აშკარად იგრძნობა, არსაკიძის სინდრომთან გვაქვს საქმე - თითქოს, კარგის გაკეთების სურვილისთვის ვიღაც დევნის. ხომ ყველა ვხვდებით, რომ ასე არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
სარჯველაძე დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას ნანობს, რადგან მას არსებული მდგომარეობის შესახებ სწორი ინფორმაცია არ ჰქონდა.
„ამ კაცს არ აქვს სწორი ინფორმაცია საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ. ვიღაცები აქ-იქ რომ არწმუნებენ, თითქოს, საქართველოში ყველა მისტირის, ასე არ არის. რეალურად ნამდვილად არ არის ასეთი მდგომარეობა, რომ საქართველოში უმრავლესობას სურვილი აქვს, სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში იხილოს. არ არის ასეთი განწყობა. ბუნებრივია, საზოგადოება არ იქნება მიმტევებლური, როდესაც სინანულის გრძნობა უკავშირდება არა იმას, როგორ და რატომ ჩამოვიდა საქართველოში, არამედ წესით უნდა უკავშირდებოდეს ჩადენილ ქმედებებს. დღემდე სასამართლოში მისი გამოსვლები რომ ნახოთ, რომელიც ერთი-მეორეზე უარესია, აშკარად იგრძნობა, არსაკიძის სინდრომთან გვაქვს საქმე - თითქოს, კარგის გაკეთების სურვილისთვის ვიღაც დევნის. ხომ ყველა ვხვდებით, რომ ასე არ არის. მას პასუხისგება კონკრეტული დანაშაულებისთვის უწევს. დღემდე არ უპასუხია, მაგალითად, გელაშვილის საქმეზე რა მოხდა“, - განაცხადა სარჯველაძემ.