„სერგო რატიანი, გიგი თევზაძე და „მათი მეგობრები“ ილიაუნის მეწილეები გახდნენ”

„სერგო რატიანი, გიგი თევზაძე და „მათი მეგობრები“ ილიაუნის მეწილეები გახდნენ”

განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის, ივანე კიღურაძის ინფორმაციით, სერგო რატიანი, გიგი თევზაძე და „მათი მეგობრები“ ილიას უნივერსიტეტის მეწილეები გახდნენ.

თუ როგორ გადაიქცნენ აღნიშნული პირები ილიას უნივერსიტეტის წილის მფლობელებად, ამ სქემის შესახებ ივანე კიღურაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული კანონპროექტის - „სამოქალაქო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების განხილვისას ისაუბრა.

მისი თქმით, თავის დროზე, უმაღლესი სასწავლებლების საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან არაკომერციულ, კერძო სამართლის იურიდიულ პირებად გარდაქმნაში მზაკვრული გეგმა იყო ჩადებული. კერძოდ, ეს იყო სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების კერძო სასწავლებლებად გარდაქმნის გეგმა.

ამის თვალსაჩინო მაგალითად ივანე კიღურაძე კახა ბედუქიძისთვის 100 მილიონად ღირებული ქონების 4 მილიონ 150 ათასად გადაცემის ფაქტს ასახელებს, რის შედეგადაც   საქართველოს, როგორც სასოფლო-სამეურნეო ქვეყანას, დღეს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო პროფილის უმაღლესი სასწავლებელი არ გააჩნია.

„იყო შემთხვევა იმ ქონების ხელში ჩაგდების და იმ ქონებასთან თამამად შეთამაშების, რომელიც ეკუთვნის ქართულ სახელმწიფოს და არა ერთ კონკრეტულ პირს. მაგალითად, 2012 წლის 4 მაისს, ერთ-ერთ ბინაში შეიქმნა არასამეწარმეო იურიდიული პირი - „კვლევისა და განვითარების ტექნოლოგიები“ ბატონ სერგო რატიანის, გიგი თევზაძისა და მისი მეგობრების შემადგენლობით. რა უფლება ჰქონდა რამდენიმე პიროვნებას, რომ თავი გამოეცხადებინა დამფუძნებლად, მეწილედ იმ დაწესებულებისა, რომელიც საქართველოს ეკუთვნის?!“ - განაცხადა ივანე კიღურაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან.

For.ge-სთან საუბარში აკადემიკოსმა ივანე კიღურაძემ დაადასტურა, რომ არსებობს საქართველოს მთავრობის დადგენილება №203-ე, რომელსაც ხელს ნიკა გილაური აწერს და, რომელიც 2012 წლის 8 ივნისით თარიღდება. ამ დადგენილების მესამე მუხლში ვკითხულობთ, რომ არასამეწარმეო იურიდიული პირის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებლებად განისაზღვროს სახელმწიფო (რომელსაც საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო წარმოადგენს), და არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი, სახელწოდებით „კვლევისა და განვითარების ტექნოლოგიები“. ეს დადგენილება რეგისტრირებულია 2012 წლის 4 მაისს. მის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირები გახლავთ დავით აფრასიძე, ლელა ხომერიკი, სერგო რატიანი, ზურაბ ჯავახიშვილი, მიხეილ ბატიაშვილი, გიგი თევზაძე. ზემოთ ჩამოთვლილი პირები, გიგი თევზაძის გარდა, გამგეობის წევრები არიან, ხოლო გიგი თევზაძე გამგეობის თავმჯდომარეა.

მეცნიერის განმარტებით, ამ არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირის მისამართად ფიქსირდება ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონში, მარგიანის ქუჩა №21-ში მდებარე ბინა.

როგორც თავად ამბობს, ამ ინფორმაციის საჯაროდ გამოტანას ივანე კიღურაძე არც აპირებდა, რომ არა ამ ადამიანების ზედმეტი აქტიურობა.

