რამდენიმე თვის წინ ბრიტანულ სპორტულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ კლუბი „ტოტენჰემის“ წამყვანი მოთამაშე გარეთ ბეილი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლას აპირებდა.
ერთი თვის წინ ფეხბურთელმა ამ ცნობას ჟურნალისტების მიერ გამოგონილი უწოდა და განაცხადა, რომ ესპანეთში თამაშზე ოცნებობს.
“კატალონიური “ბარსელონა” და მადრიდის “რეალი” მსოფლიოს უძლიერესი კლუბები არიან. მათ რიგებში არაერთი ჩინებული ფეხბურთელი ირიცხება. მესმის რომ ამ კლუბების ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა ურთულესი საქმეა. ამის მიუხედავად შემოთავაზებას თუ მივიღებ, არც კი დავფიქრდები და დაუყოვნებლივ ესპანეთში გავაემგზავრები. ეს ჩემი შანსი იქნება, რომელიც ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მიეცეს.” – განაცხადა გარეთ ბეილიმ.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ გარეთ ბეილი ალბათ მადრიდის „რეალში“ ჩაირიცხება.
გამოცემა „Goal.com”-ის წარმომადგენელი „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ესაუბრა. ბატონი ფლორენტინოს მტკიცებით, ბრიტანელ მოთამაშეს უკვე დაუკავშირდნენ და მისი თანხმობა მიიღეს.
წინა კვირას „ტოტენჰემმა“ ბეილის ახალი კონტრაქტი შესთავაზა და ანაზღაურების სახით კვირაში 152 ათასი ევრო დაუნიშნა. იმ შემთხვევაში თუ მადრიდელები ბეილის ხელფასის სახით ამავე თანხას მისცემენ, ეს უკანასკნელი ყოველგვარი ფიქრის გარეშე „ნისლიანი ალბიონის“ ქვეყანას დატოვებს.
ფლორენტინო პერესი „რეალის“ გულშემატკივრებს ჰპირდება, რომ ფეხბურთელი მომავალ სეზონში „სანტიაგო ბერნაბეუს“ სპორტულ სარბიელზე „რეალის“ მაისურით იასპარეზებს.