ბათუმი. ბებერი საქართველო ბულვარში ზის და თვლემს. ისმის საბურავების შრიალის ხმა და რამოდენიმე წამში არხეინი მიშა შემოგრიალდება ველოსიპედით. ირგვლივ შავებში გამოწყობილი, ზორბა მამაკაცები ნერვიულად მიდი მოდიან. იქვე ტრიალებენ „რუსთავი 2“ და „იმედი“.
მიშა: სალიუტ ბებერო.
საქართველო: გაგიმარჯოს.
(მიშა შენიშნავს უცნობ მამაკაცს, რომელიც მათგან არც თუ შორს დგას. ასეთ სიახლოვეში უცხო პირის მოხვედრა, უსაფრთხოების თვალსაზრისით მიუღებელია და ამიტომ მიშა შავოსნებს მიმართავს )
მიშა: მოაშორეთ ეს კაცი აქედან.
(შავოსნები მიიხედ მოიხედავენ, მერე მხრებს აიჩეჩავენ და მიშას მიაჩერდებიან)
საქართველო: ეგენი მაგ კაცს ვერ დაინახავენ.
მიშა: რატომ?
საქართველო: იმიტომ, რომ უხილავია მაგათთვის.
(მიშა შეცბუნებულია)
მიშა: რას ქვია უხილავია, მე რომ ვხედავ?
საქართველო: შენ იმიტომ ხედავ, რომ მან ასე ისურვა.
(მიშა აღშფოთებულია)
მიშა: ეგ ვინ ჩემი ფეხებია, რო?
(საქართველო ტუჩებთან მიიტანს თითს)
საქართველო: სტალინია მიშა.
(მიშა გაფითრდება. თითქმის იმავ წამს, ჯინსის უბე გაუმუქდება, მერე სისველე შარვლის ტოტს ჩაყვება და მიწაზე გუბედ გაიშლება)
საქართველო: რა იყო მიშა, რა დაგემართა ?
(გაოგნებული მიშა თვალებზე აიფარებს ხელებს)
მიშა: გორში ძეგლი, რომ ავიღე იმის გამო მოვიდა?
საქართველო: არა, ეგ ინფორმაცია საიქიოში ჯერ არ მისულა.
(მიშა პანიკაშია)
მიშა: მაშ რა უნდა?
(საქართველო მხრებს აიჩეჩავს)
მიშა: წავედი კაროჩე და თუ მიკითხავს, არ ვიცი სად არის თქო უთხარი.
საქართველო: გვიანია, უკვე შეგამჩნია და ჩვენსკენ მოდის.
მიშა: ვახ ჩემი, რა ვქნა ახლა?
საქართველო: არაფერი, უბრალოდ მედგრად დადექი.
მიშა: როგორ?
საქართველო: როგორ და პარლამენტში ბაღათურიას, რომ დაუდექი ისე.
(სტალინი მიდის მათთან)
სტალინი: გამარჯობათ, ამხანაგებო.
საქართველო: გაგიმარჯოს, სოსო.
(სტალინი ახლა მიშას გახედავს)
სტალინი: ამას რა სჭირს?
საქართველო: მაგას ბევრი რამე სჭირს.
სტალინი: ჩამოუშვი ხელები ბიჭო.
(მიშა ხელებს დაუშვებს და აიწურება. სტალინი ხელს გაუწვდის)
სტალინი: გამარჯობა, ამხანაგო მიშა.
მიშა: (აკანკალებული ხმით) გაგიმარჯოს ბესარიონოვიჩ.
სტალინი: მე შენთვის ბესარიონოვიჩი არ ვარ.
(მიშა ხვდება, რომ შეცდომა დაუშვა. უმალ გაიჯგიმება და მონდომებით ამოიძახებს)
მიშა: გამარჯობა ამხანაგო პროლეტარიატის დიდო ბელადო.
საქართველო: (სიმწრით) უხ თქვენი.
სტალინი: ვაა... შენ ძველებურად უკმაყოფილო ხარ, ბებერო?
მიშა: ხო რა ბელადო. ამისმა წუწუნმა ტვინი წაიღო.
სტალინი: (მკაცრად) შენ გაჩუმდი!
(მიშა კვლავ აიტუზება)
საქართველო: თქვენ რა, წუწუნსაც მიკრძალავთ?
სტალინი: არა, იწუწუნე რამდენიც გინდა. ჩვენი რა მიდის რო, ასე არ არის ამხანაგო მიშა?
მიშა: დიახ, ეგრეა, ბელადო.
(სტალინი ძირს დაიხედავს)
სტალინი: ეს გუბე შენ დააყენე?
საქართველო: ხო, მაგან დააყენა, შენდამი პატივისცემის ნიშნად.
