როგორ დაიცვა მასლაჩენკომ ყიფიანი

როგორ დაიცვა მასლაჩენკომ ყიფიანი

წინა კვირის ქართული სპორტული ცხოვრების მთავარი გმირი ჩვენი ქვეყნის 19-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები აღმოჩნდა. გია ცეცაძის ბიჭებმა ბელგიაში იასპარეზეს, მეტოქეებს არაფერი დაუთმეს და ფინალურ ტურნირში მონაწილეობის უფლება დამსახურებულად მოიპოვეს. ქართველმა ჭაბუკებმა სრულიად ევროპა გააოცეს.

ჩვენი ახალგაზრდა თანამემამულეები თავიდანვე არასახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. „უპატრონოები“ ჩამოვიდნენო და ქართველები მსაჯებმა განსაკუთრებით დაჩაგრეს. შოტლანდიასთან ერთდროულად ორი ფეხბურთელი სრულიად უმიზეზოდ გაგვიძევეს. ალბათ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში იშვიათია შეხვედრა, როდესაც ტაიმნახევრის განმავლობაში 9 კაცით მოთამაშე გუნდი მოწინააღმდეგეს დამაჯერებლად ამარცხებს. იმ მატჩის შემდეგ ბელგიაში მყოფმა ქართულმა სპორტულმა დელეგაციამ განგაშის ზარი შემოჰკრა. მხოლოდ ამის შემდეგ ინება ბატონმა ზვიად სიჭინავამ ევროპის ამ ქვეყანაში ჩაბრძანება და თანამემამულეების გვერდით დადგომა.

ბოლო შეხვედრაში მასპინძლებს დავუპირისპირდით. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პირი ესწრება ამ მატჩსო, გავრცელდა ხმა და არბიტრმაც შორეული კავკასიიდან ჩამოსული ჭაბუკები აღარ გაწირა. ალბათ უმჯობესი იქნებოდა, ფედერაციის მაღალჩინოსნები ბიჭებს თავიდანვე გვერდში დადგომოდნენ. ამით ნორჩი მოთამაშეები ზედმეტ ნერვიულობას გადაურჩებოდნენ, სათამაშო კლასით კი მეტოქეებს აშკარად აღემატებოდნენ. ფინალური ჯგუფის შეხვედრები ლიტვაში გაიმართება და იმედია ჩვენი ახალგაზრდები თავს არ შეირცხვენენ.

უცნაური ქვეყანაა საქართველო. კაციშვილმა არ იცის კლუბი „ზესტაფონი“ მომავალ ეროვნულ პირველობაზე მონაწილეობას თუ მიიღებს. ოფიციალური დასტური ბატონ ილია კოკაიას ჯერ არ გაუკეთებია. რამდენიმე დღის წინ ზესტაფონის სტადიონს დავალიანების გადაუხდელობის გამო შუქი გამოურთეს. ქალაქში განგაში ატყდა. საბოლოოდ ეს პრობლემა როგორ მოგვარდა, ნამდვილად არ ვიცი. სამაგიეროდ ორი დღის წინ ცნობილი გახდა რომ ლიტველი ფეხბურთის სპეციალისტი, გორის „დილას“ ყოფილი თავკაცი ვალდას ივანაუსკასი ახალი სეზონიდან „ზესტაფონის“ დამრიგებლად მოგვევლინება. ალბათ გუნდი დაშლას გადაურჩა, კოკაიმ ჯიბეზე ხელი ისევ გაიიკრა და „ზესტა“ საკუთარ თაყვანისმცემლებს კვლავ გაახარებს.

ორი დღის წინ დიდი ფეხბურთიდან კახი  კალაძე გავაცილეთ. „დინამოს“ სტადიონზე მართლაც შთამბეჭავი სანახაობა ვიხილეთ და მისი პერიპეტიების გახსენებით თავს არ შეგაწყენთ. ტრადიცია გახლავთ რომ ვეტერანთა გამოსათხოვარი მატჩები ამხანაგურ ხასიათს ატარებს და ხშირ შემთხვევაში ყაიმით სრულდება. იტალიური „მილანის“ ჭაღარაშეპარული ფეხბურთელები ამ ღონისძიებას ზედმეტად „სერიოზულად“ მიუდგნენ და კახი კალაძის მეგობრების გუნდი დაამარცხეს. არ ვიცი ამ საფეხბურთო საღამოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნები სტადიონზე თუ იმყოფებოდნენ. თუ იყვნენ კალაძისთვის და მისი მეგობრებისთვის თვალის გასწორება უნდა შერცხვენოდათ.