„დასმენა და დაშინება ამათი მოგონილია, ესენი ბოლშევიკური მეთოდებით მოქმედებენ, რაც იმის ნათელი მაგალითია, რომ საკუთარი პრივილეგიების შესანარჩუნებლად იბრძვიან. ეს ჩემთვის შეურაცმხყოფელია, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის. როცა ისინი დემოკრატიაზე, უნივერსიტეტის ავტონომიაზე ლაპარაკობენ, ეს ცინიკურია, რადგან მათ უნივერსიტეტის ავტონომია ჩაკლეს. მათ თავისუფალი სული ამოძირკვეს უნივერსიტეტებიდან. ახლა წიკლაური, კანდელაკი და სხვები ურცხვად გამოდიან და რაღაც რეიტინგებზე ლაპარაკობენ“, - აცხადებს ივანე კიღურაძე.

ამასთან, სიცრუედ მიიჩნევს ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანების განცხადებას, თითქოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მათი უნივერსიტეტების თავისუფლებას ზღუდავს. მეცნიერის თქმით, ყველასთვის ცხადია, რომ ჩვენ გავხდით ბოლონიის პროცესის მონაწილენი, რადგან ბოლონიის უნივერსიტეტი ევროპაში უძველესი და მისაბაძია. შესაბამისად, იტალიაში სწორედ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი აქვთ უმაღლეს სასწავლებლებს. უფრო მეტიც, კონტინენტურ ევროპაში ასეა მიღებული - საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრიაში.

ივანე კიღურაძის თქმით, პირადად მან ჩეხეთის, პოლონეთის, უნგრეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის მაგალითები როცა დაასახელა, ნაციონალები ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ, ხედავთ, სოციალისტურ ქვეყნებს ახსენებსო. თუმცა მეცნიერი აცხადებს, რომ ვინც იცის, თუ როდის მოხდა ხავერდოვანი რევოლუცია ჩეხეთში, ვისაც გაუგონია 1968 წლის პრაღის გაზაფხული, ვისაც გაუგონია 1956 წელს უნგრეთში დატრიალებული ტრაგედია, როცა პრემიერ-მინისტრმა იმრე ნადმა უნგრეთი ვარშავის ხელშეკრულებიდან გაიყვანა, ამას აღარ იტყვის.

აკადემიკოსის თქმით, ეს ქვეყნები მებრძოლი ქვეყნებია და, ღმერთმა ქნას, ათი წლის შემდეგ ჩვენ მათ დავეწიოთ. ამდენად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი ყველაზე მაღალი სტატუსია უმაღლესი სასწავლებლებისთვის და, როცა სახელმწიფო ასეთ სტატუსს ანიჭებს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას, ამით ადასტურებს, რომ ქვეყანა იღებს მათზე მზრუნველობას. ამიტომ ამაზე არ უნდა შევჩერდეთ, საქართველო უნდა დავაბრუნოთ ევროპულ საგანმაგანათლებლო სივრცეში და საქართველოში სწავლა უფასო უნდა გახდეს. ასეთია მეცნიერის პოზიცია, რომელიც მიიჩნევს, რომ საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანები ბნელები არიან.

