„თუ რამის დაბრალება შეიძლება თენგიზ ცერცვაძისთვის, ზედმეტი მუშაობა შეიძლება დააბრალო, ერთი კაპიკი სახლში არ შეუტანია, მისი ბინა რომ ნახოთ, ამაში თავადაც დარწმუნდებით“

„თუ რამის დაბრალება შეიძლება თენგიზ ცერცვაძისთვის, ზედმეტი მუშაობა შეიძლება დააბრალო, ერთი კაპიკი სახლში არ შეუტანია, მისი ბინა რომ ნახოთ, ამაში თავადაც დარწმუნდებით“

კოვიდპანდემიის დასრულების კვალდაკვალ თანამდებობა დატოვეს ცალკეულმა მედიკოსებმა. მათ შორის, რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ლევან გოფოძემ. საუბარი იყო იმაზეც, რომ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძეც აპირებდა თანამდებობის დატოვებას, რაც მოგვიანებით გადააფიქრებინეს. ეს მაშინ, როცა თენგიზ ცერცვაძე გულისტკივილს არ მალავდა „უსაფუძვლო ცილისწამების და ბრალდების გამო“, ვინაიდან იყო მცდელობა, მისთვის დაებრალებინათ, თითქოს ის მონაწილეობას იღებდა კოვიდის მართვისთვის გამოყოფილი 1 მილიარდი ლარის მითვისებაში, თითქოს ექიმები განგებ ხოცავდნენ კლინიკებში ავადმყოფებს. ცერცვაძე აცხადებს, რომ კუთვნილ დანამატსაც არ იღებდა, რათა სხვებს არ დაკლებოდა. უფრო მეტიც, ხანგრძლივი საექიმო საქმიანობის განმავლობაში ავადმყოფებისგან კანონიერი ჰონორარიც კი არ აუღია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ფიქრობს, რომ თენგიზ ცერცვაძე იმდენად დიდი პატრიოტია ქვეყნის და საკუთარი საქმის, რომ თანამდებობას არ დატოვებს. პირიქით, გამყრელიძე ელის, რომ სამედიცინო საზოგადოებას მადლობას ეტყვიან, რადგან ეს საზოგადოება 2 წლის განმავლობაში ფრონტის წინა ხაზზე იდგა. თუმცა, ამავდროულად, გამყრელიძეც იზიარებს, რომ თანხების ხარჯვა შესწავლილ უნდა იყოს.

მედიკოსების „საკუთარი ნებით“ წასვლა თანამდებობიდან ჯანდაცვის მინისტრის ერთ-ერთ ბოლო განცხადებას დაუკავშირდა, რომელშიც მან კოვიდის მართვის დროს საწოლების რაოდენობის ხელოვნურ ზრდასა და ცარიელ საწოლებში გადახდილ თანხებზე ისაუბრა. მინისტრ ზურაბ აზარაშვილის თქმით, 2 წლის განმავლობაში კოვიდპაციენტებისთვის მობილიზებული საწოლებიდან მინიმუმ 40%-ში სახელმწიფო ფულს იხდიდა ცარიელ საწოლებში.

რაც შეეხება ლევან გოფოძეს, მან თანამდებობის დატოვება საკუთარ ჯანმრთელობას დაუკავშირა და განმარტა, რომ მისი საავადმყოფო კოვიდ-კლინიკებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული იყო, თუმცა რაიმე დარღვევები მათთან არ აღმოუჩენიათ.

ინფექციონისტი გიორგი კამკამიძე თვლის, რომ კლინიკურმა ჯგუფმა თავი ვერ გაართვა კორონავირუსის მართვას, ამდენად, საჭიროა ღრმა ანალიზი. კამკამიძის თქმით, საქართველოში მაღალი სიკვდილიანობა იყო კოვიდის გამო და მცდარია მოსაზრება, თითქოს ჩვენ ყველაზე კარგად ვმართავთ ეპიდემიას. გარდა ამისა, გიორგი კამკამიძე ადასტურებს, რომ საქართველოში ზედმეტი ჰოსპიტალიზაციაც იყო, რადგან ბუნდოვანი იყო ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები. ამასთან, ქაოსი იყო პაციენტების მართვასთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი სასანია ვერ ადასტურებს, რა შეიძლება იყოს ცალკეული ინფექციონისტების თანამდებობიდან წასვლის მიზეზი, მაგრამ for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ მთლიან ანალიზს მოითხოვს, ჯანდაცვის ხარისხი როგორ იწარმოებოდა, რამდენად იყო ერთიანი სტანდარტი დაცული ყველა ჰოსპიტალში, რამდენად იცავდნენ თანამედროვე პროტოკოლებს და გაიდლაინებს, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ იყო შემოთავაზებული.

