ინტერვიუ გურიაში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან.
"მოგესალმებით და მადლობას გიხდით, რომ მომეცა შესაძლებლობა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, თუ რა მნიშვნელოვანი პროექტები მიმდინარეობს გურიის რეგიონში და რა კეთდება როგორც ცენტრალური მთავრობის, ასევე, მუნიციპალიტეტების მიერ იმისთვის, რომ მოქალაქეებმა ისარგებლოს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, გამართული სახელმწიფო სერვისებით და მომსახურებით.
- თქვენ ხაზი გაუსვით რეგიონის ინფრასტრუქტურულ გაძლიერებას, რა მნიშვნელოვან პროექტებს გამოყოფდით ამ მიმართულებით?
პირველ რიგში, მსურს საუბარი დავიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამით - „განახლებული რეგიონები“, რომელიც მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტების ურბანულ განახლებას და ხორციელდება ისეთი სახის პროექტები, როგორიცაა: მნიშვნელოვანი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების განახლება; რეკრეაციული სივრცეების მოწყობა და პარკებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს კულტურისა და დასვენების პარკის სრული რეაბილიტაცია, მასშტაბური პროექტი მოიცავს პარკში ველობილიკების, სკეიდმოედნის მოწყობას, საბავშვო ატრაქციონების განახლებას, სპორტული და რეკრეაციული სივრცეების შექმნას. პარკის რეაბილიტაციისთვის თანხა მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოიყო და პროექტის ღირებულება 2 687 700 ლარს შეადგენს. მალე დასრულდება ყოფილი ფოსტის შენობის ფასადის რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. ასევე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მერიის ადმინისტრაციული შენობის ფასადის განახლება. ქალაქ ლანჩხუთში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში განხორციელდება ცენტრალური მოედნის, ცენტრალური პარკისა და საავტომობილო მაგისტრალიდან ლანჩხუთში შესასვლელი კვანძის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია, ხოლო დაბა ჩოხატაურში განახლდება ცენტრალური მოედანი და დუმბაძის ქუჩა.
- ხორციელდება თუ არა თქვენს რეგიონში პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს მეწარმეებს და მიმართული იქნება კერძო სექტორის სტიმულირებისთვის?
საქართველოს მთავრობა დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით ძალიან საინტერესო პროექტებს სთავაზობს გურულ მეწარმეებს და ბიზნესის დაწყების მსურველ მოქალაქეებს, როგორც ტრადიციული დარგების განვითარების ხელშეწყობის კუთხით, ასევე, ინოვაციური პროექტების განხორციელებაში.
როდესაც ინოვაციებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ოზურგეთის ტექნოპარკი, რომელიც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ იანვარში გაიხსნა ოზურგეთში. ეს არის სივრცე, რომელიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ და გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება, დანერგონ და განახორციელონ ნოვატორული ბიზნეს იდეები.
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში GITA-მ უკვე გამოავლინა პირველი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გურიის რეგიონში, 100 000 ლარიანი დაფინანსება მოიპოვეს პროექტებმა:
GOODTOURS - ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოდამზოგავი ფერმა - რანჩოს აშენება და მასში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და PV Greenhouse- SOLAGRO - პირველი ფოტოელექტრული სათბური საქართველოში, რომელიც ერთ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე მოიყვანს როგორც აგროპროდუქციას, ასევე, აწარმოებს და გაყიდის ელექტროენერგიას. ხოლო 30 000 ლარიანი გრანტის მფლობელები გახდნენ: ლინენის აპარატი - თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი აპარატი, რომლის პირველი საცდელი პროტოტიპი ოზურგეთის ტექნოპარკის ფაბლაბში შეიქმნა და რეციკლირებაზე დაფუძნებული ეკონომიკა- 3D საამქრო - ქალაქ ოზურგეთში ნარჩენების გადამუშავების შედეგად შეიქმნება მაღალი კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე პროდუქტები, რომლებსაც სამშენებლო თემატიკა, ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი აერთიანებთ.
ინოვაციების და ტექნოლოგიების ცენტრის გარდა, სრიგპ-ს ფარგლებში კონკრეტულ პროგრამებს ახორციელებენ აწარმოე საქართველოში და სოფლის განვითარების სააგენტო. ის პირები, რომლებიც გადაწყვეტენ გახდნენ ამა თუ იმ პროგრამის ბენეფიციარები, კონკურენციაში არიან მხოლოდ გურიის მასშტაბით არსებულ მონაწილეებთან, რაც ზრდის შესაძლებლობას მივიღოთ გაცილებით მეტი დაფინანსებული პროექტი.
- გარდა აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტებისა, რომლებზეც უკვე ისაუბრეთ, შეგვიძლია თუ არა გამოვყოთ კიდევ სხვა მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებზეც ახლა მუშაობთ ან აპირებთ სამომავლოდ შესთავაზოთ მოსახლეობას.
გურიაში დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობა. რეგიონში გვაქვს მრავალბინიანი სახლები, რომლებშიც წლებია ცხოვრობენ მოქალაქეები და სხვადასხვა მიზეზით ვერ ახერხებენ საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში რეგისტრაციას. სამივე მუნიციპალიტეტში შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ობიექტურად და კანონმდებლობის სრული დაცვით განიხილავენ თითოეული მცხოვრების საკითხს, რაც მოგვცემს საშუალებას დავინახოთ რეალურად თუ რა საჭიროება უდგას ამა თუ იმ ოჯახს. ამ საკითხის საფუძვლიანი შესწავლა მოითხოვს გარკვეულ დროს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ პროცესი უკვე დაწყებულია. ასევე, შექმნილია სამუშაო ჯგუფები და მიმდინარეობს მუშაობა კიდევ ერთი ინიციატივის განხორციელებაზე, რაც დამისამართების საკითხის მოგვარებას გულისხმობს.
პროცესების სწორად წარმართვით ჩვენ შევძლებთ, რომ გურიაში არ დარჩება არც ერთი ქუჩა და დასახლება, რომელსაც არ ექნება მისამართი, რაც მნიშვნელოვან დაბრკოლებებს მოუხსნის ჩვენს მოქალაქეებს და შეძლებენ შეუფერხებლად ისარგებლონ როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო სექტორის სერვისებით".