„რუსებს საინფორმაციო ომი აქვთ დაწყებული, რომ თითქოს ევროპა მათი ენერგორესურსების გარეშე ვერ გაძლებს, რაც იმის მსგავსია, ბერლინს რომ მიადგა რუსის ჯარი და ჰიტლერი ირწმუნებოდა, მოსკოვს ვიღებთო“

„რუსებს საინფორმაციო ომი აქვთ დაწყებული, რომ თითქოს ევროპა მათი ენერგორესურსების გარეშე ვერ გაძლებს, რაც იმის მსგავსია, ბერლინს რომ მიადგა რუსის ჯარი და ჰიტლერი ირწმუნებოდა, მოსკოვს ვიღებთო“

ევროპელები შეშფოთებას ვერ ფარავენ, რომ უკრაინაში ომის პარალელურად რუსეთს გაუორმაგდა ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლები. ეს მაშინ, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო აპირებდა რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმას და აგრესორი სახელმწიფოს დასჯას ამ მეთოდით.

ევროპარლამენტარი იაკ მადისონი აცხადებს, რომ მან გადაამოწმა, თუ რა თანხას აძლევენ ევროპელები რუსებს ენერგორესურსებისთვის და სავალალო რამ აღმოჩნდა, თურმე ევროპელები სამჯერ მეტს უხდიან ოკუპანტს, ვიდრე ზუსტად ამავე პერიოდში 2021 წელს. ომის დაწყებიდან დღემდე გადამხდელთა სიაში პირველ ადგილზეა გერმანია, მეორეზე იტალია, მესამეზე თურქეთი, მეოთხეზე ნიდერლანდები. ეს ნიშნავს, რომ მილიონობით ევრო შედის რუსეთში ევროპიდან. ამ ფულით კი რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის წინააღმდეგ.

პარალელურად, ენერგიისა და სუფთა ჰაერის კვლევის ფინური ცენტრი CREA იტყობინება, რომ უკრაინაში ომის განმავლობაში რუსეთს გაუორმაგდა ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავალი. ფინური ცენტრის დასკვნის თანახმად, რუსეთი აგრძელებს ევროპის ენერგეტიკული დამოკიდებულების კაპიტალიზაციას და ეს ხდება ევროკავშირის ლიდერების მცდელობის მიუხედავად, რომ პუტინმა არ გამოიყენოს ენერგომატარებლები პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის ბერკეტად.

ამ კვლევის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებში ნავთობის, ქვანახშირისა და გაზის ექსპორტის წყალობით უკრაინაში მიმდინარე ომის ორი თვის განმავლობაში რუსეთმა 44 მლრდ ევროს შემოსავალი მიიღო. გასული მთელი წლის განმავლობაში რუსეთმა 140 მლრდ ევრო მიიღო, ანუ თვეში დაახლოებით 12 მლრდ ევრო.

ექსპერტები ამბობენ, რომ რაც მეტად შეზღუდავენ ნავთობისა და გაზის ექსპორტს, მით მეტად გაიზრდება მისი ფასი. ამდენად, არავითარი კოლაფსი არ ემუქრება რუსეთს.

სინამდვილეში, ენერგორესურსებზე უარის თქმის შემთხვევაში ელის თუ არა რუსეთს კრიზისი?

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი გიორგი კობერიძე აცხადებს, რომ უკვე აღარ იღებს რუსეთი ენერგორესურსებში კოლოსალურ თანხას, ომის პირველ დღეებში კი ნამდვილად იღებდა. რუსეთმა მოითხოვა ენერგორესურსებში ძალიან დიდი თანხა, მაგრამ მოგვიანებით რუსეთში სიტუაცია შეიცვალა და რუსეთმა თავადვე დაადო გაზის ემბარგო პოლონეთსა და ბულგარეთს, შესაბამისად, თვითონვე დაიწყო იმავე ტოტის მოჭრა, რომელზეც იჯდა. ამას დაემატა ამერიკის მხრიდან ძალიან გაცხადებული და ნათელი მინიშნება იმაზე, რომ ამერიკა გათხევადებულ გაზს მიაწვდის ევროპულ სახელმწიფოებს და ევროპარლამენტის გადაწყვეტილება, რომ უნდა დაიწყოს სასწრაფო წესით რუსული ენერგორესურსებიდან დამოუკიდებლობის მოპოვება.

„სამწუხაროდ, ევროპის შიგნით, კონტინენტურ ევროპაში ჯერ კიდევ არ არის მყარი კონსენსუსი მიღწეული ამ საკითხზე, რადგან ბევრ სახელმწიფოს, უბრალოდ, ეშინია საკუთარი მოსახლეობის, რომლებმაც შეიძლება გაიღვიძონ და არ ჰქონდეთ ცხელი წყალი სახლში, რადგან გაზზე იყვნენ დამოკიდებულნი, მაგრამ კონსენსუსი არსებობს, რომ რუსეთზე დამოკიდებულება დღეს არის ძალიან საშიში. ენერგორსურსების სრულ დამოუკიდებლობას დიდი დრო სჭირდება, თუმცა უკრაინა-რუსეთის საბრძოლო მოქმედებებმა დაგვანახა, რომ ევროპაშიც ყველაფერი ლაგდება. სავარაუდოდ, შემოდგომისთვის უფრო მეტად ხისტ და შედეგობრივ ღონისძიებებს უნდა ველოდოთ რუსულ ენერგორესურსებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა გიორგი კობერიძემ ჩვენთან საუბრისას.

