სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა მონაცემების გადამოწმების პროცესში, რომლებმაც 24 ბინა უნდა დაიკავონ, შსს-ც ჩაერთვება. ამის შესახებ თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა აცხადებს.
ქაცარავას თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ბინით დაკმაყოფილებას ის ადამიანები ითხოვენ, რომელთაც ამის საჭიროება არ გააჩნიათ.
რაც შეეხება აქციას, რომელსაც ბინით დაკმაყოფილების მოთხოვნით სოციალურად დაუცველები მერიის შენობასთან აქციებს მართავენ, ქაცარავა აცხადებს, რომ მსგავსი ქმედება მერიის მხრიდან წახალისებული არ იქნება, რადგან საბინაო პოლიტიკა გარკვეულ კრიტერიუმებს ექვემდებარება.
ბენეფიციართა შერჩევის მიზნით, ერთ კვირაში სპეციალური კომისია ჩამოყალიბდება, სადაც მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, საკრებულოს ყველა ფრაქციის წევრი, ჯანდაცვისა და დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები, შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტო, გაეროს განვითარების ფონდი შევა. ასევე, მათ საქმიანობას დააკვირდება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო.
რა კრიტერიუმით შეირჩევიან ბენეფიციარები და რამდენ ქულას უნდა აკმაყოფილებდნენ ისინი, რომ ბინებით უზრუნველყოფილ იქნან? ამის შესახებ For.ge-ს მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაჩანიძე ესაუბრნენ.
მამუკა ქაცარავას თქმით, შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს მიერ შედგენილ კრიტერიუმებს ამ დროისთვის 300 ბენეფიციარი აკმაყოფილებს, ხოლო სპეციალური კომისია ამ 300-დან 24 ბენეფიციარ ოჯახს აარჩევს და მათ დიდ დიღომში ბინებს გადასცემს.
მამუკა ქაცარავა აცხადებს, რომ ბინების მოთხოვნის მიზნით მერიაში 7 ათასზე მეტი განაცხადი შევიდა. თუმცა გამორიცხული არ არის, მათგან 5 ათას ოჯახს სახლი ჰქონდეს. უბრალოდ, რატომღაც ყველას ჰგონია, რომ საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებელი პროგრამებით მათაც უნდა ისარგებლონ.
ამ დროს კი მერიამ ეს პროექტი შვეიცარიასთან ერთად იმისთვის დაიწყო, რომ სოციალური საბინაო პოლიტიკის შექმნის ჩანასახი გაჩენილიყო ქვეყანაში. ამდენად, არ შეიძლებოდა ას და ორასბინიანი პროექტის განხორციელება, ვინაიდან ამის მართვა შეუძლებლი იქნებოდა და ამას თავისი გართულებები მოჰყვებოდა. კერძოდ, დღეს რომ ასი ბინა ააშენო, ხვალ ათი და ასი ათასი ოჯახი მოგმართავს თხოვნით, სახლი არ მაქვსო.
მამუკა ქაცარავა აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ყველაზე გაჭირვებული ოჯახები შეირჩა, რომლებსაც არანაირი რესურსი არ აქვთ, რომ მომავალში საცხოვრებელი პირობები გაიუმჯობესონ. ამ ოჯახებს 57 ათასზე დაბალი სარეიტინგო ქულა ისედაც მინიჭებული აქვთ, რაც სიღატაკის პროგრამაში მათ ყოფნას ადასტურებს. მეორე კრიტერიუმი კი არის, რომ ისინი აუცილებლად თბილისში უნდა იყვნენ რეგისტრირებულნი და არსად არ უნდა ურეგისტრირდებოდეთ საცხოვრებელი ფართი ან მიწის ნაკვეთი. თუ ამ ადამიანებს ექნებათ პირველი ჯგუფის ინვალიდობა, მათაც უპირატესობა ენიჭებათ, ისევე, როგორც უპირატესია ისეთ ოჯახი, სადაც ბაბუა და ბებია ობოლ შვილიშვილს ზრდის. ასევე, ბავშვთა სახლიდან გამოსული ადამიანი, რომელსაც არაფერი გააჩნია.
