რამდენიმე დღის შემდეგ ესპანეთის მიმდინარე საფეხბურთო პირველობა ოფიციალურად დასრულდება და მადრიდის „რეალის“ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ლონდონის „ჩელსის“ ჩაიბარებს.
ცნობილი გახლდათ, რომ „განსაკუთრებული“ ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ იტალიელ დამრიგებელ კარლო ანჩელოტის უნდა შეეცვალა. საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ ახალი სეზონიდან „რეალის“ სპორტული დირექტორის ფუნქციას ახლო წარსულში გამოჩენილი ფრანგი მოთამაშე ზინედინ ზიდანი შეასრულებს, „რეალის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად კი ასევე ყოფილი ფეხბურთელი ფაბიო კანავარო იმუშავებს.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობა, რომ პარიზული გუნდის არაბი მფლობელები ანჩელოტის ესპანეთის დედაქალაქში გაშვებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ისინი ესპანური კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს უკვე ესაუბრნენ და „კარლიტოს“ წასვლის შემთხვევაში შეთავაზებულ ფულად კომპენსაციაზე უარი განაცხადეს. თავად იტალიელს საფრანგეთის დატოვება კი სურს, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის და ალბათ მომავალ წელსაც „პარი სენ ჟერმენში“ გაატარებს.
ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ესპანელები 68 წლის იუპ ჰეინკესს დაუკავშირდნენ. ბატონმა იუპმა „რეალის“ ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა, მაგრამ მადრიდელებს ჯერ კარლო ანჩელოტის საკითხი აქვთ მოსაგვარებელი.
ზემოთდასახელებული ორი სავარაუდო კანდიდატის გარდა, „რეალის“ მომავალ მწვრთნელად ჯერჯერობით რომელიმე სხვა პიროვნება არ განიხილება.
რაც შეეხება უშუალოდ „სამეფო გუნდის“ მოთამაშეებს. კლუბს ოფიციალურად რიკარდუ კარვალიუ სტოვებს. მის გზას ალბათ ფაბიუ კოენტრაუ, პეპე, ანხელ დი მარია და გონსალო იგუაინიც დაადგებიან.