ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ხუნდაძემ და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ სიჭინავამ საბაჟო მიმართულებით გასაწევი მომსახურებების საფასურებში განხორციელებული ცვლილებების გაცნობის მიზნით, თბილისში, ბათუმსა და ფოთში ბიზნეს ოპერატორებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს.
შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ბიზნეს ოპერატორებს ცვლილებების შესახებ, პრეზენტაცია წარუდგინეს და სხვა ცვლილებებთან ერთად ის საბაჟო პროცედურები გააცნეს, რომელთა გამოყენებისას შესაძლებელი ხდება საქონლის წინასწარი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე დეკლარირება.
2022 წლის 14 მაისიდან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, მთავრობის დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, სხვა მიმართულებებთან ერთად, თვითმომსახურებისა და ელექტრონული სერვისების გამოყენების წახალისების მიზნით, მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა - „eCustoms“-ში დაშვებული პირების მიერ, საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული საქონლის გაფორმებისათვის მომსახურების უპირატესი, განსხვავებული საფასურები დგინდება.
გარდა ამისა, ზემოაღნიშნულ ნორმატიულ აქტში განხორციელებული ცვლილების თანახმად, გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში“არასამუშაო დროდ განისაზღვრა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 21 საათიდან მომდევნო დღის 10 საათამდე პერიოდი, ხოლო შაბათს − 21 საათიდან ორშაბათის 10 საათამდე პერიოდი უქმე დღეებია.
ამასთან, გაფორმების ორგანოებში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 18 საათიდან მომდევნო დღის 10 საათამდე პერიოდში, შეიზღუდება ისეთი საქონლის გაფორმების საბაჟო პროცედურები, რომელიც არ მიეკუთვნება პრიორიტეტული წესით გაფორმებას დაქვემდებარებულ საქონელს.
სამუშაო შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. კერძო სექტორის წარმომადგენლებს, შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის აქტუალურ თემებსა და არსებულ გამოწვევებზე ესაუბრათ. საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა შეხვედრის მონაწილეებს, ასევე ის დაგეგმილი პროექტები გააცნეს, რომელთა
განხორციელებაც კიდევ უფრო გაამარტივებს საბაჟო ფორმალობებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყანაში საერთაშორისო ტვირთბრუნვის განვითარებაში. ბიზნესსექტორთან შეხვედრები რეგულარული ხასიათისაა და აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, საბაჟო მიმართულებით გასაწევი მომსახურებების საფასურებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ვრცელი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
https://www.rs.ge/LawNewsArchive?newsId=615