4 მაისს ვირჯინიის შტატის სასამართლოზე ამბერ ჰერდი გამოვიდა სიტყვით და ჯონი დეპთან ძალადობრივი ურთიერთობის თავის გამოცდილებაზე ილაპარაკა. უახლოეს დღეებში როგორც მოსარჩელე, ისე დაცვის მხარე სწორედ ამბერ ჰერდს დაკითხავს სასამართლოზე, რომელიც პირდაპირი ეთერით ამერიკულ ტელევიზიაში გადაიცემა.
გასულ კვირებში სასამართლოზე ძირითადად ჯონი დეპის პოზიცია მოისმინეს, რომელმაც ყოფილი ცოლი სხვადასხვა მტკიცებულების წარდგენითა და მოწმების ჩვენებებით ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობაში დაადანაშაულა. კარიბის ზღვის მეკობრეების მსახიობმა დაადასტურა, რომ თავს ოჯახში ძალადობის მსხვერპლად მიიჩნევს.
საპირისპირო ვერსია აქვს ამბერ ჰერდს და ჯონი დეპის მიერ ფიზიკური ძალადობის, სექსუალური ძალადობის, ეჭვიანობის, ავეჯის დაზიანებისა და ალკოჰოლისა თუ ნარკოტიკების ზედოზირების შემთხვევებს იხსენებს.
ჰერდმა სიტყვით გამოსვლის პირველ დღეს დეტალურად აღწერა პირველი შემთხვევა, როცა, მისი მტკიცებით, ყოფილმა ქმარმა მასზე იძალადა. როგორც თავად ამბობს, ეს "არასდროს დამავიწყდება", რადგან ამან "ჩემი ცხოვრება შეცვალა".
ჰერდის თქმით, ურთიერთობის საწყისი ეტაპის ერთ დღეს "ჩვეულებრივი საუბარი" ჰქონდათ, როცა დეპს მკლავზე დახატული ერთ-ერთი ტატუს შესახებ ჰკითხა, რადგან "მისი გარჩევა რთული იყო". როგორც თავად ამბობს, როცა პასუხი მიიღო, გაეცინა, რამაც დეპი გააბრაზა.
"მარტივია: გამეცინა, რადგან მეგონა, რომ ხუმრობდა. მან კი უცებ სახეში გამარტყა. ისევ გამეცინა, რადგან არ ვიცოდი, რა რეაქცია უნდა მქონოდა ამაზე. ვფიქრობდი, "ალბათ, ხუმრობს"... არ ვიცოდი, რა ხდებოდა. სახეში შევხედე და კვლავ მეცინებოდა, რადგან მეგონა, რომ ისიც სიცილს დაიწყებდა და მეტყოდა, რომ იხუმრა. მაგრამ ასე არ მოქცეულა", — განაცხადა ჰერდმა.
ჰერდის თქმით, ამის შემდეგ დეპმა მას კიდევ ერთხელ გაარტყა, რა დროსაც წონასწორობა დაკარგა და ძირს დაეცა.
"ვნატრობდი, რომ ეთქვა, ვხუმრობო. რადგან ფიზიკურად არ დავშავებულვარ... მაგრამ მისი მიტოვება არ მინდოდა. ვიცი, რომ ეს არასწორი იყო. და ვიცი, რომ უნდა მიმეტოვებინა. სწორედ ამან გამანადგურა... ნეტავ შემეძლოს იმის თქმა, რომ ავდექი, სახლიდან წავედი და ურთიერთობა მაშინვე გავწყვიტე", — მიმართა ატირებულმა ამბერ ჰერდმა ნაფიც მსაჯულებს.
როგორც The Guardian წერს, მან ასევე გაიხსენა 2013 წლის მაისში მომხდარი შემთხვევა, როცა ჯონი დეპმა ტანსაცმელი შემოახია და თითები ვაგინაში შეუყო. "თავის ნარკოტიკებს, თავის ჰეროინს ეძებდა", — განმარტა ჰერდმა.
მანამდე სასამართლოზე ფსიქოლოგმა ჩვენების მიცემისას ახსენა, რომ ამ შემთხვევის შესახებ ამბერ ჰერდმა მასაც უამბო.
ნარკოტიკებზე და ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო ამბერ ჰერდმა ჯონი დეპის არაერთი ძალადობრივი ეპიზოდი გაიხსენა, მათ შორის ბაჰამის კუნძულებზე იახტით მოგზაურობისას როგორ დაემუქრა სიკვდილით, თუ ჯონი დეპის შვილებს გაუმხელდა, რომ მათი მამა კვლავ ნარკოტიკებს იღებდა.
"მიჭირს სიტყვები ვიპოვო იმის აღსაწერად, თუ როგორი მტკივნეულია ეს ყველაფერი... ჩემთვის საშინელებაა, რომ კვირების განმავლობაში ვიჯდე აქ და ეს ყველაფერი ხელახლა გამოვიარო... ეს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და რთული რამაა, რაც კი ოდესმე გამომიცდია", — განაცხადა ჰერდმა სასამართლოზე.
თავის მხრივ ჯონი დეპი უარყოფს ყოფილი ცოლის ბრალდებებს და ტატუს შემთხვევაზე ამბობს, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა:
"მის ჰერდისთვის არასდროს გამირტყამს. ჩემს ცხოვრებაში ქალისთვის არასდროს გამირტყამს. ჩემს სხეულზე დახატული ტატუს გამო ქალს არ დავარტყამ... ეს ბრალდება უბრალოდ აბსურდულია".
შეგახსენებთ, რომ ჯონი დეპი ყოფილ ცოლს, ამბერ ჰერდს ცილისწამებისთვის უჩივის და ზიანის ასანაზღაურებლად $50 მილიონს ითხოვს. ჰერდმა 2018 წელს The Washington Post-ში გამოაქვეყნა ოპ-ედი, სადაც განაცხადა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო. ამბერს ტექსტში ყოფილი ქმრის სახელი არ უხსენებია, თუმცა დეპის სარჩელში აღნიშნულია, რომ ოპ-ედი სწორედ მას ეხებოდა, რის გამოც მისი კარიერა დაზიანდა და როლები დაკარგა.
გასულ კვირებში ძირითადად ჯონი დეპის დაცვის მხარემ წარადგინა თავისი მტკიცებულებები და მოწმეები, ახლა კი ამბერ ჰერდი მოჰყვება სასამართლოზე ისტორიის თავის ვერსიას და საბოლოო გადაწყვეტილებას ნაფიცი მსაჯულები მიიღებენ.