საქართველოს ხელისუფლებამ მთავარ პროკურატურაში საკუთრების საკითხზე შეტანილ საჩივრებთან დაკავშირებით, შესაძლოა, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს. პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საჩივრების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ მათი კლასიკური – სასამართლოს გზით გადაჭრა „უსაშველო გახდება“.
„მთავარ პროკურატურაში უამრავი განცხადებაა შესული, უამრავი დაზარალებულია. ხშირად ერთი და იგივე ქონებაზე რამდენიმე ადამიანს აქვს პრეტენზია. არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მივიღოთ, რადგან კლასიკური გზით (ეს გზა გახლავთ სასამართლო), მათი განხილვა თითქმის უსაშველო იქნება. როდის მოერევა ამდენ საქმეს სასამართლო?!“, - განაცხადა ივანიშვილმა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში.
თუმცა, რა სახის პოლიტიკური გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მიღებული, ივანიშვილს არ დაუკონკრეტებია.
მისივე თქმით, საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხი პირადად მისთვის ყველაზე დიდი და გამოუვალი პრობლემაა. „პრობლემები ბევრია, მაგრამ ესაა ყველაზე რთული და ყველაზე გამოუვალი ჩემთვის. ვეძებთ გამოსავალს. იმაზეც კი ვფიქრობდით, რომ სახელმწიფოს აეღო თავის თავზე, მაგრამ 7 მილიარდზეა საუბარი, 7 მილიარდი კი ჩვენი ქვეყნის მთლიანი ბიუჯეტია“, - აღნიშნა პრემიერმა.
აღსანიშნავია, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია“, რომელიც ბიზნესმენებისთვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონების და უკანონო პატიმრების საქმეებს შეისწავლის, ფუნქციონირებას შემოდგომაზე დაიწყებს. თუმცა, კომისიის შექმნამდე და საქმეების შესწავლამდე ბიზნესომბუდცმენი აცხადებს, რომ „უაკანონოდ ჩამორთმეულ ქონებაზე იურიდიული პროცესები უკვე დასრულებულია და ზედმეტად ჩარევის ბერკეტი არ გააჩნიათ.
„ასეთი საქმეები ბევრია და ჩვენთვის არის მაღალი რისკი. მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ქონების სტატუსის საეჭვოდ შეცვლაზე 9 ათასზე მეტი ფაქტია დაფიქსირებული. ჩვენი რისკი კი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ თუ ამ საქმეებში ჩავერევით კონსულტაციის დონეზე, რადგანაც იურიდიული მექანიზმები არ გაგვაჩნია, უფრო მეტ დროს დავუთმობთ იმ საქმეებს, რომლებიც მოდიან წარსულიდან. ამ დროს კი, შესაძლოა, მიმდინარე საქმეებზე კონტროლი გაგვექცეს“, - განაცხადა ბიზნეს-ომბუდსმენმა გიორგი გახარიამ.
საქართველოს მთავარ პროკუტრათურაში კი ბიზნესმენებისთვის ქონების წართმევის და „ქონების სტატუსის საეჭვო შეცვლის“ 9 ათასზე მეტი საქმე განაჩენის მოლოდინშია. კონკრეტულად, რა სახის დახმარებას გაუწევს სახელმწიფო დაზარალებულ ბიზნესმენებს, ვერ ამბობენ, მხოლოდ ერთი რამ არის ცნობილი, „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია“ 100 ათას ლარზე ზემოთ ზარალმიყენებულ საქმეებს განიხილავს.
მართლმასაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია, სავარაუდოდ, ბიზნესმენ ნაპო გაბისონიას საქმეს შეისწავლის, რომელიც სამეგრელოს ყოფილ სამხარეო პროკურორს, როლანდ ახალაიას 3 მილიონი ლარის ქონების მიტაცებაში ადანაშაულებს.
„აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ იმისათვის, რომ ახალაიამ პასუხი აგოს. კაცმა გამოგონილი დანაშაულის გამო დამაპატიმრა და 19 წელი მომისაჯა. ვიყავი წარმოების დამფუძნებელი და ოფიციალურად 45%-ის მფლობელი. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ახალაია აღმოჩნდეს იმ საკანში, სადაც მე 5 წელი უკანონოდ გამომამწყვდია. უკან არ დავიხევ. უნდა აღვადგინო სამართლიანობა. ვითხოვ ჩემი უფლებების აღდგენას და როლანდ ახალაიას დაპატრიმრებას. მან კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან ჩემს წინააღმდეგ განახორციელა. ამ კაცის უსამართლობამ, არა მარტო მე, არამედ მთელი სამეგრელო გაამწარა. დაახლოებით 3 მილიონი ლარი წამართვა. ჩემი საქმე ფინანსურ პოლიციას აქვს. ჩემი ქონება აქვს როლანდ ახალაიას“, - უთხრა for.ge-ს ნაპო გაბისონიამ.
