Bloomberg: აშშ რუსი მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისთვის ქვეყანაში შემოსვლის გამარტივებას გეგმავს

Bloomberg: აშშ რუსი მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისთვის ქვეყანაში შემოსვლის გამარტივებას გეგმავს

აშშ რუსი მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისთვის ქვეყანაში შემოსვლის გამარტივებას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი წერს. გამოცემის წყაროების ინფორმაციით, თეთრმა სახლმა შესთავაზა კონგრესს, გაუქმდეს დასაქმებულობის დამტკიცების მოთხოვნა რუსეთიდან აშშ-ში სამუშაო ვიზის ზოგიერთი მაძიებლისთვის.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას სურს, გაავრცელოს გამარტივებული წესები რუსეთის იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიის ან მათემატიკის დარგში მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი რუსეთის ფარგლებს გარეთ აქვთ მიღებული.

კერძოდ, პირველ რიგში ყურადღება უნდა დაეთმოს მათ, ვისაც აქვს სამუშაო გამოცდილება ნახევარგამტარების, კოსმოსური ტექნოლოგიების, კიბერუსაფრთხოების, პერსპექტიული ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული სისტემების, ბირთვული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და სარაკეტო ძრავების შექმნის დარგებში.

აშშ-ის პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესმდივნის განცხადებით, ეს ქმედებები მიმართულია იმაზე, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში შეასუსტოს რუსეთის მაღალტექნოლოგიური რესურსები, გრძელვადიან პერსპექტივაში კი ძირი გამოუთხაროს რუსეთის ინოვაციურ ბაზას და, ამასთანავე, გააძლიეროს აშშ-ის ეკონომიკა და ეროვნული უსაფრთხოება.