გუშინ ადგილობრივ ფორუმებს ვესტუმრე და კალაძის გამოსათხოვარი შეხვედრის ირგვლივ ხალხის მოსაზრებებს გავეცანი. უმრავლესობა აღშფოთებული გახლდათ, რომ შეხვედრის წინ რეპერმა ბერამ კონცერტი ჩაატარა. „ფეხბურთის ყურება გვინდოდა და ბერა რა შუაში იყოო“, - ასეთი გახლდათ არაერთი ჩვენი თანამემამულის აზრი. ბერა კახი კალაძის უახლოესი მეგობარია და ამ იმპროვიზებული მუსიკალური სანახაობის ჩატარებით ალბათ არაფერი დააშავა. ფაქტი ერთია - ბერა სოფო ნიჟარაძის მსგავსად თვალში ყოველდღიურად არ გვხვდება და არც მსოფლიოს საუკეთესო მომღერლობაზე გააჩნია პრეტენზია. ბერა საკუთარი კონცერტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით არ სარგებლობს. აქვს ადამიანს ფინანსური შესაძლებლობა და მას თავისი პროექტების განხორციელებისთვის იყენებს. ხალხის ნაწილმა (საკმაოდ დიდმა) კი საფეხბურთო შეხვედრის განხილვის ნაცვლად „კომპიუტერული ენერგია“ ბერას გაქილიკებაში დახარჯა.

წერილის მეორე ნახევარში სახალისო-საფეხბურთო მოგონებებს შემოგთავაზებთ.

ცოტა ხნის წინ ერთ ისეთ ინფორმაციას წავაწყდი რომელმაც ძალიან გამაკვირვა. საიდუმლოს არ წარმოადგენს რომ თავის დროზე ცნობილი რუსი სპორტული კომენტატორი ვლადიმერ მასლაჩენკო განსაკუთრებული შოვინიზმით გამოირჩეოდა და ქართველებიც გულზე არ ეხატებოდა. თურმე ერთი ათი წლის წინ, ერთ-ერთ საფეხბურთო გადაცემაში სრულიად საქართველო გააოცა. მასლაჩენკომ შემდეგი წინადადება წარმოთქვა - „მთელ საბჭოთა კავშირში არავინ გამოჩნდა, გინდაც ჩინოვნიკი, გინდაც ვინმე გავლენიანი ადამიანი, ვინც თბილისში ჩავიდოდა და ყიფიანს  მსოფლიო ჩემპიონატზე წამოიყვანდა“.

არ ვიცი, ზემოთ მოყვანილი მოგონება სიმართლეს თუ შეეფერება, მაგრამ ფაქტია, ყველაზე უღირსი პიროვნებაც კი ზოგჯერ კაცურად იქცევა და თავისი „ნამოქმედარების“ ჩამორეცხვას ცდილობს.

ქვემოთ რამდენიმე მოგონებას მოგიყვანთ რომლებიც ალბათ მკითხველის დაინტერესებას გამოიწვევს.

„მჟავანაძის პერიოდია. თბილისის „დინამოს" ჩავარდნები აქვს, ვერა და ვერ იგებს. აღშფოთებულ ვასილ პავლოვიჩს დაუბარებია მესხი და მეტრეველი. მესხს ეუბნება - შენი დონის ფეხბურთელმა 90 წუთის განმავლობაში ერთი ბურთი ვერ უნდა გაიტანოსო? კიო, ალბათო - მორცხვად უპასუხია მესხს. იგივე უკითხავს მეტრეველისთვისაც. დადებითი პასუხის შემდეგ მჟავანაძეს უთქვამს, გავიგე ყველაფერი და მოიგეთ მერე 2-0, მეტი არ გვინდაო“.

„მანუჩარ მაჩაიძე საფეხბურთო კარიერის ბოლოს, მოსკოვის "სპარტაკში" გადავიდა სათამაშოდ თავის ძმასთან - გოჩასთან ერთად. ამ ამბავს მოგვიანებით ასე ყვებოდნენ: ბესკოვმა დაურეკა მანუჩარს - პრიეჟაი ი ვაზმი საბოი გოჩი (შემწვარი გოჭი ჰქონდა მხედველობაში) და ამან კიდევ გოჩა წაიყვანაო“.

„თავის დროზე ნოდარ ახალკაცზე ხუმრობდნენ: ედუარდ შევარდნაძეს ჰკითხეს, ვინ დავნიშნოთ თბილისის „დინამოს“ მწვრთნელადო. მან კიდევ უპასუხა - დანიშნეთ ვინმე ახალი კაციო. ამის შემდეგ გუნდის სათავეში ნოდარ ახალკაცი მოვიდა“.

