ყაზბეგში, გუდაური-კობის საავტომობილო გზის გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მჟავე წყლის მთისთვის მიყენებულ ზარალს გარემოს დამცველები კატასტროფულად აღიქვამენ. ცნობილია ისიც, რომ ერთი სანტიმეტრი ტრავერტინის წარმოქმნას ერთი საუკუნე მაინც სჭირდება. საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ პრობლემა იმიტომ წარმოიქმნა, რომ აღნიშნული ტერიტორია არ იყო საკანონმდებლო დაცვის ქვეშ, მაშინ, როცა ბუნების ძეგლების სიაში ეს ტრავერტინი უნდა შეეტანათ. ფაქტია, რომ უნიკალური მთის 12 მეტრის სიგრძის მონაკვეთი უკვე ჩამოჭრილია.
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „სტეფანწმინდის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტრავერტინებს ანადგურებენ და სამშენებლო ტექნიკა ამ გზის გავლით მოძრაობს. არადა, გერგეთისკენ მიმავალ გზაზე არსებული ტრავენტინების ველი ყაზბეგის ტურისტული მარშრუტის შემადგენელი ნაწილია.
მეცნიერების განმარტებით, ყაზბეგის მიდამოებში არსებული მინერალური წყლების წარმოშობას სწორედ ტრავერტინების ველი განაპირობებს და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ბევრი მინერალური წყალია.
ტრავერტინი - ფორიანი, მცირე სიმკვრივის ნახევარკრისტალური მყარი წვრილმარცვლოვანი ქანია, რომელიც წარმოიქმნება ცხელი ან ცივი წყაროებისგან, კალციუმის კარბონატის (უფრო ხშირად არაგონიტის) დალექვის შედეგად. ხშირად შეიცავს მცენარეების ანაბეჭდებს, ხმელეთის ან მტკნარი წყლის მოლუსკების (გასტროპოდების) ნიჟარებს.
საავტომობილო გზების დაპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ ტრავერტინებზე საავტომობილო გზის გაყვანა გადაუდებელი აუცილებლობით იყო გამოწვეული.
კერძოდ, ყაზბეგის გზაზე სამი გვირაბის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ერთ-ერთ გვირაბთან „პოჩტოვაიასთან“ მშენებლებს მოუწიათ, რომ ამ მჟავე წყლების ტერიტორიას შეხებოდნენ. ამ ადგილას აღმოჩნდა კოლექტორი, რომელიც გრუნტის წყლებს ატარებს. მისი გადაადგილება აუცილებელი გახდა იმისთვის, რომ გვირაბის სავალი ნაწილის ჩაღრმავება მომხდარიყო, ამით გვირაბის სიმაღლე გაიზრდება და უფრო გამტარიანი გახდება. სხვა ნაწილში კი ტრავერტინებს არ შეეხებიან.
ე.წ „ტრავერტინების ველის“ დაზიანების ფაქტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გამოეხმაურა. მინისტრ დავით ნარმანიას თქმით, იქ არსებული რთული რელიეფური მდგომარეობის გამო არ არსებობს სხვა რელიეფი, სადაც ალტერნატიული გზა გაკეთდებოდა. იქ არის გვირაბი, რომელიც წლების განმავლობაში იყო მოუვლელი, ჩადიოდა წყალი, იყინებოდა და ზამთარში ტრანსპორტის მოძრაობა შეუძლებელი იყო. ამიტომ გვირაბის რეაბილიტაცია აუცილებელი იყო. ამჟამად იმ ტერიტორიაზე 20-კილომეტრიანი გზა კეთდება. მინისტრ ნარმანიას თქმით, ზიანს კონტრაქტორი კომპანია დაფარავს.
გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე კი აცხადებს, რომ ყაზბეგის გზაზე მიმდინარე სამუშაოები გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული არ ყოფილა.
ტრავერტინების განადგურებასთან დაკავშირებით For.ge ექსპერტებს ესაუბრა.
რესტავრატორი ვაჟა ჭინჭარაული აცხადებს, რომ არსებობს ხელოვნების ძეგლი და არსებობს ბუნებრივი ძეგლი. სწორედ ბუნებრივი, ხელთუქმნელი ძეგლი იყო ტრავერტინი, რომლის ხელყოფაც არ შეიძლებოდა და გარემოს დაცვის სამინისტროსაგან ნებართვა იყო საჭირო, როგორც ეს საერთაშორისო პრაქტიკაშია მიღებული.