(მიშას არ სიამოვნებს საქართველოს სიტყვები)
მიშა: ტყუის ბელადო, უბრალოდ გამეპარა.
სტალინი: კარგი. შენ არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი, ვისაც მაგნაირი რამეები ემართება ჩემს დანახვაზე. შევცვალოთ საუბრის თემა. მითხარი, რა გეგმები გაქვს და საერთოდ რას უპირებ ქვეყანას.
საქართველო: გადაშენებას მიპირებს.
მიშა: ისევ ტყუის ბელადო. მე ვქმნი ახალ ადამიანს, მე ვაშენებ გზებს...
საქართველო: და, პარალელურად, ხალხს აშანტაჟებს, აყაჩაღებს და შიგადაშიგ ხოცავს.
მიშა: ეგრე იცის შენებამ, მსხვერპლს მოითხოვს. დაგავიწყდა ზურაბისა და სურამის ციხის ამბავი?
საართველო: - ერთი ზურაბი შენც ხომ შეიწირე?
მიშა: (სტალინს) - მერე რა? უყურე ერთი ამას ბელადო. აი, შენ მინდა გკითხო. მაგალითად, ყოველ ას კილომეტრ ახალ გზას ერთი კაცის სიცოცხლე რომ შევწირო ბევრია?
სტალინი: ერთი კაცის სიკვდილი ნამდვილად ტრაგედიაა, მაგრამ ასზე მეტის სიკვდილი სტატისტიკაა და სხვა არაფერი. (საქართველოს მიუტრიალდება) რა გინდა ამ ბავშვისგან? რა არ მოგწონს? ჩემ საქმეს აგრძელებს, თურმე. თავის დროზე მე ჩავუყარე საფუძვლი ყველაფერ ამას.
საქართველო: ზუსტად. შენი აპოლოგეტია. მართალია, შენ, რომ გაჟუჟე იმდენი ხალხი ჯერ არ გაჟუჟია, მაგრამ...
(სტალინი აწყვეტინებს სიტყვას საქართველოს)
სტალინი: აბა როგორ გინდა, ბებერო? მსხვერპლი, წინსვლის თანმდევი პროცესია. ხომ გაგიგონია, лес рубят – щепки летят.
(მიშა აღფრთოვანებულია)
მიშა: ხო რა, ამას კიდე ერთდროულად ჩიჩიც უნდა და ბაბაც.
საქართველო: (ხვნეშით) უხ თქვენი!
მიშა: აი, ხედავ ბელადო, სულ ასე ქშინავს და გასაქანს არ მაძლევს.
სტალინი: გაჩუმდი, მეც მაქვს შენთან პრეტენზიები. რაც მომწონს მომწონს, მაგრამ ისეთი რამეებიც გავიგე, რაზედაც განმარტებები მჭირდება.
მიშა: (მორჩილად) გისმენ ბელადო.
სტალინი: მშენებლობებზე ვილაპარაკოთ. მაგალითად, მითხრეს თბილისში და ბათუმში აგებული შენობები ფალოსებს გვანანო.
საქართველო: გვანან კი არა, ნამდვილად ფალოსებია.
სტალინი: აცადე, ბებერო, თვითონ მიპასუხოს.
მიშა: გიპასუხებ ბელადო. ეგ ნაგებობები სიმბოლიკაა. მაგით მე იმისი თქმა მსურს, რომ ერი, რომელიც პროგრესისკენ ისწრაფვის, მუდმივად შემართულ ანუ ერექციულ მდგომარეობაში უნდა იყოს.
(სტალინი ერთხანს ჩაფიქრდება)
სტალინი: ფსიქიატრთან თუ ხარ ნამყოფი ბიჭო შენ?
მიშა: დიახ, უცხოელი ფსიქიატრები მყავს და ისინი კმაყოფილები არიან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით.
საქართველო: შენი მდგომარეობით არ ვიცი, მაგრამ გასამრჯელოთი ნაღდად კმაყოფილები არიან.
სტალინი: კარგია თუ ეგრეა. ახლა ის მითხარი რუსეთთან ომი რატომ გააჩაღე, რისი იმედი გქონდა?
მიშა: პუწინმა გადამაგდო, ბელადო. მითხრა ცხინვალი არ მაინტერესებს, შენთვის დამითმიაო, მაგრამ, როგორც კი შევედი იქ, ისეთი ალიყური გამაწნა, რომ თავი დღესაც მიხურს.
საქართველო: ეს სიმართლეა. თავი ნაღდად უხურს.
სტალინი: გამოდის, რომ რუსეთს მტრობ.
საქართველო: სიტყვით ხო, საქმით არა. დაყიალობს აღმა დაღმა და ყველგან გაძახის რუსეთი ოკუპანტია, რუსეთი ოკუპანტიაო. სინამდვილეში კი, ტერიტორიების გარდა რაც კი ღირებული მქონდა ლამის ყველაფერი იმათ აჩუქა.