ამ კრიტერიუმებს კი 300 ოჯახი აკმაყოფილებდა. თუმცა მათგან ასის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, რადგან სოციალურმა მუშაკებმა ისინი ვერსად მოიძიეს. მისივე განმარტებით, იმ ოჯახთან შედარებით, სადაც 30 წლის შრომისუნარიანი მამაკაცი ცხოვრობდა, ინვალიდი შვილის აღმზრდელ ოჯახს მიენიჭა უპირატესობა.
მამუკა ქაცარავას თქმით, ამ 300 ოჯახის შემოწმება ორმა ჯგუფმა განახორციელა, რომელიც დაიქირავა გაეროს განვითარების პროგრამამ - „სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ“. მათ მიერ შეირჩა 46 ოჯახი. ამჟამად კი ამ 46-დან შესარჩევია 24 ოჯახი, რადგან მერიას 24-ზე მეტი ბინა არ გააჩნია.
„შესაძლოა, ამ 24 ოჯახის გარდა, პირობების გაუმჯობესებას სხვა ოჯახიც ითხოვს, მაგრამ ამისთვის სახელმწიფო პოლიტიკაა შესამუშავებელი. საბინაო ფონდი დღეს არ არსებობს. ასე ქაოსურად, ვინც მოვა, სახლი მომეცითო, ვერ დავაკმაყოფილებთ. მაშინ ქვეყანა საერთოდ დაინგრევა. თუ ჩვენ ობიექტურად ვერ გადავანაწილეთ ეს 24 ბინა და ქაოსსა და შეჭრას წახალისება მივეცით, მომავალში ამ პოლიტიკას ვეღარ განვავითარებთ. ბინების აშენებას სახელმწიფო გადანაწილების პოლიტიკა სჭირდება. ახლა თბილისში რომ დაიწყოს სახლების აშენება და ქუთაისიდან ყველა აქეთ წამოვიდეს, ასე არ შეიძლება. ამიტომ ამას საპარლამენტო გადაწყვეტილება, საკანონმდებლო ბაზის შეცვლა სჭირდება“, - აცხადებს მამუკა ქაცარავა.
ჩვენ დავინტერესდით, 24 ოჯახის გარდა, დანარჩენ ბენეფიციართა მოლოდინი ხომ არ გაჭიანურდება?! ამის შესახებ მამუკა ქაცარავამ გვითხრა, რომ ეს 300 ოჯახი შესაძლოა, მომავალში 500 გახდეს, რადგან, რაც მეტს ააშენებ, იმდენად მეტი უსახლკარო ჩნდება ქვეყანაში. ამას ლიტვის მაგალითიც ადასტურებს, ლიტვამ ააშენა სახლები და ახლა იქ 10 ათასი უსახლკარო გაჩნდა. ამიტომ ჩვენ არ უნდა გავატაროთ ისეთი პოლიტიკა, რომ ადამიანს არ ჰქონდეს განცდა, თუ დავკარგავ სახლს, მივალ მერიაში, ჯანდაცვის ან ეკონომიკის სამინისტროში და ბინას ავიღებო.
თუ რა გახდა ძირითადი მიზეზი, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი თბილისში ბინების გარეშე აღმოჩნდა, ამის შესახებ მამუკა ქაცარავა აცხადებს, რომ ძალიან ბევრი მათგანი თბილისში ჩამოსულია, ქირას ვერ იხდის და ითხოვს ბინას. უსახლკარობას სხვა მიზეზებიც განსაზღვრავს. თუმცა მისი თქმით, განსაკუთრებული აქცენტი კიდევ იმ ადამიანებზე კეთდება, რომლებიც უსახლკაროდ დარჩნენ სამედიცინო მომსახურების გამო ბინების გაყიდვის შედეგად. კერძოდ, მისი თქმით, 90-იან წლებში სამედიცინო მომსახურებაზე მაღალი ხარჯები ფიქსირდებოდა, ზოგჯერ 20-30 ათასი დოლარი სჭირდებოდა ადამიანის მკურნალობას, სახელმწიფო არაფერს აფინანსებდა და ამის გამო უსახლკაროდ რჩებოდნენ, რადგან ძნელი სანახავი იყო, როცა მშობელს ან შვილს სიმსივნე ჰქონდა. ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული შერჩევისას სწორედ ეს კრიტერიუმი უნდა იყოს.