ვაჟა ჭინჭარაულის თქმით, მისი დანგრევა ბარბაროსობაა და ახლა ამას არაფერი ეშველება, გამორიცხულია მისი აღდგენა ან კომპენსაცია. ამდენად, გამოუსწორებელი შეცდომა უკვე დაშვებულია.
„მონა ლიზა რომ დაამახინჯონ, ისევ ის ჯოკონდა იქნება? ახლა კერძო კომპანიას თუ დააჯარიმებენ, ამით მჟავე წყლის მთას რამე ეშველება? ეს ადგილი გზაზე მდებარეობს და ტურისტებისთვის საინტერესო იყო. თუმცა მთავარია, რომ ეს ბუნებრივი ძეგლია საქართველოში. ამიტომ, ეს ტენდენცია უნდა დამთავრდეს და მკაცრი კანონებია ამისთვის მისაღები. თუნდაც თბილისში რიყე რომ გაანადგურეს, ესეც საშინელება არ არის?!“ - აცხადებს ვაჟა ჭინჭარაული.
გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის ნელი კორკოტაძის თქმით, ტრავერტინების ფორმირება წყლების ზემოქმედების შედეგად, სიღრმიდან, კირქვის ქანებიდან ხდება და პირვანდელ მდგომარეობამდე მისი აღდგენა ასე ადვილი არ არის. ესტეტიკურად ეს ადგილი ძალიან ლამაზი იყო, თუმცა ბუნების ძეგლის სტატუსი მას არ ჰქონდა მინიჭებული.
რაც შეეხება გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზის საქმეში ჩარევის ნებართვას, ნელი კორკოტაძის განმარტებით, სავალდებულო არ იყო, რომ ამ პროექტს გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზა გაევლო. ამ ტიპის სამუშაოები ამგვარ ექსპერტიზას არ ითვალისწინებს.
„ამ კონკრეტულ კომპანიას ვალდებულება აქვს, სამუშაოები განახორციელოს იმ პროექტის შესაბამისად, რაც მოწონებული იყო დამკვეთის მიერ. ჩვენ გამოთხოვილი გვაქვს ეს დოკუმენტაცია და ამას ვსწავლობთ. გვაინტერესებს, ხდებოდა თუ არა პროექტის შესაბამისად სამუშაოების განხორციელება. სხვათა შორის, ამ პროექტში ჩანს წინადადება, რომ იქ არის გარკვეული გარემოს დაცვითი ღონისძიებები საჭირო, რაც ამ პროექტს არ აქვს. ამიტომ დამატებით გამოვითხოვთ ამ დოკუმენტაციას და სრულყოფილად შევისწავლით ამ საკითხს“, - აცხადებს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი.
მისი თქმით, ტრავერტინების ზონა დაახლოებით 1400 კვადრატიული მეტრია, ამ დროს კი დაახლოებით 600 კვადრატულ მეტრზეა გადავლილი ეს გზა და ტერიტორია ჩამოჭრილია.
რაც შეეხება ეროზიულ და მეწყერულ პროცესებს, ექსპერტის თქმით, ეს გეოლოგებმა უნდა შეისწავლონ. თუმცა ფაქტია, რომ, როცა მთლიანობა ირღვევა, უარყოფითი პროცესები ვითარდება.
გეოლოგიური საშიშროებისა და გეოლოგიური გარემოს მართვის დეპარტამენტის უფროსი ემილ წერეთელი აცხადებს, რომ ტრავერტინები მეორადი ქანებია და მათ წარმოქმნას ასეული წლები სჭირდება. თუმცა, როგორც კი წარმოიქმნება ეს ქანები, საკმაოდ მდგრადია. მისი თქმით, ტრავერტინები არა მარტო გუდაური-კობის საავტომობილო გზაზე გვხვდება, არამედ - თრუსოს ხეობაში, მთა-თუშეთში, რაჭასა და სვანეთში. უფრო მეტიც, თრუსოს ტრავერტინები წითელ წიგნშია შეტანილი. ამდენად, სასურველი იყო ეს მონაკვეთიც „წითელ წიგნში“ შეეტანათ. ხოლო, თუკი გვირაბი გაჰყავდათ, მაშინ გარემოს დაცვის სამინისტროსთვის უნდა ეცნობებინათ.