მთავარი პროკურატურის საპროკურორო დეპარტამენტის უფროსი კახა წერეთელი აცხადებს, რომ, საერთო ჯამში, შემოსულია დაახლოებით 20 ათასამდე განცხადება. განცხადებების დიდი ნაწილი ეხება სხვადასხვა პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებს. მისივე განცხადებით, დაზარალებულები ითხოვენ სხვადასხვა პირების პასუხისმგებაში მიცემას.
როგორც წერეთელი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს პროკურატურაში 180 საქმეზე გამოძიება დაწყებულია.
„ბრალდებულების დიდი ნაწილი აცხადებს, რომ უკანონოდ იყო პასუხისმგებაში მიცემული. ამ განცხადებების დიდი ნაწილი ეხება ქონებას. ეს არის რამდენიმე ათასზე საუბარი. ქონებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არის ჩუქება სახელმწიფოზე, ჩუქების შემთხვევაში, ძირითადად საუბარია ავტომანქანების, მიწის ნაკვეთების და უძრავი ქონების გაჩუქებაზე.
არის იმაზეც საუბარი, რომ გამოძიების პროცესში მათ აიძულეს, რომ ეს ნაბიჯი გადაედგათ. გარდა ამისა, არის ასევე გამოძიების მიერ ოფიციალურად წაღებული, რასაც ჭირდება განაჩენების გადასინჯვა. არის კიდევ ცალკე კატეგორია, როდესაც პირებს აყიდინეს ქონება.
ის ქონება, რომელიც მათ არ სჭირდებოდათ. სახელმწიფომ გამოიტანა აუქციონზე მიტოვებული მიწის ნაკვეთი, ან ფერმა, რომელიც მოქალაქეს არადეკვატურ ფასად აყიდინეს, თითქოს, - ნებაყოფლობით. არის შემთხვევები, როდესაც ქონება კერძო პირებზეა გადაფორმებული. მეტწილად, ეს ფორმდებოდა სახელმწიფოზე“, - განაცხადა კახა წერეთელმა.
ბიზნესმენი „კავკასტრანს ექსპედიტორის ევროპა-აზიას“ დამფუძნებელი ზაალ ჟვანია, რომელსაც სახელმწიფომ 18 მილიონი ლარის ქონება წაართვა, აცხადება, რომ მისთვის მისაღების პრემიერის განცხადება.
„სახელმწიფო ვერ შედგება თუ სამართლოანობა არ იქნა ქვეყანაში, როგორც კი ბიზნესი დავიწყე, სულ ტერორის ქვეშ ვარ ხელისუფლებისგან. რაც საბჭოთა კავშირს გამოვეყავით და ბიზნესი დავიწყე, იმის მერე საქართველოში არის ტერორი. თუ ერთხელ და სამუდამოდ, ამას ბოლო არ მოეღო, ისევ გაიმეორებენ ბანდიტობას. თუ კი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ და თუ კი კომისია იმუშავებს ისე, რომ არ გვექნება პრობლემები მაგას რა ჯობია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ჟვანიამ.
რეპრესირებული ბიზნესმენი, „კავკასუს ონლაინის“ ყოფილი მეპატრონე მამია სანადირაძე ამბობს, რომ პრემიერის მიერ დასახელებული 7 მილიარდი ლარი, საკაოდ დიდი ციფრია.
„ეს არის ძალიან დიდი ციფრი. ქონების უმეტესობა, რომელიც ჩუქებული იქნა სახელმწიფოსთვის „ღია საზოგადოება საქართველოსთვის“ დაითვალა და 200 მილიონი შეადგინა. საქმე ეხება ჩამორთმეულ ქონებებს, რომელსაც ნულოვანი აუქციონის საშუალებით ჩუქნიდნენ თავიანთ აქტივს. თვითონვე მიჰქონდათ ნაციონალებს და დღეს ეს ქონებები ნაციონალების მფლობელობაშია. ანუ, ჩუქნიდნენ იმ აქტივისტებს, ზონდერებს, ვისი დაჯილდოვებაც უნდოდადთ.
ამიტომ, ნულოვანი აუქციონები და 1 ლარად გაყიდული ქონებები, უნდა გადაიხედოს, ვისთვის იყო გადაცემული, რა პირობებით იყო გადაცემული. თუ ეს ნაჩუქარი არის ნულოვან აუქციონზე სახელმწოფოს მიერ, დაუშვათ აგვისტოს ომის ვეტერანის ქვრივზე და შვილებზე, - ალალია, მაგარამ, თუ ეს 26 მაისის აქციის დამარბეველ ზონდერზეა გადაცემული, მას უნდა ჩამოერთვას. ასევე - 1 ლარად მიყიდული ქონებები, რა პირობით და ვის გადაეცა? - ეს ყველაფერი გამოსაძიებელი იქნება. გამოძიებას და სასამართლოს ალტერნატივა არ აქვს. ბატონი ბიძინა ამბობს, რომ 2-3 კაცი ერთი და იგივე ქონებაზე დაობსო, საინტერესოა, რა ინფორმაციაზე დაყრდნობიოთ ამბობს ამას პრემიერი?
