მართლმადიდებლობის ”კეთილისმსურველებმა” პატრიარქზე მორიგი შეტევა წამოიწყეს

მართლმადიდებლობის ”კეთილისმსურველებმა” პატრიარქზე მორიგი შეტევა წამოიწყეს

”დაანთე პატრიარქის სახელზე სანთელი, ისევ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ძალიან მძიმედ არის. ყველას მიწერე სანთელი დაანთონ და ილოცონ მის გადასარჩენად. უფალო იესო, ძეო ღვთისაო, შემიწყალენ მე ცოდვილი და ისმინე ჩემი ვედრება. გამოაჯანმრთელე და გააძლიერე უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე”  

აღნიშნული გზავნილი, დაფარული ნომრით, მობილურ ტელეფონზე დღეს ბევრმა ადამიანმა მიიღო, თუმცა არავინ იცის ვინ არის გზავნილის ავტორი. აღსანიშნავია ისიც, რომ პატრიარქის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მსგავსი შინაარსის ინფორმაცია პირველად არ გავრცელებულა, რაც თითქმის, არასდროს დასტურსდებოდა.

ინფორმაცია საპატრიარქოში გადავამოწმეთ და, რა თქმა უნდა, არც ამჯერად დადასტურდა. პატრიარქი თავს კარგად გრძნობს და შობის წინა დღეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას და დევნილებს დამდეგი შობის დღესასწაული მიულოცა და დალოცა.

რას ისახავს მიზნად ამ ტიპის ინფორმაციის მოსახლეობაში გავრცელება, არც თუ ძნელი გამოსაცნობია, მაგრამ მისი ავტორები, საზოგადოების მხრიდან, ყოველთვის საპირისპირო განწყობას რომ იღებენ, ვიდრე მათი ჩანაფიქრია, ესეც ფაქტია.

პატრიარქის წინააღმდეგ გალაშქრებამ იმდენად სისტემატური სახე მიიო, რომ ამჯერადაც, პატრიარქის ჯანმრთელობაზე ”მზრუნველნი” ერთ კონკრეტულ ჯგუფთან ასოცირდებიან - მათთან, ვინც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ ილაშქრებენ და ვისაც მოსვენებას უკარგავს საზოგადოებაში პატრიარქის მაღალი ავტორიტეტი.

პარლამენტარ დიმიტრი ლორთქიფანიძეს აღნიშნული გზავნილი არ მიუღია, მაგრამ მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, როდესაც ინფორმაცია ჩვენგან შეიტყო.

”პირველ რიგში, მე ვარ საქართველოს ეკლესიის წევრი, და შემიძლია გითხრათ იმ მორალური ატმოსფეროდან გამომდინარე, რაც ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში სუფევს, ამ გზავნილების ავტორები არ არიან ჯანსაღი ძალები და მათ არ აქვთ საპატრიარქოდან კურთხევა. მსგავსი ინფორმაცის გავრცელება არის კონკრეტული ძალების ინტერესი, რომ საზოგადოებაში ნიჰილიზმი, შიში და უიმედეობა დათესონ.

საზოგადოებაში შიშის დათესვა კარგად აპრობირებული მეთოდია გარკვეულ ძალებში და სწორედ ამას ემსახურებოდა ვეტერანების აქციებზე ქალბატონ ეკა მათიაშვილის ცემის ფაქტიც. ყველამ მოვისმინეთ, რა არაადეკვატური განცხადებები აკეთეს ამ ფაქტთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრებმა. როდესაც ამდენი შეხვედრა და კონფერენცია ეძღვნება საქართველოში გენდერული თანასწორობის თემას, მე მივმართავ ქალბატონ რუსუდან კერვალიშვილს, რომ გამოვიდეს და დაგმოს აღნიშნული ფაქტი.

რაც შეეხება აღნიშნულ გზავნილს, იგი პატრიარქის წინააღმდეგ არის მიმართული. ესეც ერთ-ერთი ინსტრუმენტია, ისევე, როგორც ”მამა ბუასილის” სახელით, youtobe-ზე გავრცელებული ათასგვარი უხამსობა ჩვენი პატრიარქის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი არის ჩვენი მოსახლეობის შეურაცხყოფა, შურაცხყოფა ჩვენი ეკლესიის და მართლმადიდებლობის და შეურაცხყოფა ნებისმიერი აღმსარებლობის”, - ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე.