პოპ პორტრეტები: The Allman Brothers Band ერთი დიდი საკონცერტო ალბომის ჭრილში

პოპ პორტრეტები: The Allman Brothers Band ერთი დიდი საკონცერტო ალბომის ჭრილში

ამერიკული როკ მუსიკა ევროპულისაგან განსხვავებული ფენომენია და ამიტომაც მსმენელებს შორის გაუთავებლად მიმდინარეობს დავა სხვადასხვა ჯგუფებისა თუ შემსრულებლების შესახებ, ვინც განაპირობებს ამა თუ იმ „სკოლის“ უპირატესობას. ძირითადად მიჩნეულია, რომ ამერიკა უფრო ჯაზისა და ბლიუზის ქვეყანაა, ხოლო ჭეშმარიტი როკის სამშობლო ნისლიანი ალბიონია და ყოველივეს სათავეს The Beatles-ში უნდა ვეძიოთ...

შემთხვევით მცდარი აზრი ხომ არაა? უბრალოდ მიზეზი ალბათ ჩვენს ნაკლებ განსწავლულობაშია ზოგადად ამერიკის კონტინენტის როკ მუსიკისა, სადაც აუცილებლად უნდა მოვიაზროთ კანადელი და მექსიკური ჯგუფებიც კი. რა გამოარჩევს ამერიკულ კოლექტივებს ევროპულისაგან? ალბათ უპირველეს ყოვლისა, უმაღლესი დონის სასცენო პროფესიონალიზმი. ევროპულ სუპერ ჯგუფთაგან ჩვენ არაერთი მეტ-ნაკლებად სუსტი კონცერტის მომსწრენი ვართ. მოდით ახლა ჩამოთვლას ნუ შევუდგებით, თუ რომელ მომღერალს ხმა სად ჩაუვარდა და რომელი გიტარისტი სად რა შეცდომას უშვებს. დამეთანხმებით, რომ დეფექტები ბევრია განსაკუთრებით 70-იანი წლების საკონცერტო ალბომებში. ამერიკელი შემსრულებლებისათვის კი სცენაზე დაკვრა იგივეა, რაც თევზისათვის წყალში ყოფნა, რისი დამხმარეც ევროპულთან შედარებით გაცილებით ღრმად გამჯდარი ბლიუზური ფესვებია.

მოდით ამერიკულ „საკონცერტო“ კოლექტივებსაც ამჟამად ნუ ჩამოვთვლით და არჩევანი  ერთ-ერთზე შევაჩეროთ, რომლის 40 წლიანი მოღვაწეობა გვავალდებულებს, რომ ქედი მოვიხაროთ მის წინაშე თუნდაც იმ ურიცხვი გიტარ სოლოებით სიამოვნების მიღებისათვის, რომელთა გარეშეც ძალიან ბევრი რამ დააკლდებოდა სრულიად როკ მუსიკას.

ძმებ - გრეგ და დიუან ალმანებმა ჯერ კიდევ 1963 წელს ჩამოაყალიბეს ჯგუფი The Escorts. წარმატების ძიებაში მყოფმა მუსიკოსებმა თანდათანობით დაკვრა ისე შეისწავლეს, რომ 1968 წლისთვის დიუანის გიტარის პარტიები არეტა ფრანკლინის, პერსი სლეიჯის ალბომებსა და უილსონ პიკეტისეულ Hey Jude-ის ვერსიაში ჟღერდა, ხოლო გრეგ ალმანი კი Liberty Records-თან კონტრაქტით დაკავშირებულ იმედისმომცემ მუსიკოსად რჩებოდა.

