბამისი მექანიზმების ამუშავების შემდეგ, შესაძლებელია საერთაშორისო დონორების მეშვეობით გრანტის სახით მოიზიდოს ჩვენმა სახელმწიფომ თანხები და ბიუჯეტს ეს ფული არაფერი დაუჯდება. ანუ სახელმწიფო გაიღებს ამ ხარჯებს და კიოტოს პროტოკოლის ქვეყნებიდან მიიღებს ამავე თანხას.

სავარაუდოდ, თბილისის კორპუსებს რა რაოდენობის ქვაბი დასჭირდება და თითო ქვაბი რა დაჯდება?

- თბილისში 4 ათასზე მეტი კორპუსია, აქედან დაახლოებით 500 კორპუსი ავარიულ მდგომარეობაშია და მათ სხვა სამუშაოები სჭირდება, ან მათ ნაცვლად ახალი კორპუსები უნდა აშენდეს. თბილისში ზოგიერთი კორპუსი ერთსადარბაზოიანია, ზოგი კორპუსი - ორი, ხუთი და რვა სადარბაზოიანი. ამიტომ ძნელია იმის თქმა, რა რაოდენობის ქვაბი დასჭირდება ამ კორპუსებს. ზოგიერთ დიდ კორპუსს დასჭირდება სამი ან ოთხი ქვაბი. სავარაუდოდ, ათი ათასი ქვაბი იქნება საჭირო მთელი თბილისისთვის, თუმცა ეს ზერელე ციფრია. ერთი ქვაბის ღირებულება კი დაახლოებით 30 ათას ლარამდეა, მაგრამ ეს საცალო ღირებულებაა. თუკი ჩვენ ამას თბილისის მასშტაბით დავნერგავთ, უკრაინელებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, ისინიც აწარმოებენ ანალოგიურ ქვაბებს და ამ ქვაბების დასამზადებლად საწარმოები ადგილზევე აეწყობა, რაც ფასებს გაანახევრებს.

ამ პროექტის ინიციატორი მერიაა თუ საკრებულო?

- საკრებულოდან ეს ინიციატივა წამოვიწყე მე, როგორც საკრებულოს წევრმა. მეგობრებთან ერთად რამდენიმე წელია, ამ საკითხებზე ვმუშაობ. სამშენებლო კომპანია „აქსისთან“ ერთად ამ კუთხით გარკვეული სამუშაოებიც ჩავატარეთ ერთ-ერთ კორპუსზე, ქალაქის მერმა დაუჭირა ამ ინიციატივას მხარი და ახლა პირველ საპილოტე პროექტს ვახორციელებთ თემქაზე.

ისტორიულ ძეგლებში, რომლებიც ხშირად ორ და სამსართულიანია და, შესაბამისად, მობინადრეთა რაოდენობაც ნაკლებია, თანადაფინანსების მექანიზმი ასეთ დიდ თანხას როგორ გაწვდება?

- ამ შემთხვევაში, როცა ისტორიული ძეგლია, ბუნებრივია, ბიუჯეტმა უნდა იზრუნოს, რომ ისტორიულ ძეგლზე დაიდგას ქვაბი. მესმის, რომ ზოგიერთ ძეგლში შესაძლოა, ოთხი-ხუთი ოჯახი ცხოვრობდეს, ამიტომ სახელმწიფომ თავად უნდა იზრუნოს ასეთ შემთხვევებზე.

თბილისის მასშტაბით ამ პროექტის დასრულებას როის ელით?

- თბილისისთვის ეს დაახლოებით ათწლიანი პროექტია. შეგახსენებთ, 1994-95 წლებში თბილისში დაიწყო ხელახალი გაზიფიცირების პროცესი, რასაც ათი წელი დასჭირდა. ანალოგიურად, დაახლოებით ათი წელი დასჭირდება ამ პროექტის მთლიანად განხორციელებას.

პარალელურად, გაზის და ელენერგიის ძველი მრიცხველები დარჩება?

- გაზის მრიცხველი დასჭირდებათ მხოლოდ იმისთვის, როგორც კომუნისტების დროს სჭირდებოდათ, რათა კერძი მოემზადებინათ და ჩაი აედუღებინათ. სითბოსა და ცხელი წყლისთვის კი დაუმონტაჟდებათ ცალკე ინდივიდუალური მრიცხველები, რომელიც გარეთ გამოტანილი იქნება და ვიმეორებ, მინიმუმ, 30%-ით შეამცირებს გადასახადს.

წლების განმავლობაში ამ ქვაბებს გაწმენდა არ დასჭირდება?

- ამისთვის შესაძლებელია შეიქმნას სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც ამაზე იზრუნებს.