სამყაროში უამრავი გალაქტიკა და მზის სისტემაა, რომელშიც შესაძლოა, არამიწიერი ცივილიზაცია არსებობდეს, მაგრამ მათთან კავშირი არ დაგვიმყარებია. ალბათ, ბევრ თქვენგანს აინტერესებს, კიდევ რამდენ ხანს უნდა მოვიცადოთ, სანამ პირველი კონტაქტი შედგება? სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობს მეცნიერთა მიერ ჩატარებული ახალი კვლევა, რომელიც გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდა.
რა თქმა უნდა, ძნელია, ისაუბრო იმაზე, რასთან შეხებაც არ გქონია, თუმცა უკანასკნელი რამდენიმე დეკადის განმავლობაში სპეციალისტები ამ საკითხზე აქტიურად მუშაობენ.
"ყოველთვის გვინდოდა გაგვეგო, რამდენი გონიერი ცივილიზაციაა ირმის ნახტომის გალაქტიკაში. ეს გამოწვევებით სავსე კითხვაა, რადგან ერთადერთი ცოცხალი მაგალითი, რომელსაც შეგვიძლია დავეყრდნოთ, ისევ და ისევ ჩვენ ვართ", — აცხადებენ ნაშრომის ავტორები.
ამ რიცხვის გამოსავლენად, ხშირად დრეიკის განტოლება გამოიყენება, თუმცა, კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ის ცვლადების ცდომილებას ვერ გამორიცხავს. მეცნიერებმა ამჯერად სხვა მიდგომა აირჩიეს და 2 ფაქტორზე გაამახვილეს ყურადღება — 1. რამდენი მყარი პლანეტა შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის თავსებადი და რამდენად შეიძლება იქ მობინადრე არსებები განვითარებულ ცივილიზაციად იქცნენ. 2. მშობელი ვარსკვლავის ევოლუციის რა ეტაპზეა ეს მოსალოდნელი.
პირველი მკვლევრებმა fc-თი აღნიშნეს, მეორე კი — F-ით. მათი სხვადასხვა მნიშვნელობის გათვალისწინებით ჩატარებულმა სიმულაციებმა 2 შედეგი გამოკვეთა. ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, F = 25%, fc = 0.1%. ეს იმას ნიშნავს, რომ ვარსკვლავს სიცოცხლის 25% უნდა ჰქონდეს გავლილი, ხოლო თითოეულ ეგზოპლანეტაზე გონიერი ცივილიზაციის გაჩენის შანსი 0.1%-ია. ამის გათვალისწინებით, მათი რაოდენობა 42,000 გამოდის და რომელიმესთან ორმხრივი კავშირის დასამყარებლად 2 000 წელი დაგვჭირდება.
პესიმისტური სცენარის თანახმად, F = 75%, fc = 0.001%. ამას ჩვენს გალაქტიკაში უცხოპლანეტური ცივილიზაციების რიცხვი 111-მდე დაჰყავს, მოცდის პერიოდი კი 400 000 წლამდე იზრდება.
"ამ ყველაფრის მიუხედავად, ცივილიზაციების არსებობის ხანგრძლივობა თვითლიმიტირებულია და ბევრ რამეზეა დამოკიდებული, როგორიცაა პოპულაციის პრობლემები, ბირთვული კატასტროფა, კლიმატის ცვლილება, კომეტასთან შეჯახება, ეკოლოგიური მდგომარეობა და სხვა.", — წერენ ავტორები და ხაზს უსვამენ, რომ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, შესაძლოა, კომუნიკაცია ვერ შედგეს.
ასე რომ, კაცობრიობას ლოდინის გარდა სხვა გზა არ დარჩენია.