მიმდინარე წლის იანვარში ჰოლანდიის ეროვნული გუნდისა და მილანის „ინტერის“ ნახევარმცველი ვესლი სნეიდერი თურქულ „გალათასარაიში“ გადავიდა. იტალიურ გუნდში ჰოლანდიელი 2009 წლიდან ასპარეზობდა.
გუშინ სნეიდერი გამოცემას „Football Italia” ესაუბრა და ყოფილი კლუბის ხელმძღვანელობა მკაცრად გააკრიტიკა. მოთამაშის განცხადებით, მილანურ გუნდში მასზე დიდი ზეწოლა ხორციელდებოდა. ფეხბურთელის მტკიცებით, ბატონი მასიმო მორატიდან დაწყებული უბრალო ჩინოვნიკით დასრულებული, ყველა მის ფსიქოლოფიურ განადგურებას ცდილობდა.
„იტალიურ გუნდში 2009 წლიდან ვთამაშობდი. გულშემატკივრებთან, მოთამაშეებთან და მწვრთნელებთან ურთიერთობის არანაირი პრობლემა არ გამაჩნდა, რასაც ვერ ვიტყვი კლუბის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე. ამ ხალხს რატომღაც არ ვუყვარდი და მუდმივად ჩემს კრიტიკაში იყვნენ.
გასულ წელს ჩემზე ზემოქმედება აუტანელი გახდა და „ინტერის“ დატოვება გადავწყვიტე. ჩემი არაერთი თხოვნის მიუხედავად, 2012 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დღეებში არსად გამიშვეს. იტალიის ახალი საფეხბურთო პირველობის დაწყების პირველივე დღიდან ჩემზე შეტევა ახალი ძალითა და ენერგიით განხორციელდა. დღემდე ვერ ვხვდები რას მერჩოდნენ. საბედნიეროდ, 2013 წლის იანვარში „ინტერს“ თავი დავაღწიე და ამჟამად ბედნიერი გახლავართ“. - განაცხადა ვესლი სნეიდერმა.