- ვიღაცა ამუქებს ღრუბლებს, რომ ეს საქმე არ დაიძრას. ეს არაა გადაუჭრელი პრობლემა. საჭიროა გამოძიების დაწყება,მოწმეების დაკითხვა, მტკიცებულებათა განხილვა. ამას გამოძიების მეტი დედამიწის ზურგზე ვერავინ ვერ გააკეთებს. გამოძიება უნდა ჩატარდეს, გამოძიებას ალტერნატივა არ აქვს. საქართველოში საკმარისად არის პროკურორ-გამომძიებლები, რომელიც ამას შეასრულებენ. ამას უნდა მოქმედება. უნდა გაქრეს შიში იმისა, რომ ეს არის რაღაცა გადაუჭრელი. ყველა ქონება არის აქ საქართველოში. თანხებიც მოიძიება. საზღვარგარეთ არსებობს კომპანიები, რომელიც ამა თუ იმ პიროვნების ანგარიშებს მოიძიებს.
როგორ აფასებთ პრემიერის განცხადებას? ის არ გამორიცხავს რომ შესაძლია მიღებული იქნას პოლიტიკური გადაწყვეტილება...
- მივესალმები ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას. იმიტომ, რომ თუ გამოძიებული არ იქნა დანაშაულებები, გაჩნდებიან ახალი ახალაიები, ახალი მერაბიშვილები, ახალი კეზერაშვილები და ა.შ. თუ წინა მთავრობა არ დაისაჯა, ძალიან მალე ჩამოყალიბდებიან ეს პიროვნებები არსებულ მთავრობაში. საქართველოში დღემდე მომგებიანი იყო ბიზნესმენების ორგანიზებული ძარცვა და ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს, რომ სამომავლოდ ბიზნესმენმა რწმენა დაიბრუნოს საქართველოში ბიზნესის კეთებაზე. გამოძიებული საქმეები, დაბრუნებული ქონებები, რეაბილიტირებული ბიზნესმენები, ზუსტად ეს იქნება საინვესტიციო გარემოში ჩადებული კაპიტალი.
ეს აუცილებლად გასაკეთებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქ არავინ არ ჩამოვა. თუ ისინი დაინახავენ, რომ წინა ინვესტორები გაიძარცვნენ, ახალი ინვესტორი არ ჩამოვა. თუ ისინი დაინახავენ, რომ ინვესტორის მძარცველები დაისაჯა, მაშინ ეს მათ დაარწმუნებს, რომ მომავალში საქართველოში ვეღარავინ ვერ გაბედავას მათ ძარცვას. მაგრამ, თუ მან იცის, რომ საქართველოში დაუსჯელობის სინდრომია და საზოგადოებაში არ ისჯებიან დამნაშავეები, არც ერთი მეწარმე ადამიანი აქ არ ჩამოვა და არავინ ფულს აქ არ ჩამოიტანს. ეს ცალსახა. ამიტომ, ეს გასაკეთებელია, რაც შეძლება სწრაფად. ამ პრობლემის გაბუქება საქმეს არ წაადგება. ამას უნდა კომპლექსური გადაწყვეტილება.
თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მოგვაროს ეს პრობლემა სახელმწიფომ?
- ჩვენ ეს პრობლემა სიღმისეულად შევისწავლეთ. ყველაფერი აღრიცხული გვაქვს, რა ხარჯებით უნდა გაკეთდეს ის, რომ აყვანილი იქნას გამომძიებლები და ეფექტურად იქნას გამოძიებული. უნდა ჩამოყალიბდეს ცალკე დეპარტამენტი პროკურატურაში, სადაც თავმოყრილი იქნება ყველა საქმე. იმიტომ, რომ ყველა საქმე ერთმანეთზეა გადაბმული. ჩვენ გვაქვს სრულყოფილი ბიზნესგეგმა, რომელიც მზად ვართ შევთავაზოთ მთავრობას. ასევე, თანხების ანაზღაურება, რაც ვერ მოიძიება აი იმ კერძო პირებში, რომლებმაც დაიტაცეს ეს ქონება და სახელმწიფოს მოუხდება ამის გადახდა.
