უკრაინის ომი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს რუსეთის ყველაზე ბრძოლისუნარიან ქვედანაყოფებს და ყველაზე მოწინავე შესაძლებლობებს, მათი აღდგენა სანქციების გამო გართულდება, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების სადაზვერვო ინფორმაციაშია მითითებული.
ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, რომ მინიმუმ ერთი ერთეული თანამედროვე რუსული T-90M-ის ტიპის ტანკი განადგურდა საბრძოლო მოქმედებებისას. T-90M 2016 წელს იქნა გამოშვებული და ის აღჭურვილია გაუმჯობესებული ჯავშნით, განახლებული შეიარაღებითა და განახლებული სატელიტური სანავიგაციო სისტემებით.
„100 ერთეულამდე T-90M-ის ტიპის ტანკი არის უკეთ აღჭურვილი რუსულ ქვედანაყოფებში, მათ შორის უკრაინის ტერიტორიაზე მებრძოლებს შორის. განახლებული ჯავშნის სისტემა, რომელიც ტანკსაწინააღმდეგო იარაღის საწინააღმდეგოდაა განკუთვნილი, რჩება დაუცველი, თუ არ არის მხარდაჭერილი სხვა ძალის ელემენტებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ბრიტანული დაზვერვა ასევე აღნიშნავს, რომ „ამ კონფლიქტის შემდეგ, რუსეთს მნიშვნელოვანი დრო და ხარჯები დასჭირდება შეიარაღებული ძალების აღსადგენად.“
მიმოხილვის მიხედვით, განახლებული და გაუმჯობესებული აღჭურვილობის შეცვლა განსაკუთრებით რთული იქნება სანქციების გამო, რომელიც ზღუდავს რუსეთის წვდომას კრიტიკულად საჭირო მიკროელექტრონულ კომპონენტებზე.