გიორგი ჩაჩანიძის თქმით, მართალია, თბილისში უსახლკაროების 7500 განცხადებაა რეგისტრირებული, მაგრამ ეს ბაზა სინამდვილეში რამდენია, არავის შეუსწავლია. ადამიანები შიდა მიგრაციის გამო დარჩნენ უბინაოდ ან სხვადასხვა მიზეზთა გამო დაკარგეს საცხოვრისი. მათ შორის, ბევრია ყოფილი იპოთეკარი, ამიტომ რთულია ერთმა რომელიმე უწყებამ აიღოს თავის თავზე და დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ამ ადამიანების ბედი. ამისთვის სახელმწიფო პოლიტიკაა ჩამოსაყალიბებელი და ბევრი უწყება უნდა თანამშრომლობდეს, რათა სამართლიანი იყოს ამ ადამიანების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება.
მისივე თქმით, შვეიცარიული მხარის მოთხოვნა იყო, რომ ერთ-ერთი პირველი დევნილთა გარკვეული რაოდენობა დაკმაყოფილებულიყო. ამიტომ პირველ ორ ეტაპზე დევნილებმა მიიღეს დროებითი საცხოვრისი. ამ 24 ბინიდანაც 7 ბინა სწორედ იძულებით გაადგილებულ პირთა ოჯახებს გადაეცემათ.
„ამ ეტაპზე უკვე ოთხი ბინა აშენდა, რომელიც 50-50 %-ის თანაფარდობით მერიისა და შვეიცარიის მხარის მიერ დაფინანსდა. ძნელია, გაარჩიო ვის ესაჭიროება პირველ რიგში ბინა, რადგან ამ ბაზაში ყველა გაჭირვებულია. თუმცა შეირჩა 300 ოჯახი, რომელიც მეტ-ნაკლებად ერთნაირ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მათგან დამატებითი კრიტერიუმის საფუძველზე გამოირჩა 47 ოჯახი. ეს პროცესი კი უცხოელების ჩართვის შედეგად გამჭვირვალედ მიმდინარეობდა. სამწუხაროდ, მომავალი წლიდან შვეიცარიელი პარტნიორები დაფინანსებას წყვეტენ, თუმცა სხვა ტიპის დახმარებას აპირებენ. მონახაზი არსებობს და შესაძლოა, თბილისის მერიამ დაიწყოს კიდევ ერთი საცხოვრებელი კორპუსის აშენება, რომელიც შეიძლება ცოტა უფრო სოლიდური აღმოჩნდეს. ამიტომ, აქ ფრთხილი და ჭკვიანური გადაწყვეტილებაა საჭირო. არ უნდა წაახალისო, რომ ადამიანებმა სხვადასხვა მიზეზით დაკარგონ საცხოვრისი და მერე სახელმწიფოს მოსთხოვონ მისი აშენება, როგორც ეს სოციალისტურ ქვეყნებში ხდებოდა“, - აღნიშნავს გიორგი ჩაჩანიძე.
ამასთან, აცხადებს, რომ კარგად ესმის იმ ადამიანების, რომლებიც მოლოდინის რეჟიმში იმყოფებოდნენ, მაგრამ 24 საცხოვრისს ვერ გაანაწილებ ვერც 300 და, მით უმეტეს, ვერც 7 ათას კაცზე. მისი თქმით, ამით არ მთავრდება არაფერი და ეს ადამიანები გადაინაცვლებენ შემდგომ ეტაპზე, რაც მერიის ძალისხმევით მომავალ წელს უნდა განხორციელდეს. თუმცა გიორგი ჩაჩანიძეც ადასტურებს, რომ მხოლოდ თბილისში ამ ობიექტების მშენებლობა კიდევ უფრო მეტად წაახალისებს მიგრანტების ჩამოსვლას. ამიტომ რეგიონებშიც უნდა ხორციელდებოდეს ანალოგიური პროექტები.