მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მოთხოვნით გამართულ აქციას და „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ გეგმებს გამოეხმაურნენ მმართველი გუნდის წევრები. როგორც „ქართულ ოცნების“ წევრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, სააკაშვილს უტარდება შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა, დანარჩენი კი მხოლოდ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მოთხოვნებია, რომლებსაც კანონის გვერდის ავლით სურთ სააკაშვილმა საპატიმრო დატოვოს.
„მას უტარდება და ჩაუტარდება ყველა სამედიცინო პროცედურა, რაც კი ესაჭიროება. სხვა დანარჩენი ეს არის პოლიტიკური ამოცანა „ნაციონალური მოძრაობის“, რომ ამ დასკვნებს ამოფარებული, კანონის გვერდის შემოვლით როგორმე მიხეილ სააკაშვილს დაატოვებინონ საპატიმრო“, - განაცცადა ამილახვარმა.
მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, მისი ოჯახის ორგანიზებით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა. აქციაზე იმყოფებოდნენ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, „ნაციონალური მოძრაობისა“ და პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ასევე ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები.