ცნობილი უნივერსიტეტელი ისტორიკოსის, აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მარიამ ლორთქიფანიძის სახელობის ქართველოლოგიური სამეცნიერო კითხვანი გაიმართა.
სამეცნიერო კონფერენციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი, პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ.
„წელს მარიამ ლორთქიფანიძეს ასი წელი შეუსრულდებოდა. დღეს რიგით მეორე კითხვანი გაიმართა და ბევრი საინტერესო მოხსენება იყო წარმოდგენილი სპეციალისტების, ახალგაზრდა მეცნიერების, დოქტორანტების მიერ. ტრადიციული კონფერენცია გაფართოებულ ფორმატში ჩატარდა და კარგია,რომ ეს ტრადიცია მარიამ ლორთქიფანიძის სახელის უკვდავსაყოფად გრძელდება,“- აღნიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის თქმით, მარიამ ლორთქიფანიძის სახელობის ქართველოლოგიური სამეცნიერო კითხვანი ხელს შეუწყობს ქართველოლოგიური კვლევების განვითარებას, კვლევების შედეგად მიღებული სამეცნიერო სიახლეების პოპულარიზაციას.
„უნივერსიტეტი ამ კონფერენციით პატივს მიაგებს ცნობილ პროფესორს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, აკადემიკოსს, ისტორიკოსს და მრავალი თაობის აღმზრდელს ლორთქიფანიძეს. მისი სახელი მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი უნივერსიტეტისთვის. მისმა მოღვაწეობამ დიდი როლი შეასრულა უნივერსიტეტის განვითარების საქმეში. მისი სახელი უკვდავყოფილია მისი მოსწავლეებითა და უნიკალური სამეცნიერო ნაშორმებით,“- განაცხადა ნანა გაფრინდაშვილმა.
2012 წელს, მარიკა ლორთქიფანიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა პირადი ბიბლიოთეკა - ისტორიკოსის წიგნების კოლექცია, რომელიც 4310 საბიბლიოთეკო ერთეულს ითვლის. როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა აღნიშნა, კოლექცია ძირითადად საისტორიო შინაარსის ლიტერატურისგან შედგება და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში ინახება.
„თსუ ბიბლიოთეკა განსაკუთრებით მადლიერია მარიამ ლორთქიფანიძისა, რადგან მან სიცოცხლეშივე გადმოგვცა საკუთარი წიგნადი ფონდი. ბუნებრივია, მარიამ ლორთქიფანიძის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტი რამდენიმე ღონისძიებას გამართავს. თსუ ბიბლიოთეკაც ეხმიანება ამ თარიღს და აგრძელებს ტრადიციას, მართავს სამეცნიერო კონფერენციას. ღონისძიებაზე მკვლევრები წარმოადგენენ ქართველოლოგიის სფეროში მომზადებული სხვადასხვა ნაშრომს,“- განაცხადა ზურაბ გაიპარაშვილმა.
მარიამ ლორთქიფანიძის სახელობის ქართველოლოგიური სამეცნიერო კითხვანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 321-ე აუდიტორიაში გაიმართა, რომელსაც 2018 წელს მარიამ ლორთქიფანიძის სახელი მიენიჭა.