შიმშილის თამაშების ახალი ფილმი 2023 წელს გამოვა

შიმშილის თამაშების ახალი ფილმი 2023 წელს გამოვა

ლეგენდარული დისტოპიური საგა, რომელიც კინოეკრანებზე 10 წლის წინ გამოჩნდა, მაყურებელს უბრუნდება. შიმშილის თამაშების ახალი ფილმის პრემიერა 2023 წლის 17 ნოემბერს შედგება.

კინოსურათის გამომშვებმა კომპანია Lionsgate-მა უკვე გამოაქვეყნა თიზერი, რომელშიც არც სიუჟეტის დეტალები ჩანს და არც ფილმში მონაწილე მსახიობები. თუმცა, თვალისმომჭრელი კადრების ფონზე ჩნდება წარწერა: "სამყარო აღმოაჩენს... ვინ არის მგალობელი ჩიტი... და ვინ — გველი".

სერიის წინა ნაწილების მსგავსად, ახალი ფილმიც ამერიკელი მწერლის, სიუზენ კოლინზის, რომანს ეფუძნება. ბალადა მგალობელ ჩიტებსა და გველებზე ბესტსელერად ქცეული ტრილოგიის ერთგვარი წინაისტორიაა, სადაც მოქმედება 74-ე შიმშილის თამაშებამდე ათწლეულებით ადრე ხდება. სიუჟეტი კი ახალგაზრდა კორიოლანუს სნოუს გარშემო ვითარდება — პერსონაჟის, რომელიც, მოგვიანებით, პანემის ტირან მმართველად იქცევა.

თუმცა, ნაწარმოებში სნოუ ასეთი დაუნდობელი ჯერ არაა — მე-10 შიმშილის თამაშებში 18 წლის ახალგაზრდას მე-12 რაიონიდან შეწირული ლუსი გრეი ბერდის მენტორად ირჩევენ.

კინოსურათის რეჟისორი კვლავაც ფრენსის ლოურენსი იქნება, რომელმაც ასევე გადაუღო წინა ფილმები (პირველის გარდა). სცენარის ავტორი მაიკლ არნდტია.

შიმშილის თამაშების ტრილოგია, რომლის გამოცემაც ავტორმა 2008 წელს დაიწყო, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სერიად იქცა. ამ დრომდე საგა 51 ენაზეა თარგმნილი და გაყიდულია 100 მილიონზე მეტ ეგზემპლარად. წიგნების მიხედვით გადაღებულმა ოთხმა ფილმმა კი, ჯამში $3 მილიარდამდე გამოიმუშავა.

ბალადა მგალობელ ჩიტებსა და გველებზე კოლინზმა 2020 წლის მაისში გამოსცა. კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებისა და დაკეტილი მაღაზიების მიუხედავად, წიგნი პირველივე კვირაში ნახევარ მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა. Lionsgate-მა კი რომანის ეკრანიზაციის სურვილი ჯერ კიდევ მის გამოცემამდე გამოთქვა.