ჯგუფი The Allman Brothers Band 1969 წელს შეიქმნა სექსტეტის სახით. ძმებთან ერთად ჯგუფში უკრავდნენ გიტარისტი და მომღერალი დიკი ბეტსი, ბას გიტარისტი ბერი ოუკლი და ორი დრამერი - ბაჩ ტრექსი და ჯეიმოუ იოჰანსონი. კოლექტივმა 1969-1972 წლებში მთელი ეპოქა შექმნა, შეიმუშავა რა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ხელწერა მთელი ოთხი ათწლეულის განმავლობაში, რაც უმარტივესი დახასიათებით, გიტარ ვირტუოზულ ტანდემზე აწყობილ უმძლავრეს რიტმ ენდ ბლიუზად შეიძლება შევრაცხოთ. ვისაც წარმოდგენა აქვს ამ ამერიკულ კოლექტივზე, აუცილებლად დაგვეთანხმება, რომ  The Allman Brothers Band-ის სტუდიური ალბომების მოსმენა დიდ აუცილებლობას არ წარმოადგენს. თუკი მუსიკის სიღრმისეული აღქმა მსმენელისაგან ძირითადად ამა თუ იმ ნაწარმოების ჯერ სტუდიური, ხოლო შემდეგ კი საკონცერტო ვერსიის გაცნობას ითხოვს, აქ საქმე პირიქითაა, რადგან The Allman Brothers Band-ის სტუდიურ ალბომები, საკონცერტოს ჩრდილს თუ წარმოაჩენენ.

The Allman Brothers Band სხვა ამერიკულ ჯგუფთაგან ერთი საინტერესო დეტალით  განსხვავდება. მიუხედავად იმისა, რომ ვოკალის თემატიკა აქ საკმაოდ დახვეწილია, იქნება ეს კონკრეტულ სიმღერაში ვოკალისტი კლავიშებიან ინსტრუმენტზე შემსრულებელი გრეგ ალმანი, თუ გიტარისტები დიკი ბეტსი და დღესდღეობით უორენ ჰეინსი, მუსიკოსებს ერთი სული აქვთ, როდის დასრულდება ვოკალის პარტია და როდის გადაეშვება ჯგუფი უსასრულო იმპროვიზაციულ სოლოებში. The Allman Brothers Band საუნდს დიდწილად ხომ ვირტუოზ გიტარისტთა ტანდემი განაპირობებს, რომლის პირვანდელი სახე იყო დიუან ალმანი - დიკი ბეტსი, შემდეგ ბეტსი - უორენ ჰეინსი, ხოლო დღესდღეობით კი ჰეინსი-დერეკ ტრექსის ტანდემი. ერთხანს კოლექტივშო ოზი ოსბორნის სახელგანთქმული გიტარისტი ზაკ უაილდიც უკრავდა, მაგრამ მისი ხსენება ამ ჯგუფში, უფრო ოზი ოსბორნის მოყვარულებს თუ გაამხიარულებს...

შემოქმედებით მწვერვალზე მყოფი ჯგუფი ორმა დიდმა ტრაგედიამ მოიცვა. შესანიშნავ ორდისკიან ალბომ Fillmore East -ის გამოსვლის შემდეგ, 1971 წლის 29 ოქტომბერს, მოტოციკლეტით ჯირითისას დაიღუპა დიუან ალმანი. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ კი მსგავს სიტუაციაში დიუანის დაღუპვის ადგილიდან რამდენიმე ასეულ მეტრში, უკვე ჯგუფის ბასისტი ბერი ოუკლი გამოესალმა სიცოცხლეს. გარდა ორი სტუდიური ალბომისა, დიუან ალმანს იქამდე მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ერიკ კლაპტონის ჯგუფ Derek and the Dominos თან ერთად, ორდისკიან ალბომ  Layla and Other Assorted Love Songs -ის ჩაწერაში. Fillmore East კი მნიშვნელოვანი იმითაც იყო, რომ დარბაზი  The Allman Brothers Band-ის გასტროლების შემდეგ სამუდამოდ დაიხურა. ბოლო ჩანაწერი კი მუსიკოსების არნახული შემართების ფონზე გაკეთდა. გრეგ ალმანი მომავალში იხსენებდა, რომ The Allman Brothers Band მთელი ღამის განმავლობაში უკრავდა და მხოლოდ მაშინ აჩერებდა კონცერტებს, როდესაც დარბაზში მზის სხივები შემოიჭრებოდა ხოლმე...

Statesboro Blues, Stormy Monday, You Don't Love Me, In Memory of Elizabeth Reed, Whipping Post ის სიმღერებია, რომლებიც ამ ტურნეში სრულდებოდა და რომელთა საკონცერტო ვერსიებიც შეუზღუდავი იმპროვიზაციული გაქანების გამო, სამუდამოდ ოქროს ასოებით ჩაეწერა როკ მუსიკის ისტორიაში.

