აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობისთვის გასამართლებულ გიორგი ბარათელს, მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა უკანონო ნივთის ე.წ. შტირის შენახვა-გამოყენების ბრალდებით 2 წლიანი პატიმრობა დაუმატა. თავად ბარათელი და მისი უფლებების დამცველი ადვოკატი მამუკა ნოზაძე აცხადებენ, რომ “შტირის“ ამბავი შეთითხნილია, პირდაპირ კავშირშია გურამ შარაძის მკვლელობის საქმესთან და საბოლოო მიზნად ისახავს ბარათელის გასაჩუმებლად მის დაშინება-დაშანტაჟებას, რადგან ნამდვილ მკვლელებს ხელს არ აძლევთ საქმის ხელახალი ძიება, რაც შემკვეთის და შემსრულებლების ვინაობას გამოააშკარავებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბარათელის საქმის განხილვა 1 საათი და 25 წუთი გრძელდებოდა. ბარათელის უფლებებს ადვოკატი მამუკა ნოზაძე იცავდა. ბრალდებას პროკურორი თამაზ ჯალიაშვილი წარმოადგენდა. პროცესს უწყვეტად იღებდა ტელეკომპანია “იმედი“. საქმის განხილვას ესწრებოდა გურამ შარაძის ოჯახის უფლებების დამცველი, ადვოკატი ირაკლი გაბრიჭიძე. სხდომის მიმდინარეობას აკვირდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სასამართლოებზე მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენელი.
ბარათელმა თავის ბოლო სიტყვაში თქვა, რომ გურამ შარაძის მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიების მიზნით დაახლოებით ორი თვე ითხოვდა მასთან ადვოკატი, ან პროკურორი მისულიყო და რადგან მისი მოთხოვნა ყურად არავინ იღო, ვენები გადაიჭრა. ამაზე საქმე აღიძრა. ბარათელს არ დაუკონკრეტებია ეს ამბავი როდის მოხდა. როგორც თავად განმარტა, ვენების გადაჭრა ჩვევად ჩაუთვალეს და ე.წ. „ბალნიჩკაზე“ ჩაიყვანეს, სადაც ერთ-ერთი პატიმრის პირით გათავისუფლების სანაცვლოდ გარკვეული წინადადება შესთავაზეს:
“ჩამიყვანეს ე.წ. ბალნიჩკაზე, სადაც პატიმარი მომიგზავნეს. ის პატიმარი მეუბნებოდა, გასვლა თუ გინდა, არის ერთი ასეთი პოლიტიკოსი, ხაინდრავა და თქვი, რომ ვითომდა იმან ფული გადაგიხადა და შენს თავზე აიღე გურამ შარაძის მკვლელობაო... ეს “შტირი“ და ყველაფერი ადმინისტრაციის მოგონილია, იმის გამო რომ მკვლელობაზე საქმე არ დამეშალა და არ მეთქვა, რომ გურამ შარაძე მე არ მომიკლია. ექვსი წელი ვიჯექი და არაფერი არ მქონდა. საქმის დაშლა დავიწყე თუ არა, რომ გურამ შარაძის მკვლელობაზე მეთქვა სიმართლე, მაშინ აღმომაჩნდა ლურსმანი. ვიღაცას არ აწყობს ვთქვა სიმართლე გურამ შარაძის მკვლელობაზე“.
მოსამართლე ჯემალ კოპალიანის მიერ საქართველოს სახელით გამოტანილი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება თუ არა, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ადვოკატი მამუკა ნოზაძე განაჩენის სამოტივაციო ნაწილს გაეცნობა.