ჯასტინ ბიბერის თქმით, იმედგაცრუებული იყო, როცა მიხვდა, რომ ქორწინება მის ყველა პრობლემას ვერ მოაგვარებდა

ჯასტინ ბიბერის თქმით, იმედგაცრუებული იყო, როცა მიხვდა, რომ ქორწინება მის ყველა პრობლემას ვერ მოაგვარებდა

კანადელმა პოპვარსკვლავმა, ჯასტინ ბიბერმა, ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში თავის ქორწინებაზე ღიად ისაუბრა. მომღერლის თქმით, იმედგაცრუებული იყო, როცა აღმოაჩინა, რომ ქორწინება მის ყველა პირად პრობლემას ვერ გადაჭრიდა.

28 წლის ბიბერი მოდელ ჰეილი ბოლდუინზე 2018 წელს დაქორწინდა. წყვილი მანამდე დიდი ხნის განმავლობაში იცნობდა ერთმანეთს.

"მახსოვს, როცა პირველად დავქორწინდი, ძალიან განვიცადე, რადგან მეგონა, ქორწინება ყველა ჩემს პრობლემას მოაგვარებდა, თუმცა, ასე არ ყოფილა", — ამბობს ბიბერი.

მომღერლის თქმით, ქორწინებიდან ასევე მალევე აღმოაჩინა, რომ სურდა, ჰეილის ის შეესრულებინა, რასაც თავად არ აკეთებდა.

"ზოგჯერ რთულია, როცა სარკეში იხედები და იაზრებ, ის პიროვნება არ ხარ, რომელიც გეგონა, რომ იყავი", — აღნიშნავს ჯასტინი, — "ეს კი ტრავმისა და ცხოვრებისეული გარემოებების შედეგია".

კანადელ პოპვარსკვლავს წინათაც უსაუბრია, რა გავლენა მოახდინა მასზე ადრეულ ასაკში მოპოვებულმა პოპულარობამ. ბიბერის თქმით, ამან მას ნარკოტიკების გამოყენებისა და ყოფილ პარტნიორებთან არასათანადო ქცევისკენ უბიძგა, ასევე, გააუარესა მისი მენტალური მდგომარეობა.

ინტერვიუში ჯასტინმა აღნიშნა, რომ საკუთარი თავისთვის აკიდებული ტვირთის შემსუბუქებაში "რწმენა" და "იესოსთან ურთიერთობა" დაეხმარა.

თუმცა, მომღერლის თქმით, ქორწინებაში ყოფნისას თავიდან სწორედ რწმენა აკლდა.

"პირველი წელი მართლაც რთული იყო, ნდობის ნაკლებობის გამო", — ამბობს მომღერალი.

ეს პერიოდი ჰეილისთვისაც არ ყოფილა ადვილი. გასულ წელს ერთ-ერთ პოდკასტში საუბრისას მოდელმა გაიხსენა, რომ დაქორწინებიდან ცოტა ხანში დედამისს ატირებულმა დაურეკა.

"ვუთხარი, ამას ვერ გავაკეთებ; გამორიცხულია, რომ ეს შევძლო, თუკი სამუდამოდ ასე გაგრძელდა-მეთქი", — ჰყვება ჰეილი.

თუმცა, მოდელის თქმით, საბოლოოდ ქმრის გვერდში დგომა გადაწყვიტა.

"გადაწყვეტილება მივიღე. დანამდვილებით ვიცოდი, რომ ეს პიროვნება დიდი ხანია, მიყვარდა და ახლა დანებების დრო არ იყო", — გაიხსენა ჰეილიმ ჯასტინის მენტალურ მდგომარეობაზე საუბრისას, — "ამას არ გავუკეთებდი.

"წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცას მის ცხოვრებაში ყველაზე რთულ პერიოდში ტოვებთ მარტოს. ასეთი ადამიანი არ ვარ", — დასძენს მოდელი, — "ამიტომ, ვამჯობინე, ბოლომდე დავრჩენილიყავი, იმის მიუხედავად, რა შედეგი მოჰყვებოდა ამას".