ნედ პრაისი: ნატოს ღია კარის პოლიტიკა განხილვას არ ექვემდებარება

ნედ პრაისი: ნატოს ღია კარის პოლიტიკა განხილვას არ ექვემდებარება

ნატოს ღია კარის პოლიტიკის გადახედვა არ იგეგმება - შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთდა. ჟურნალისტის კითხვაზე, რუსეთთან სამშვიდობო შეთავაზების მიზნით, იტყვის თუ არა შეერთებული შტატები ნატოს გაფართოებაზე უარს უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებით, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის​ ნედ პრაისი პასუხობს, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი ისე წამოიწყო, რომ პასუხი ვაშინგტონის მიერ წარდგენილ წინადადებებზე არ ჰქონდა გაცემული.

„ვიდრე ვლადიმერ პუტინი ომს წამოიწყებდა, ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მზად ვიყავით განგვეხილა ზოგიერთი საკითხი, რომელიც რუსეთმა მაგიდაზე დადო. იყო კონკრეტული ნაბიჯები, კონკრეტული დისკუსიები, რომლებიც, მიგვაჩნდა, რომ ხელს შეუწყობდა ტრანსატლანტიკური საზოგადოების უსაფრთხოებას და მოსკოვის ზოგიერთ პრობლემასაც გადაჭრიდა. რუსეთმა ამაზე უარი თქვა. რაც შეეხება ნატოს, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ ნატოს ღია კარი ღია კარს ნიშნავს. ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის და განხილვას არ ექვემდებარება“, - განაცხადა პრაისმა.