უკვე 5 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კევინ სპეისი არაერთმა კაცმა სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. სკანდალში გახვევის შემდეგ, როგორც ჩანს, ამერიკული სილამაზის მსახიობი ჰოლივუდში ბრუნდება.
ოსკაროსანი მსახიობი ახალ ისტორიულ დრამაში, სახელად 1242 – Gateway to the West ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ეს ბრალდებების შემდეგ მისი პირველი მასშტაბური პროექტია. ახალი ფილმი ჩინგიზ ყაენის შვილიშვილის, ბათო ყაენის შესახებ მოგვითხრობს.
სექსუალური ძალადობის შესახებ არაერთი ბრალდების შემდეგ ნეტფლიქსმა მსახიობი 2017 წელს სერიალიდან ბანქოს სახლი (House of Cards) მოხსნა. აღნიშნული ბრალდებების მიუხედავად, დღემდე სასამართლოს მსახიობისთვის გამამტყუნებელი განაჩენი არ გამოუტანია: რამდენიმე პროცესი გაიმართა მის წინააღმდეგ, თუმცა სასამართლომ ის ან უდანაშაულოდ სცნო, ან უარი თქვა განხილვაზე, ან კიდევ ბრალმდებლის გარდაცვალების გამო შეწყდა გამოძიება.
კევინ სპეისის მონაწილეობით ბოლოს 2018 წელს გამოვიდა ფილმი Billionaire Boys Club (მილიარდერი ბიჭების კლუბი). ამის შემდეგ მან ეპიზოდური როლი შეასრულა ფილმში L’uomo Che Disegnò Dio.
ჯერჯერობით უცნობია, კევინ სპეისის ჰოლივუდში დაბრუნებას მხოლოდ ერთჯერადი ხასიათი ექნება, თუ მსახიობს უფრო მეტ პროექტში ვიხილავთ.