მსახიობი ია სუხიტაშვილი ახალ ფილმში გადასაღებად ემზადება. სცენარის მიხედვით, მოქმედება აფხაზეთის ომის შემდეგ, ერთ პატარა სოფელში ვითარდება. მსახიობი შემოქმედებით საქმიანობაში არსებულ სიახლეებზე გვესაუბრება.
- ია, ბოლოს შენთან ინტერვიუ მაშინ ჩავწერე, როცა ეკრანზე "გაიღიმეთ" გამოვიდა. ფილმში მონაწილეობს მაკა ჩიჩუა. შესაძლოა, ახლო მომავლში ის პირველი ლედი გახდეს. მაკაზე რას გვეტყვი?
- ჩვენ 3 თვის განმავლობაში ერთად ვცხოვრობდით. გადაღებები ხშირად, გამთენიისას სრულდებოდა. ხომ არის ნათქვამი, - ადამიანი კარგად რომ გაიცნო, მასთან ერთად სამოგზაუროდ უნდა წახვიდეო. მაკას მანამდე არ ვიცნობდი. ის ძალიან კონტაქტური და თბილი ადამიანია. შემოქმედებითი კუთხით საინტერესო და მრავალფეროვანია, კარგად მღერის. ფილმში დამაჯერებელი, კარგი სახე შექმნა. ერთი შვილი ჰყავს, ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველი დედაა. შვილს დღეში რამდენჯერმე ურეკავდა და მის ამბავს კითხულობდა. იმ დაძაბულ, დატვირთულ დღის რეჟიმს ბევრმა მსახიობმა ვერ გაუძლო, ზოგიერთს ნერვებმა უმტყუნა და ერთი შუა გადაღებიდან საერთოდ გაიქცა. მაკა კი ცუდ ხასიათზეც არ მინახავს. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ შესაძლოა, მალე პირველი ლედი გახდეს. მაკა უპრეტენზიო, წყნარი ადამიანია. მისი სახით ქართველებს ჭკვიანი და ლამაზი პირველი ლედი გვეყოლება.
- გიორგი მარგველაშვილს თუ იცნობ?
- არა, ის მოუცლელი ადამიანია. მახსოვს, ფილმის პრემიერაზე მოვიდა. მოწესრიგებული პიროვნებაა.