როგორ იცვლებოდა საქართველოს ფართობი 1921-1927 წლებში

როგორ იცვლებოდა საქართველოს ფართობი 1921-1927 წლებში

საქართველოს ტერიტორიის შესახებ ადრინ­დელი ცნობები მოგვეპოვება დიდი ქართველი მეცნიერის, ისტორიკოსისა და გეოგრაფის – ვახუშტი ბაგრატიონის შრომებში. მას ხელთ ჰქონდა მრავალი ძველი ჩანაწერი, რომლითაც შეძლო საფუძვლიანად დაედგინა საქართველოს ტერიტორიული არეალი. საქართველოს ტერიტორიის საზღვრების თაობაზე და მასზე მცხოვრები ეთნოსის შესახებ ვახუშტი წერდა: „ხოლო სიგრძე ქვეყნისა არის პ ეჟი, ხოლო სიგანე სპერის ზღვისაკენ ი ეჟი, შუა ადგილი ლბ ეჟი, ხოლო ბოლო კერძი ლე ეჟი, და მდებარეობს კასპიისა და პონტოს ზღვათა შორის“. ე.ი. სიგრძე იყო 80 ეჟი, სიგანე 60 ეჟი და ბოლოც 35 ეჟი. ამავე წიგნში, სქოლიოში განმარ­ტებულია, რომ „სამი მილი ერთი ეჟი არის“, ე. ი. სიგრძე – 240 მილი, სიგანე – 180 მილი, შუა ადგილი – 96 და ბოლოც – 105 მილი (ძველ რუსეთში 1 მილი = 7,4 კმ).

საქართველოს ტერიტორია ჩრდილოეთი განედის 41°07÷43°35 და აღმო­სავლეთი გრძედის 40°00÷46°44 შორისა მდებარეობს და მისი ტერი­ტორიის ფართობი 76,284 კვადრატული კილო­მეტრია.

საქართველოს ისტორიული სინამდვილე შიდა და გარე პოლიტი­კურ-სოციალურ ვითარებათა მიხედვით იცვლებოდა და შესაბამისად, იცვლებოდა საქართველოს კუთვნილი მიწა-წყლის საზღვრებიც – ქარ­თუ­ლი მიწის შენარჩუნება-დაცვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, ტერი­ტორიის ბუნებრივი და მყარი მიჯნებით შემოფარგლულობა იყო: ჩრდი­ლოეთიდან საზღვრავდა კავკასიონის მთა­ვარი ქედი, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან – მდინარეები და მაღალი მთები, დასავლეთიდან – შავი ზღვა. სწორედ ეს პირობები განსაზღვრავდა მცირედი ძალებით ქართული მიწა-წყლის დაცვას მომხვდური და მოძალადე ურიცხვი მტრისაგან.

ცნობილი ქართველი, ბერძენი, რომაელი და სხვა ქვეყნების მეცნი­ერ-მკვლევარების მიერ დაწერილი და არქეოლოგიური გათხრების შედე­გად მოპოვებული არტეფაქტები საშუალებას იძლევა დადგინდეს ის ისტორიული საზღვრები, რომლებიც ჰქონდა საქართველოს წარ­სულში.

ინფორმაციისათვის: 1919 წელს ერთა ლიგის მიერ დე-ფაქტოდ ცნობილ საქართვე­ლოს საზღვრებში 93000 კმ2 მიწა ირიცხებოდა. ბრესტ-ლიტოვსკის ზავი­სა და ყარსის 1921 წლის ხელშეკრულების საფუძველ­ზე თურქეთს გადა­ეცა ყოფილი ბათუმის ოლქის სამხრეთი ნაწილი (მაჭა­ხელა, ბორჩხა და მაკრიალა), ართვინის ოლქი, არდაგანის ოლქი – სულ 15617 კმ2 მიწა. საქართველოს რევკომის 1921 წლის დეკლარაციის საფუძველზე სომხეთ­მა მიიღო ვორონცოვო-ლორეს რაიონი (ბორჩალოს მაზრის სამხრეთ ნაწილი) – 2367 კმ2 და სსრკ ცაკის 1925 წლის დადგე­ნილებით ლოკ-ლარკარის ქედის ჩრდილოეთი ფერდობი (ბორჩალოს მაზ­რა) – 208 კმ2. სულ სომხეთმა საქართველოს ტერიტორიიდან მიიღო 2575 კმ2. საქართ­ველოს სსრ და აზერბაიჯანის სსრ რევკომების შეთანხ­მებითა და ამიერ­კავკა­სიის ცაკის დადგენილებით აზერბაიჯანმა მიიღო ზაქათალას ოლქ­ში 3994 კმ2, გარეჯის ველი და ქვემო ყარაიაზის სექტო­რი – 659 კმ2, ელ­და­რი (სიღნაღის მაზრა) – 547 კმ2, სულ აზერბაიჯანმა საქართველოს ტე­რი­ტო­რიიდან მიიღო 5199 კმ2 მიწა. სსრკ ცაკის 1925 წლის დადგენილე­ბით რუსეთის ფედერაციამ მიიღო კრასნოდარის მხა­რი­სათვის პოლენკოვო (აფხაზეთი) – 268 კმ2 ფართობი, სსრკ ცაკის 1927 წლის დადგენილებით – მელტეხი და ცეკარი ჩრდილო ოსეთსა და ინგუ­შეთისათვის – 167 კმ2. სულ რუსეთის ფედერაციამ მიიღო – 435 კმ2. ამიერკავკასიის ცაკის 1923 წლის დადგენილებით აზერბაიჯანის ტერი­ტო­რიიდან საქართველოს გადაეცა მინდორი (ალაზნის ველი – ზაქათა­ლის მაზრა) 188 კმ2, ამირკავ­კასიის ცაკის 1927 წლის დადგენილებით ჩათმა (ველი ყაზახის მაზრისა) – 133 კმ2. სულ აზერბაიჯანიდან საქარ­თ­ველომ მიიღო 321 კმ2 ფართობი. ამდენად „საქართველოს საზღვრების გასწორე­ბის“ შედეგად, ნაცვლად 93000 კმ2 ფართობისა, დარჩა 76284 კმ2

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მოსაზღვრე დამოუკიდებელი სახელმწიფოების საზღვრები ბევრ ადგილებში სადავო აღმოჩნდა და საჭიროებს დაზუსტებას, სამართლიანობის აღდგენა-დადგენასა და საზღვრების დელიმიტაცია-დემარკირებას.

დღეისათვის საქართველოს სახელმწიფო საზღვარი მხოლოდ თურ­ქეთის რესპუბლიკასთან აქვს დადგენილი და დემარკირებული.