სტალინი: მაგალითად?
საქართველო: ენგურჰესი, თბილისის წყალი, მადნეული და ღმერთმა უწყის კიდევ რამდენი რამ.
სტალინი: ეს სიმართლეა?
მიშა: არა, არ მიჩუქნია, ბელადო, უბრალოდ მივყიდე. შეძლება ცალკე დაგელაპარაკო?
(სტალინი თავს უქნევს თანხმობის ნიშნად და ორივენი გვერდზე გადიან. ერთხანს საუბრობენ და მალევე ბრუნდებიან უკან )
სტალინი: მომისმინე, ბებერო, შენ პოლიტიკაში ვერც ადრე ერკვეოდი და როგორც ვატყობ, ვერც ახლა ერკვევი. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ხშირად შავი თეთრად მოგეჩვენოს და პირიქით.
საქართველო: რაში ვერ ვერკვევი, ნატო და ევროკავშირი სიაფანდი როა, იმაში?
სტალინი: საღოლ, ძველო. ყურები გამოგიფხეკია. ეგრეა და ეგრეც უნდა იყოს. დამშვიდდი და კარგად მომისმინე. ამხანაგი მიშა ყმაწვილი კაცია, შესაძლოა ბევრ რამეში შეცდეს და ერთი-ორი კაცი შემოაკვდეს კიდეც, მაგრამ შენ ამან არ უნდა გაგაწიწმატოს. პირიქით, უნდა მოეფერო და დაუყვავო.
საქართველო: ვცადე ეგეც, მაგრამ, რამდენჯერაც გადაუსვი თავზე ხელი, იმდენჯერ მთლად გადაირია.
(სტალინი იცინის)
სტალინი: რაო, ცელქი ხარ ბიჭო?
(მიშა ცხვირზე გაისვ გამოისვამს ხელს)
მიშა: არა ბელადო, უბრალოდ მაგარი ვარ.
სტალინი: მაგას შენ ამბობ თუ ხალხი?
მიშა: ხალხი ამბობს, ერთმა თანამედროვე მუსიკოსმა ოდაც კი მომიძღვნა „მიშა მაგარია...“
საქართველო: მართალია, არის ეგეთი ჩიტირეკია მუსიკოსი, გოგა ჰქვია.
სტალინი: არ მაინტერესებს მუსიკოსები. (მიშას) აბა, მითხარი, თავად შენ რაში ხარ მაგარი.
საქართველო: მე გეტყვი - ტრაბახში, ტყუილებში, ჰალსტუხების ჭამასა და განსაკუთრებით ფორთხვაში.
სტალინი: (გაოცებით) ფორთხვაში? ოოო... ფორთხვა მხედართმთავრისთვის ერთ ერთი უსაჭიროესი ჩვევაა. ეგ რომ შემძლებოდა გაცილებით მეტ წარმატებებს მივაღწევდი. და, რა სისწრაფით ფორთხავ?
მიშა: (ამაყად) მაგალითად გორში, რუსული თვიმფრინავის ხმა, რო გავიგე ისე მოვხიე რო დაცვის ვერც ერთი წევრი ვერ დამეწია.
სტალინი: კარგი ერთი.
მიშა: (კვლავაც ამაყად) ნაღდია.
სტალინი: საღოლ ბიჭო. მერე, დაგიფასა ხალხმა ეგ თავგანწირული ნაბიჯი?
მიშა: დიახ, მეორე ვადით ამირჩიეს პრეზიდენტად.
სტალინი: მალადეც. კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. მიდი ერთი ხვანჭკარა მოიტანე და აღვნიშნოთ ჩვენი შეხვედრა.
მიშა: (ეშმაკურად) რომელი, თეთრი თუ შავი?
სტალინი: რა თქვი?
საქართველო: რაც გაიგე ის თქვა. აბსურდების სპეციალისტია.
მიშა: რა აბსურდი, მარკეტინგული ტრიუკია, ბელადო.
სტალინი: ეგ რაღა ჯანდაბაა?
მიშა: რა და... (იშმუშნება) შეიძლება, ბელადო, ილუზორულად ერთი თანამდებობა შემოგკადრო?
სტალინი: მიდი, აბა.
მიშა: დიდი მადლობა. წარმოიდგინე, ბელადო, რომ შენ ხარ ბათუმი-ლაივის ტოპ მენეჯერი...
სტალინი: (საქართველოს) ქართველი მშობლები ჰყავს ამას?
საქართველო: დოკუმენტებით - კი.
სტალინი: საინტერესოა. (მიშას) კარგი, წარმოვიდგინე, რომ ვარ ბათუმი-ლაივის ტოპ მენეჯერი. მერე?