ამ შემთხვევაშიც უნდა შეიქმნას სპეციალური რეაბილიტაციის ფონდი, რომელიც მეხამრიდის როლს შეასრულებს ბიუჯეტთან მიმართებაში. ანუ, სასამართლოდან მოგებული მოთხოვნები, აი ამ ფონდის მიერ უნდა იქნას დაკმაყოფილებული. თავის მხრივ ამ ფონდებში უნდა წავიდეს ყველა დაუსაბუთებელი ქონება, რომელსაც ვერ შეძლებს მეპატრონე, რომ დაასაბუთოს საიდან აქვს ეს ქონება. ნულოვან აუქციონებთან დაკავშირებიითაც, უნდა იქნას გამოძიებული არის თუ არა დანაშაულებრივი დატაცების ნიშნები. სახელმწიფოს მხრიდან ქონების მითვისება და რომელიმე ზონდერზე გადაცემა უნდა იქნას ანულირებული, ჩამორთმეული და მიმართული ამ ფონდში. ასევე უნდა მოხდეს პრეზიდენტის მიერ 1 ლარად გაყიდული ქონებების შემთხვევაში.
ყოველთვის იყო რაღაცა პირობა, რაღაცის გამო. ესეც უნდა გადამოწმდეს, რის გამო მიეცა მავანს და მავანს 1 ლარად ქონება და იქაც თუ დარღვეულია პირობები, ანულირებული უნდა იქნას. უნდა შეწყდეს ბიზნესემების დაწიოკება. ძლივს მოვიდა მთავრობაში მეურნე კაცი, ბიზნესმენი კაცი, რომელმაც თავის თავზე გამოსცადა სიმწარე ბიზნესის წართმევის და დაყაჩაღების. ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დაისაჯონ ეს დამყაჩაღებლები. გამოძიებული უნდა იქნას ყველა საქმე და უნდა მიხვდეს ხალხი, რომ პატიოსანი შრომა მომგებიანია.
თქვენს საქმეში ვინ ფიგურირებს, ვინ არიან ეს მაღალჩინოსნები?
- ჩემს საქმეში ჩარეული იყო ძალოვანი სტრუქტურები, საგადასახადო, საზედამხედველო სამსახური. მერია ჭრიდა კაბელებს, შემდგომ ჩვენს მიერ დაჭერილ ბოროტმოქმედებს პატრული უშვებდა. საქმეებს არ აღძრავდნენ. საქმეში საგადასახადო იყო ჩარეული - 11 მილიონით დაგვაჯარიმა ინტერნეტის იაფად გაყიდვისათვის. ასევე ჩარეული იყო მარეგულირებელი კომისია, რომელმაც 660 ათასი ლარით დაგვაჯარიმა, რომელმაც მწყობრიდან გამოიყვანა „კავკასუს ონლაინის“ ფინანსური მდგომარეობა. დღეის მდგომარეობით ჩემი კომპანია არის „ჯიემსი“ ჯგუფის ხელში და მას ხვიჩა მაქაცარია და ლევან ყარამანიშვილი ფლობენ. იძულებული გამხადა ყოფილმა ხელისუფლებამ, რომ ამ პიროვნებებისთვის მიმეყიდა მეათედ ფასში ჩემი კომპანია და გავქცეუილვიყავი საქართველოდან ჩემი ოჯახით, რათა არ აღმოვჩენილიყავი ციხეში.
რა ეტაპზეა დღეს თქვენი საქმე?
- გამოძიება პროკურატურაში 7 თვის წინ დაიწყო, მაგრამ 3 თვის წინ შეჩერდა. ეჭვი მაქვს, რომ სწორედ იმის გამო გაჩერდა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაზედაც პრემიერ-მინისტრი ამბობს, არ იქნა მიღებული, რათა დამნაშავეები დასჯილიყვნენ. გუშინ ბატონმა ბიძინამ განაცხადა, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს. აუცილებლად მისაღებია ასეთი პოლიტიკური გადაწვეტილება, იმიტომ, რომ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. თუ დამნაშავეები არ დაისაჯა, ეს სტიმულს აძლევს მომავალ დამნაშავეებს, რომ გახდნენ დამნაშავეები და ჩაიდინონ დანაშაული. ეს რაც შეიძლება მალე უნდა გაკეთდეს.
ის ადამიანები, რომლებსაც მილიარდები აქვთ დატაცებული, რა თქმა უნდა, ცდილობენ, რომ თავი დაიძვრინონ. დამნაშავე და კრიმინალი ყოველთვის ცდილობს, რომ რაღაცნაირი მექანიზმებით დაიცვას და დაიძვრინოს თავი. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ ეს ადამიანები დეზინფორმაციას ავრცელებენ, ცდილობენ, რომ ეს დატაცებული მილიარდების ნაწილი დაიხარჯოს იმაზე, რომ დეზინფორმაცია გაავრცელეონ.