ბიძინა ივანიშვილი პარლამენტარებს ავტომობილების გამოცვლის უფლებას არ აძლევს

ბიძინა ივანიშვილი პარლამენტარებს ავტომობილების გამოცვლის უფლებას არ აძლევს

პარლამენტის კუთვნილი ავტოპარკი გასაახლებელია, თუმცა, საკანონმდებლო ორგანოს ახალი ავტომობილების შეძენის უფლებას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ აძლევს.

როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, რამდენიმე თვის წინ, საუბარი იყო იმაზე, რომ ერთ-ერთი კომპანია პარლამენტის ბალანსზე არსებულ ავტომობილებში ღირებულების 30 პროცენტს გადაიხდიდა, ხოლო დანარჩენს უწყება საკუთარი ბიუჯეტიდან დაფარავდა, თუმცა, პრემიერმა პარლამენტარებს მოუწოდა - „ავტომობილები არ შეიძინოთ და თანხები დაზოგეთ!“

იქედან გამომდინარე, რომ პარლამენტის კუთვნილი ავტომობილების ნაწილი ამორტიზირებულია, ხოლო შიგადაშიგ, მეორე ნაწილის გარემონტება მიმდინარეობს, ზოგიერთ დეპუტატს საკუთარ ავტომობილზე გადაჯდომა მოუწია.

ამას გარდა, დეპუტატთა ინფორმაციით, პარლამენტს სათადარიგო ავტომობილებიც არ ჰყავს.

ერთ-ერთი დეპუტატი, რომელიც შექმნილი პრობლემების გამო, საკუთარ ავტომობილს დაუბრუნდა, უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძეა, რომლის შეფასებითაც, მერვე მოწვევის პარლამენტმა მძიმე მემკვიდრეობა მიიღო - ავტომობილების ნაწილი ამორტიზირებული და მძიმე ფორმაშია.

„იმ ავტომობილით აღარ დავდივარ, რომელიც მემსახურებოდა, რადგან ერთი მხრივ, ის ძალიან ბევრ საწვავს ხარჯავდა, მეორე მხრივ, მას ქუთაისიდან თბილისში ჩასვლა-ჩამოსვლაზე რამდენიმე საათიანი რემონტი სჭირდებოდა. იქედან გამომდინარე, რომ ბიუჯეტში ყველაფრის გაწერა შეუძლებელია, ამიტომ, ამ ავტომობილის რემონტს ჩემი ხარჯებით ვფარავდი. მირჩევნია, ამ ავტომობილით აღარ ვიარო. ამ ყველაფერს იმის გამო არ ვამბობ, რომ ვწუწუნებ, უბრალოდ, ის არ არის სერიოზული, რომ ამხელა დაწესებულებას ასეთი ავტოპარკი ჰყავს. მართალია, ხალხის რჩეულნი ვართ, მაგრამ რაღაც თანაფარდობა არსებობს. პარლამენტის თანანმდებობის პირები მინისტრების რანგში გადიან, მაგრამ იქ რითაც დადიან, ის ჩვენს პირობებს არ შეესაბამება. რაც შეეხება თქვენს ინფორმაციას, რომ ავტოპარკის გაახლებისთვის პრემიერმა უფლება არ მოგვცა, როგორ ფიქრობთ, ამისთვის პრემიერს შევაწუხებდით?! - რა თქმა უნდა, არა“, - განუცხადა for.ge-ს საგანელიძემ.

აღსანიშნავია, რომ ავტომობილთა ნაწილის გაუმართავი მუშაობის გამო, დეპუტატთა ნაწილი ტრაგი-კომიკურ ვითარებაში აღმოჩნდა, ხოლო მეორე ნაწილი საბედნიეროდ, მძიმე ავტოავარიებს გადაურჩა. კერძოდ, იმის გამო, რომ აგარაში, ზურაბ ტყემელაძის ავტომობილი გაფუჭდა, დეპუტატს გზაში რამდენიმე საათიანი ლოდინი მოუწია.

საგულისხმოა ისიც, რომ ოქტომბრიდან დღემდე, რამდენიმე დეპუტატის მძღოლი ავარიაში მოჰყვა.

პარლამენტის ავტოპარკის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, for.ge საკანონმდებლო ორგანოს აპარატის ხელმძღვანელის მოადგილეს, შოთა გოშაძეს ესაუბრა:

რამდენი წლის წინ განახლდა პარლამენტის ავტოპარკი?

- საკანონმდებლო ორგანოს ავტოპარკის განახლება 4-5 წლის წინ მოხდა, თუმცა, ავტომობილების ნაწილი კიდევ უფრო ძველია. პრობლემები კი, ქუთაისი-თბილისის გზამ წარმოქმნა. ავტომობილებს საკმაოდ დიდი მანძილის გავლა უწევთ. ამასთანავე, ფრაქციების რაოდენობა გაზრდილია, რამაც მანქანების საჭიროება გამოიწვია, მაგრამ იმის თქმა, რომ ავტომობილები ამორტიზირებულია და ვერ მოძრაობენ, ეს არასწორია. უბრალოდ, გზა რომ გადიდდა, ამის გამო ავარიების ალბათობამ და რიცხვმაც მოიტამა.