მიშა: ხოდა, შემოვიდა ვიღაც ტიპი რესტორანში და მოითხოვა ხვანჭკარა. შენ ეკითხები, რომელი გნებავთ, თეთრი თუ შავიო. რაკი თეთრი ხვანჭკარის, არც არსებობა გაუგია და არც გემოზე გაუსინჯავს, აუცილებლად დაინტერესდება და გეტყვის თეთრი მომიტანეო. შენ უპასუხებ, თეთრი წეღან გათავდა და ხვალ თუ მობრძანდები აუცილებლად მოგართმევო. რას იზამს ის ტიპი?
სტალინი: ხო, რა იზამს?
მიშა: რას და, მიირთმევს დღეს შავს და ხვალაც შემოივლის თეთრის გასასინჯად.
სტალინი: ეგ ხო ტყუილია!
მიშა: კია ტყუილი, მაგრამ იმედს აჩენს და ადამიანი ხვალინდელ დღეს ინტერესით ელოდება.
საქართველო: (თავის ქნევით) ქვეყანასაც ასე ატყუებს.
სტალინი: ვითომ ატყუებს? ისე, თუ კაცი ტყუილში ბედნიერად გრძნობს თავს, რა ფეხებათ უნდა სიმართლე?
(მიშა აღფრთოვანებულია)
მიშა: (საქართველოს ნიშის მოგებით) ესეც მე ვარ?
სტალინი: კარგი ბიჭი ყოფილხარ. მიდი ახლა, მოიტანე წეღან რაც გთხოვე.
(მიშა ველოსიპედს წამოაყენებს, მოაჯდება და ელვის სისწრაფით მოსწყდება დგილს. სტალინი თვალს გააყოლებს)
სტალინი: ამაზეა ნათქვამი. ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი ჯობდეს მამასაო.
საქართველო: ეგეთი არც მამა მინდა და არც შვილი.
სტალინი: კი, მაგრამ რას ერჩი ახლა ამ ბიჭს?
საქართველო: რასაც შენ გერჩოდი იმას. კიდევ კარგი, შენი მასშტაბების ვერ არი თორემ, ნაღდად დავიღუპებოდი.
სტალინი: ნუ წუწუნებ, ლექსებს თუ წერს ამხანაგი მიშა?
საქართველო: ლექსებს არა, გამონათქვამები აქვს.
სტალინი: მაგალითად?
საქართველო: მაგალითად, „... ეს არის დასაწყისის დასაწყისის, დასაწყისი...“ ან „მე მოვიტყვანე ქვეყნის გაზაფხული“ და ასე შემდეგ.
სტალინი: დიდი ვერაფერი გამონათქვამებია, მაგრამ არა უშავს.
(ამასობაში ღამდება. ენთება ლამპიონები. გაჩახჩახებულია იქაურობა. მიშა ბრუნდება ხვანჭკარის ბოთლით ხელში)
მიშა: გავხსნა, ბელადო?
(სტალინი თავს უქნევს თანხმობის ნიშნად)
სტალინი: ერთი ეს მითხარი, რა საჭიროა ამდენი ლამპიონი და პროჟექტორი ამ ერთი ციდა ქალაქში?
მიშა: თვალებში ვანათებ ხალხს ბელადო. დიდი შუქი აბრმავებს ადამიანს და ირგვლივ ნაგავს ვეღარ ამჩნევს.
სტალინი: (კმაყოფილებით) ჩამოასხი.
(მიშა ჩამოასხამს ღვინოს ორ ჭიქაში. სტალინი საქართველოსკენ გაიშვერს ხელს)
სტალინი: ამას არ უნდა?
მიშა: ეგ არ სვამს, წყლულები მაწუხებსო ასე ამბობს.
სტალინი: რა წყლულები?
მიშა: სოხუმს და ცხინვალს გულისხმობს. მოკლედ ტვინი წაიღო თავისი ჩივილებით. თავის დროზე შენ გაბრალებდა და ახლა მე მაბრალებს ტერიტორიების დაკარგვას. მე კიდევ საპასუხოდ რას ვეუბნები იცი?
სტალინი: რას?
მიშა: რუსთაველის სიტყვებს, „რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია“
სტალინი: მომწონს ამ ბიჭის ლოგიკა. (საქართველოს) შენ რას იტყვი?
საქართველო: რას და იმავე რუსთაველისას, „მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია“
მიშა: ხო,ხო,ხო, რა გაბუქება იცი.
საქართველო: (თავისთვის) ვახ ჩემი, თქვენ რა გასაჩენები იყავით. (თავს სინანულით გადააქნევს) არა, აბორტი უნდა გამეკეთებინა მაშინაც და ახლაც.
სტალინი და მიშა: (ერთხმად) რა სთქვი?
საქართველო: არაფერი.