„მათ ჰგონიათ, უფასო სწავლა კომუნისტების მოგონილია, სინამდვილეში, ასე არაა. არ შემიძლია, გიგი თევზაძის კორუმპირებულობაზე ვისაუბრო, მაგრამ აშკარაა, რომ ეს ადამიანები ძალაუფლებაზე მანიაკალურად შეყვარებულნი არიან. ამ პრობლემის თავი და ბოლო ეს არის. რატომ შეუტიეს ჯერ კვლევით ინსტიტუტებს და შემდეგ უნივერსიტეტებს? - იმიტომ, რომ თავისუფალი აზრის ჩახშობა უნდოდათ. არ გამოუვიდათ, ესენი არიან საქართველოს გუშინდელი დღეები. შეიძლება, მე ცოცხალი აღარ ვიყო, მაგრამ ქართული უმაღლესი სასწავლებელი წავა იმ გზით, რაც მას ჯერ კიდევ 100 წლის წინ დაუსახა ივანე ჯავახიშვილმა. უნივერსიტეტების ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც ჩვენმა დიდმა თანამემამულემ ჩამოაყალიბა მსოფლიოში მიღებული პრინციპის ადეკვატურად, არ მოდუნებულა და არც მოდუნდება არასდროს. ეს მართლა ნეობოლშევიკები და ნეოფაშისტები მე მდებენ ბრალს, უკან გვექაჩები კომუნისტებისკენო. ბოლოს და ბოლოს, ეგენი ის ხალხია, ყველას ბიოგრაფია იციან, ბაბუაჩემის ბაბუას რა ერქვა, ალბათ, ისიც იციან და ისიც ეცოდინებათ, რომ ისე ვიცხოვრე, კომუნისტებისგან ყოველთვის გამიჯნული ვიყავი“, - აღნიშნა ივანე კიღურაძემ.

ამასთან, საეჭვოდ მიიჩნია, რომ გიგი თევზაძის ხელში ილიაუნში რაიმე აღმავლობა იყოს. მისი თქმით, დღეს თუ რეიტინგებზე საუბრობენ, მაღალი სამეცნიერო რეიტინგები ისევ იმ პროფესორებს აქვთ, რომლებსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაუმთავრებიათ. ამდენად, ჯერ ილიაუნს არ დაუმკვიდრებია თავისი ადგილი ქართულ აკადემიურ სივრცეში.

ჩვენ მეორე მხარესაც დავუკავშირდით. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა  გიგი თევზაძემ აღნიშნა, რომ დღეს ილიას უნივერსიტეტი დაფუძნებულია სახელმწიფოს მიერ და ის უძრავი ქონება, რაც ილიას უნივერსიტეტს აქვს გადაცემული, კონტროლდება სახელმწიფოს მიერ. თუმცა გიგი თევზაძემ აქვე განმარტა, რომ წინა ხელისუფლებასთან მართლაც მიმდინარეობდა ხანგრძლივი მოლაპარაკებები, რათა უნივერსიტეტის სტატუსი უსაფრთხო გამხდარიყო. თუმცა, რაც ხელისუფლება შეიცვალა, მისი თქმით, ყველაფერი გაჩერდა.

„ილიას უნივერსიტეტიც, სამწუხაროდ, არის ძალიან მოწყვლადი ამ პოლიტიკური ტალღების გამო. ამიტომ, ეს ვერ მოვასწარით. იყო რაღაც პროცესი, რომლის გამოც მოლაპარაკება გვქონდა სახელმწიფოსთან. გვსურდა, სახელმწიფოსთან ერთად, ჩვენი არასამეწარმეო იურიდიული პირი - „კვლევისა და განვითარების ტექნოლოგიები“ გამოცხადებულიყო ილიას უნივერსიტეტის დამფუძნებლად. ეს იყო ერთ-ერთი ვერსია, თუ როგორ შეიძლებოდა, ილიას უნივერსიტეტი განვითარებულიყო. 2012 წლის 4 მაისისთვის, ძალიან მცირე პერიოდში დამფუძნებლები ვიყავით, თუმცა ახლა ასე არ არის და ილიას უნივერსიტეტის დამძფუძნებელი მხოლოდ განათლების სამინისტროა და არა_ „კვლევისა და განვითარების ტექნოლოგიებია“. სამწუხაროა, რომ უნივერსიტეტის დამფუძნებლები ჩვენ აღარ ვართ“, - აცხადებს გიგი თევზაძე.

მისი თქმით, თუკი აღნიშნული სცენარით წარიმართებოდა საქმე, არანაირი ხიფათი არ ადგებოდა ილიას უნივერსიტეტს. პირიქით, ეს იყო დამატებითი უსაფრთხოების ზომა უნივერსიტეტის უძრავი ქონებისთვის. ამდენად, გიგი თევზაძე აცხადებს, რომ ივანე კიღურაძის ნათქვამს სერიოზულად არ აღიქვამს.