„აუუუ, ჩელეს პენალტები...ზღააპარია. გამოვიდნენ მესი, რონალდუ და სხვა კორიფე ფეხბურთელები და დაარტყან ჩელესებური პენალტები, თუ რამის თავი აქვთ. ბურთს ისე ნელა გაუგორებდა, მეკარე ლამის იყო მეორე ნახტომს ასწრებდა“.

„კარდიფ სიტისთან“ გასვლითი თამაშის შემდეგ ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა: ამ გუნდის უფროსობამ დავით ყიფიანის გადაბირება გადაწყვიტა. რომ ვერ დაიყოლიეს, კლუბის მენეჯერმა დათოს 100 დოლარიანი კუპიურა გაუწოდა ირონიით - როგორც საბჭოთა გაჭირვებულ

ფეხბურთელს. ყიფიანმა გამოართვა და ავტოგრაფით დაუბრუნა უკან“.

„ნუგზარ ჯუღელის ერთ უცნობ გამონათქვამს შეგახსენებთ: თავის დროზე თბილისის „დინამოში“ ფეხბურთელი ესებუა მიიღეს. ერთ-ერთი მატჩისას ამ მოთამაშემ მოწინააღმდეგის კარის მიმართულებით დაარტყა და ბურთი ძელს მოახვედრა. ამ სათამაშო ეპიზოდს ბატონი ნუგზარის შემდეგი ფრაზა მოჰყვა - რა ყოფილა ეს ბუა!“

„წინა საუკუნის 60-იან წლევში თბილისში მოდაში იყო ტელეფონის ცნობარით თამაში. წესები მარტივი იყო. იღებდი ცნობარს, შეარჩევდი რომელიმე სომხურ გვარს, კრეფდი ნომერს და კითხულობდი: ალო, დათუნაშვილის ბინაა? ერევანში, ტირებში რომ ეკიდათ ილოს სურათი, უფროსი თაობის გულშემატკივრები ამას დღემდე  ამტკიცებენ“.

„ რუს სპორტულ კომენტატორს მასლაჩენკოს მიჰყავდა პელეს 50 წლის საიუბილეო მატჩი. რეპორტაჟის დროს პელე ქუსლით აკეთებს გადაცემას მოედნის ცენტრში. მასლაჩენკოს კომენტარი შემდეგია: პელე სიგრალ ვ სტილე სტრელცოვა“.

„თბილისის „დინამოს“ მოთამაშე ბარქაია ერთ-ერთი მატჩის დროს აუტის ხაზთან, მეტოქის კარის სიახლოვეს მაგრად ატარებდა ბურთს, ვერ ართმევდნენ. რუსმა კომენტატორმა სინიავსკიმ ამ ფაქტს შემდეგი კომენტარი გაუკეთა: ბარკაია მუდრიტ, მუდრიტ... უდარ გოლ!”

„მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებულ კიეველ ვოინოვს, რომელიც საბჭოთა კავშირში საუკეთესო ნახევარმცველად აღიარეს, ბარქაია ხშირად ეკითხებოდა, ადრე სად თამაშობდიო. რაღაც მსგავსი უთხრა იაშინსაც. კვიმატი ენა ჰქონდა“.

„1965 წელს, მოსკოვში ბრაზილიასთან  სსრ-ის ნაკრებმა წააგო. იმ გუნდში რამდენიმე ქართველი თამაშობდა. მატჩის მიმდინარეობისას ბარქაიამ თანაგუნდელები გააჩერა და ნუ იკლავთ თავს, ვუყუროთ როგორ თამაშობენო ბრაზილიელები.“ - შესთავაზა.

„ერთ-ერთი ჟურნალისტი დათო ყიფიანს ეკითხება:

- ბატონო დავით, ითამაშებდით თუ არა პელესთან ერთად?

- მე კი ვითამაშებდი, ის თუ ითამაშებდა ჩემთანო - იყო პასუხი“.

„ქუთაისის „ტორპედოში“ თავის დროზე კვერნაძე თამაშობდა, სსრკ პერიოდში, რაღაც ეპიზოდში მას შეეჯახნენ  და წააქციე. წამოდგომას აგვიანებდა და დრო გაჰყავდა, მსაჯი მივიდა და ხელით მოედნის ფარგლებს გარეთ გასვლა მოსთხოვა. ამ სათამაშო ეპიზოდს ნუგზარ ჯუღელმა შემდეგი კომენტარი გაუკეთა: მსაჯმა უთხრა კვერნაძეს, გადი მოედნის ფარგლებს გარეთ, ტრავმა მოიშუშე და შემოდიო“.