ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 25 მაისამდე, თურქეთის რესპუბლიკის მხარეს, (საბაჟო გამშვები პუნქტი „პოსოფ-თორქგოზუ") მიმდინარე სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ,,ვალეს" საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებული იქნება საბაჟო კონტროლის პროცედურები.
საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება.
თურქეთის რესპუბლიკის მხარეს სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალე“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება.
ამასთან, შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ დანიშნულების ქვეყნების მიმართულებით, საზღვრის კვეთის პროცედურები შესაძლებელია განხორციელდეს საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახის“ მიმართულებით, რომელიც გაზრდილი საერთაშორისო ტვირთბრუნვის გამო სრული დატვირთვით ფუნქციონირებს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური