მილიარდერმა ილონ მასკმა, რომელმაც სოციალური ქსელი Twitter-ი შეიძინა, განაცხადა, რომ მზად არის გააუქმოს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიშის ბლოკირების გადაწყვეტილება.
„მე გავაუქმებდი ამ აკრძალვას, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვარ Twitter-ის მფლობელი. ნამდვილად ვფიქრობ, რომ ტრამპის ანგარიშის ბლოკირება არასწორი იყო. ეს შეცდომაა, იმიტომ რომ ტრამპს საბოლოო ჯამში ხმის უფლება არ ჩამოერთვა“, - განაცხადა მასკმა Financial Times-ის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, ამ ნაბიჯმა კიდევ უფრო გააძლიერა ტრამპის პოზიციები მემარჯვენე ხედვების მქონე მოსახლეობაში, ამიტომ ეს გადაწყვეტილება მორალურად არასწორი და უბრალოდ უგუნური იყო.
მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ Twitter-ზე არ დაბრუნდება მაშინაც კი, თუ კომპანიას ილონ მასკი შეიძენს და მის ანგარიშს აღადგენს.
ილონ მასკმა და Twitter-მა კომპანიის 44 მილიარდ დოლარად შეძენის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.