ამჟამად, პარლამენტის ბალანსზე რამდენი ავტომობილი ირიცხება?

- ავტოპარკი დაახლოებით 84 ავტომობილისგან შედგება. მათ შორის, სამეურნეო დანიშნულების ავტომობილებიც შედის.

უწყებას სათადარიგო ავტომიბილები თუ ჰყავს?

- როცა, დელეგაციები ჩამოდის, მათთან სათადარიგო ავტომობილებია მიმაგრებული. თანანმდებობის თითოეულ პირზე მიმაგრებისთვის სათადარიგო ავტომობილს ხომ არ შევიძენთ? ქვეყანაში მძიმე სოციალური პრობლემებია და ამ ფონზე, პარლამენტი თავს ავტომილების შეძენის უფლებას ვერ მისცემს. ხელისუფლებისა და პარლამენტის მიმართულება არ არის, რომ ზედემეტი კომფორტი შევქმნათ, მაგრამ საჭიროებიდან გამომდინარე, ავტომობილების შეძენის გზებზე ვმსჯელობთ. ისე არ არის, რომ დღეს, ავტომობილი დაზიანდეს და მეორე დღეს ახალი შევიძინოთ.

ცნობილია, რომ რამდენიმე დეპუტატის მძღოლი ავარიაში მოჰყვა. რამდენი ავტომობილია დაზიანებული?

- ავარიაში მეც მოვყევი. ხაშურში, ხიდზე, საპირისპირო მხარეზე ავტომობილი გადაბრუნდა და სავალ ნაწილზე, ჩვენს ავტომობილს ზემოდან დაეცა. დაზიანებული დაახლოებით ხუთი-ექვსი ავტომობილია, მაგრამ არის ნაწილი კიდევ დააზიანებულისა, რომელთა აღდგენა სადაზღვეო კომპანიების მიერ მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, გადაწყვეტილება არ არის მიღებული როდის განახლდება ავტოპარკი?

- ეს ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, ჯერჯერობით, გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ავტომობილების შეძენა, როგორც უფრო იაფი დაუჯდება სახელმწიფოს, ისე წავალთ. ყველა ლარი მიზნობრივად უნდა იყოს დახარჯული.

რაც შეეხება ქუთაისი-თბილისის მიმართულებით ფრენებს, საუბარია იმაზე, რომ ფრენები 89 ლარი ეღირება, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი კონტრაქტს გააფორმებს, აპარატის წევრებისთვის და დეპუტატებისთვის ბილეთი 44 ლარი ეღირება. ამ თემაზე, რას ფიქრობთ?

- რამდენად წარმოგიდგენიათ ის, რომ თანამშრომელი თბილისის აეროპორტში მივა, რომელიც ქალაქგარეთ არის, შემდეგ კოპიტნარის აეროპორტში ჩამოვა და იქედან პარლამენტში ავტომობილით წამოვა? ამ შემთხვევაში, თითქმის ერთი და იმავე გზა გამოუვათ. გზის პრობლემა არსებობს, რადგან იცით, რომ თანამშრომლები ორშაბათი-პარასკევი ბარგით დადიან. განსაკუთრებით, ცუდ ვითარებაში ქალბატონები არიან, რომელთაც სახლში საქმეები აქვთ. ფრენა განსაკუთრებული შემთხვევებისთვის კომფორტული იქნება, მაგრამ ყოველდღიური მოხმარებისთვის არ გამოდგება.

თბილისის პარლამენტის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. თუმცა, ამ დრომდე, სამუშაოები არ დაწყებულა პლენარული სხდომისა და კომიტეტების დარბაზებში, რომელთა რეაბილიტაციისთვის 5 მლნ ლარიანი ტენდერი გამოცხადდა. თქვენს პირობებზე, რატომ არ მოდიან კომპანიები?

- ამ დრომდე, დარბაზების რეაბილიტაცია არ დაწყებულა, მაგრამ ახალი სატენდეო პირობების დახვეწისთვის ვმუშაობთ. ეს ტენდერი ყველა კომპანიამ პრესტიჟის საქმედ უნდა აღიქვას. დარბაზებში რთული სისტემებია გასაკეთებელი და ალბათ, კომპანიებს გამოცდილება არ ჰყოფნით.

შენობის რემონტი როდის დასრულება?

- ამ დროისთვის, სამუშაოების, თითქმის, მესამედია შესრულებული. შენობა ივლისის ბოლოს ჩაგვბარდება. შაბათ-კვირას, მშენებლობის პროცესს ვაკვირდები და კომპანია საქმეს საკმაოდ კეთილსინდისიერად და ხარისხიანად აწარმოებს.