ჯგუფი  შეგვიძლია დავადანაშაულოთ ერთფეროვნებაში, მხოლოდ ამერიკული მუსიკალური თვალსაწიერით შემოფარგვლასა, თუ წლების განმავლობაში ახალი მუსიკალური ტენდენციების გაუთვალისწინებლობაში, მაგრამ მედლის მეორე მხრიდან თუ შევხედავთ ყოველივე ჩამოთვლილს, მივხვდებით, რომ ამის უფლებას მუსიკოსებს ბლიუზისა და ჯაზის ღრმა ფესვები ანიჭებდა, ხოლო გიტარისტ დიკი ბეტსის ქანთრი წიაღსვლები კი კოლექტივს სრული ამერიკული მუსიკალური პალიტრის წარმოდგენის საშუალებას აძლევდა, რაც დღემდე გრძელდება. The Allman Brothers Band ჟღერადობაც ხმის ინჟინერიის წინსვლის ფონზე აქტუალობას არ კარგავს და მეტიც, რიტმ ენდ ბლიუზს მარადიულ სიცოცხლეს უქადის...

გიტარისტი და მომღერალი უორენ ჰეინსი უკვე 20 წელიწადია, რაც The Allman Brothers Band-ში უკრავს, ხოლო დერეკ ტრექსი კი The Allman Brothers Band-ის ერთ-ერთი დრამერის ძმისშვილი და იმავდროულად სახელოვანი სიუზან ტედესკის მეუღლე, ჯგუფში ფანკი ტენდენციებსაც ნერგავს. აქედან გამომდინარე ვილი დიქსონის The Same Thing -ის მისებრი ვერსია, უფრო სტივი უანდერის მოყვარულებს დააკმაყოფილებს, სხვა მხრივ კი 2003 წლის ორდისკიანი Live At The Beacon Theatre, რომლის DVD ვერსიაც არსებობს, The Allman Brothers Band-ის თითოეული ეპოქის მოყვარულს დააინტერესებს და დიკი ბეტსის არყოფნიდან გამომდინარე, ქანთრი ტენდეციებისგანაც დაასვენებს.

ამ საკონცერტო ალბომს ზურგს იმავე წელს გამოსული სტუდიური ალბომიც უმაგრებს, რომელსაც მსმენელი 10 წლის განმავლობაში ელოდა. საინტერესო კი ისაა, რომ ამ ალბომში შემავალმა სიმღერებმაც სცენაზე ტრადიციულად უდიდესი სახეცვლილება განიცადეს. ბლიუზში Desdemona, გიტარ სოლო იმპროვიზაციები ადამიანური ემოციების გამოხატვის ზღვარს უახლოვდება და იგივე ტენდენცია გასდევს კონცერტს ბოლო წუთამდე, რაღა თქმა უნდა დამაბოლოვებელი Whipping Post-ის ჩათვლით. იქამდე კი დანარჩენ ისტორიულ შედევრებთან ერთად, ბოლო სტუდიური ალბომიდან აღებული ჯაზ ინსტრუმენტული კომპოზიცია Instrumental Illness სრულდება, რომლის საკონცერტო ვერსიაც სტუდიურს 6 წუთით სჭარბობს და ეს გიტარ სოლოების ხარჯზე ხდება...

მაყურებელი ოვაციებს ვერ მალავს და მთელი დარბაზი ფეხზე დგება პირველი ალბომიდან ზოგადად ამერიკული მუსიკის უკვდავ ჰიტ Midnight Rider-ის პირველივე აკორდების გაჟღერებისთანავე. ალბომი 2 საათნახევარს გრძელდება და საბოლოდ ჩვენც DVD ვერსიის ბონუს Old Friend-ზე ვჩერდებით. უორენ ჰეინსი და დერეკ ტრექსი სარეპეტიციო ოთახში იკეტებიან და ტკბილადმოუბარი ინტრო გიტარ პასუხების ფონზე აუღელვებლად გადადიან ვოკალ პარტიაზე, რომელიც აკუსტიკური ჟღერადობის ფონზე კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რომ როკ მუსიკასთან მარადიული მეგობრობა ბლიუზური ძირების გარეშე წარმოუდგენელია და რომ The Allman Brothers Band-ის Live At The Beacon Theatre-ის ნახვითა თუ მოსმენით, ჭეშმარიტი როკ მუსიკის დამფასებელი დიდად გაიხარებს.