უკრაინელი ჟურნალისტები გაესაუბრნენ ბიჭს, რომელმაც ლვოვის ერთ-ერთ კაფეში შესულ ანჯელინა ჯოლის ყურადღება არ მიაქცია. ინტერვიუ მოზარდთან ТСН-მა გამოაქვეყნა.
გამოცემის ინფორმაციით, ბიჭი 14 წლის არის, მას იულიანი ჰქვია და ის მერვე კლასში სწავლობს. მან კაფეში შესვლა იმიტომ გადაწყვიტა, რომ სამარშრუტო ტაქსის ლოდინით დაიღალა. სწორედ ამ დროს იქვე ჰოლივუდის ვარსკვლავი აღმოჩნდა.
„მაგიდასთან დავჯექი და გავიგე, რომ ვიღაც ინგლისურად საუბრობს. ვიფიქრე, რომელიმე ამერიკელი Instagram-ვარსკვლავი იქნებოდა. ყურადღება არ მივაქციე. ვნახე, მაგრამ ვერ მივხვდი, ვერ ვიცანი“, - განაცხდა ბიჭმა და აღნიშნა, რომ ჯოლის მონაწილეობით ბევრი ფილმი აქვს ნანახი, თუმცა რეალობაში ის სხვანაირია.
იულიანი არ განიცდის იმას, რომ მიმების გმირი გახდა, პირიქით, მას მიაჩნია, რომ ახლა ყველას სჭირდება პოზიტიური ემოციები.
ანჯელინა ჯოლი ლვოვში პარასკევს ჩავიდა. მსახიობის უკრაინაში ვიზიტზე მეტად სოციალურ ქსელებში სწორედ ლვოვის ერთ-ერთ კაფეში გადაღებულ ვიდეოზე წერდნენ, რომლის მთავარი გმირიც იულიანი გახდა - როდესაც მსახიობი კაფეში შევიდა, ბიჭმა მას ყურადღება არ მიაქცია და თავისი მობილური ტელეფონით იყო გართული და მუსიკას უსმენდა.