საქართველოს საინჟინრო და ენერგეტიკის აკადემიების ნამდვილი წევრი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი პაატა ცინცაძე ეჭვობს, რომ რუსეთს ენერგორესურსებიდან შემოსავლები ეზრდებოდეს, თუნდაც მარტო იმიტომ რომ, გაზაფხულია და გაზის მოხმარება შემცირებულია.

„ძირითადად, რუსებს გაზი და ნავთობი აქვთ, ამ პერიოდში კი გაზის მოხმარება ისედაც შემცირებულია. რუსებს ახლა ჩინელების იმედი ჰქონდათ, რომ იქ გაყიდდნენ თავიანთ რესურსებს, მაგრამ ჩინელებს მესამედ ფასში უნდათ ენერგორესურსები. ჩინელების სახელმწიფოს სიმბოლოა კუ, ეს შემთხვევითი არაა, კუს შესაბამისად ჩინელებიც ნელ ნაბიჯებს დგამენ. ამერიკამ რუსულ ნავთობს უკვე ემბარგო დაადო და არ ყიდულობს. თუმცა რუსული ნავთობი ამერიკისთვის ისედაც ცოტა იყო, დაახლოებით 7%-ს ყიდულობდნენ, ძირითადი მომხმარებელი ახლა დარჩა ევროპა“, - აღნიშნა პაატა ცინცაძემ for.ge-სთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, ფიქალის გაზზე საუბარი ევროპაში დიდი ხანია მიმდინარეობს. ზუსტად რუსებმა დაბლოკეს ეს სამუშაოები, ათასნაირი არასამთავრობო ორგანიზაციები დააფინანსეს, მაგალითად, პოლონეთში, რომლებიც ფიქალის გაზის წინააღმდეგ გამოვიდნენ, ათასნაირი ზღაპრები მოიგონეს, ეკოლოგიას ავნებს, მიწისძვრებს გამოიწვევსო.

„ფიქალის გაზი, ანუ сланцевый газ იმიტომ ჰქვია, რომ ფენებშია ეს გაზი დარჩენილი და მის გამოღებაზეა საუბარი. ადრე მისი მოპოვების ტექნოლოგია საკმაოდ ძვირი იყო. თუ მიაწვდიან ევროპას, მხოლოდ თხევად და დაჭირხნულ გაზს. ამას გარდა, ძალიან დიდი პროექტი აქვთ გერმანელებს განახლებად ენერგიებთან დაკავშირებით, რაც სწრაფად არ მოხდება, მაგრამ დაწყებულია. რა თქმა უნდა, რუსული პროპაგანდა მიმდინარეობს, რომ თითქოს ევროპა უარს ვერ იტყვის რუსულ გაზზე, თითქოს 30 წელიწადი კიდევ ვერ ექნებათ განახლებადი ენერგიებისგან მიღებული ელექტროენერგია ევროპელებს, მაგრამ 2025 და 2030 წელს ამ სფეროში გარღვევა უნდა მოხდეს. 2030 წლამდე კი ბევრი დრო არაა დარჩენილი. ამდენად, ჩემი აზრით, ამ ეტაპზე არავითარი ზრდა რუსეთს არ აქვს ენერგორესურსებიდან, შემცირებულია მათი შემოსავალი. რაც შეეხება ევროპას, ალტერნატიული გზები უნდა ნახონ ევროპელებმა, პირველ რიგში, ეს არის ამერიკიდან მიღებული თხევადი და დაჭირხნული გაზი. მეორე, ეს არის აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან გაზის მიღება“, - აღნიშნა პაატა ცინცაძემ.

მისივე თქმით, რუსეთის ბიუჯეტის 80% არის ნავთობიდან და გაზიდან მიღებული შემოსავალი, ძირითადად მაინც ეს არის ნავთობი, მეორე ადგილზეა გაზი. რუსეთს აქვს კიდევ რამდენიმე ბუნებრივი რესურსი, მაგალითად, ურანი. აფრიკაშიც მოიპოვება ურანი, მაგრამ რუსები ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებლები არიან.

ამდენად, ფინური კვლევა იქნება, თუ ამერიკული, მის უკან რუსები დგანან, თუკი ამ კვლევებში საუბარია იმაზე, რომ ევროპა თურმე რუსული ენერგორესურსების გარეშე ვერ გაძლებს. პაატა ცინცაძის თქმით, რუსებს უზარმაზარი საინფორმაციო ომი ყველგან აქვთ დაწყებული. მათ ევროპარლამენტშიც ჰყავთ მოსყიდული დეპუტატები. თავის მხრივ, რუსებიც არ იტეხენ იხტიბარს, თითქოს არაფერი ემუქრებათ ენერგორესურსებზე ევროპის მხრიდან უარის თქმის შემთხვევაში. ეს ყველაფერი შიდა მოხმარებაზეა გათვლილი და დაახლოებით იგივეა, ბერლინს რომ მიადგა რუსის ჯარი და ჰიტლერი მაშინ ამბობდა, შეტევაზე გადავდივართ, მოსკოვს ვიღებთო.