კიმ კარდაშიანმა მეთ გალაზე მერილინ მონროს 1962 წლის კაბა მოირგო

კიმ კარდაშიანმა მეთ გალაზე მერილინ მონროს 1962 წლის კაბა მოირგო

2022 წლის მეთ გალას თემა "მოდის ანთოლოგია ამერიკაში: 'მოოქრული ხანის' ბრწყინვალება" იყო. ვარსკვლავების ნაწილი 1870-1900 წლების შესაბამისი სამოსით გამოცხადდა, ნაწილმა კორსეტები მოირგო, სხვებმა კი ოქროსფერი მოიხდინეს.

კიმ კარდაშიანი მეთ გალაზე მუდამ ყურადღების ცენტრშია და გამონაკლისი არც წლევანდელი ღონისძიება აღმოჩნდა. იმის გარდა, რომ კანიე ვესტთან ხმაურიანი დაშორების შემდეგ კიმი მეთ გალაზე პიტ დევიდსონთან ერთად მოვიდა, მან მსოფლიოს ყურადღება ღონისძიებისთვის შერჩეული კაბითაც მიიპყრო.

კიმმა მერილინ მონროს ბრილიანტებით მორთული საკულტო კაბა მოირგო. მონროს ეს კაბა 1962 წელს სიმღერა Happy Birthday, Mr. President-ის შესრულების დროს ეცვა, რომლითაც ჯონ კენედის დაბადების დღე მიულოცა.

აღსანიშნავია, რომ კიმმა არა მსგავსი, არამედ ზუსტად ეს კონკრეტული კაბა მოირგო. კაბა კიმმა კერძო თვითმფრინავით მიიღო და მისი მოსინჯვის დროს სპეციალური ხელთათმანები ეკეთა. პირველი მოსინჯვისას კაბა არ მოერგო. რადგანაც მისი გადაკეთება შეუძლებელი იყო, კიმმა 3 კვირაში დაახლოებით 7 კგ დაიკლო.

მერილინ მონროს კაბა ჟან ლუის შექმნილია. კაბას 2 500 ძვირფასი თვალი ხელით აქვს მიკერებული. კაბა მერილინს ერთ-ერთ ბოლო საჯარო გამოჩენაზე, სიკვდილამდე დაახლოებით 3 თვით ადრე ეცვა. მისი ამჟამინდელი ღირებულება დაახლოებით $10 მილიონია.