„ეს საკითხები შესასწავლია, რადგან სიკვდილიანობის მაჩვენებლით ჩვენი ქვეყანა მეშვიდე ადგილზეა. პიროვნულად ვერ ვიტყვი, თითოეული, ინდივიდუალური ექიმი, მათ შორის, ბატონი თენგიზი რაში შეიძლება იყოს დამნაშავე, წარმოუდგენელია, პაციენტის დაღუპვა ყოფილიყო რომელიმე ექიმის ინტერესი, არც ის ვიცი, რომელ ფულის აღებაზეა საუბარი. ჩემი აზრით, აქ სპეციალისტების განსჯის საკითხი კი არ უნდა იყოს, არამედ უფრო საუბარია იმაზე, ფინანსური ადმინისტრირება რამდენად სწორად წარიმართა. როგორც წესი, ინფექციონისტები და სამედიცინო სპეციალისტები ამ საქმეში არ არიან ჩართულნი, ეს მათი საქმე არ არის, არამედ ყველა ჰოსპიტალს ჰყავს თავისი მმართველი გუნდი, ფინანსური მენეჯერი, გენერალური მენეჯერი და კითხვები შეიძლება მათ მიმართ იყოს“, - აღნიშნა ირაკლი სასანიამ.

მანვე განმარტა, რომ ლეტალობის მაჩვენებლით ვასწრებდით აფრიკის ბევრ ქვეყანას. ამდენად, საინტერესოა, რომელ ჰოსპიტლებში იყო ყველაზე მაღალი ან დაბალი სიკვდილიანობა, აუცილებელია ამის შესწავლა, ჩვენ შედეგებს უნდა მივყვეთ და აუცილებლად რეტროსპექტულად, უკუსვლით უნდა შევისწავლოთ კოვიდპანდემიის პროცესი, რომ შემდგომში იგივე არ განმეორდეს. სამწუხაროდ, საამისო კარგი მექანიზმები არ არსებობს, რომ თავიდანვე მოხდეს ამის ადრეული შესწავლა და პრევენცია.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გასტროენტეროლოგი ირაკლი ხმალაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ უჭირს ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება, რადგან თავადაც ექიმია და კარგად იცის, როგორი თავდაუზოგავი შრომა გასწიეს ჩვენმა ექიმებმა კოვიდპანდემიის განმავლობაში, თითქმის ყველა მათგანი დაავადდა კორონავირუსით, ზოგმა ადვილად მოიხადა, ზოგმა კი მძიმედ. თუმცა ირაკლი ხმალაძე არ მალავს, რომ ძალიან გაუკვირდება და ეწყინება, თუ მართლაც ვინმე რაღაცაში დამნაშავე აღმოჩნდება.

„მე თვითონ ინფექციურში არ ვმუშაობ და უშუალო შეხება კონკრეტულ პრობლემასთან არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებმა, პრაქტიკულად, გადადეს თავიანთი ჯანმრთელობა და ამ მძიმე საქმეს წარმატებით გაუძღვნენ. მე თვითონ ვიყავი მათი პაციენტი და ვნახე, როგორ არანორმალურ პირობებში მუშაობდნენ. ნაცვლად იმისა, მადლობა ეთქვათ, კიდევ რაღაცებზეა საუბარი. თუ ადამიანი დასასჯელია, ცხადია, უნდა დაისაჯოს, რადგან ერთი ჭუჭყიანი ას ადამიანს აბინძურებს, მაგრამ ეს არ უნდა შეეხოს იმ უბრალო ექიმებს, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებოდათ რაღაცების მიმართ. საერთოდ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს დანაშაულის პრეზუმფცია და სანამ ადამიანს რეალურად დადასტურებულ ბრალეულობას არ წაუყენებ, არ უნდა მოხდეს მის შესაძლო დანაშაულზე ასე ფართო ასპექტში საუბარი. როდესაც ცნობილ ექიმებს თავს ამართლებინებენ, რომ მათ პრემიაც კი არ აუღიათ, არათუ სოლიდური თანხა, ეს ყველაფერი უნდა დადასტურდეს. თუ დადასტურდება, არავინ არ გამოექომაგება არავის“, - გვითხრა ირაკლი ხმალაძემ.

რაც შეეხება მაღალი ლეტალობის მაჩვენებელს, მედიკოსი აცხადებს, რომ ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალების ფაქტი კარგად უნდა განიხილონ პათანატომიური კვლევის საფუძველზე, სპეციალური ანალიზების საფუძველზე. თუმცა სპეციალისტს აინტერესებს, მარტო საქართველოში დაიღუპა ხალხი? ამერიკაშიც დაიღუპა, ევროპაშიც, ქუჩაში ეყარნენ ადამიანები.

„პროკურატურის გადასაწყვეტია, ვის საკითხს განიხილავენ მომავალში, მაგრამ ბატონ თენგიზ ცერცვაძეს ამდენი წელია, საკმაოდ კარგად ვიცნობ. თუ რამის დაბრალება შეიძლება მისთვის, ზედმეტი მუშაობა შეიძლება დააბრალო. ერთი კაპიკი ბატონ თენგიზს სახლში არ შეუტანია და მისი ბინა რომ ნახოთ, ამაში თავადაც დარწმუნდებით. აქ რაღაცაშია საქმე, მე ვერ ვხვდები, რატომ ხდება ეს ამბავი“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.