ეროვნულმა ბანკმა და სასამართლომ ანაბრების საქმე ისევ საიდუმლოდ დატოვეს

ეროვნულმა ბანკმა და სასამართლომ ანაბრების საქმე ისევ საიდუმლოდ დატოვეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით, „ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელი საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ არ დაკმაყოფილდა და სასამართლომ დავის საგანი - 1992-93 წლებში ქვეყნის მთავარი საფინანსო უწყების მიერ 500-ზე მეტ კომპანიაზე ჯამში 854 მილიარდი მანეთის და კუპონის გაცემის შესახებ მოთხოვნილი ინფორმაცია საბანკო საიდუმლოებად მიიჩნია. ამის შესახებ განცხადება „ახალგაზრდა ადვოკატების“ პრეზიდენტმა, არჩილ კაიკაციშვილმა for.ge-ს პრეს-კლუბში გააკეთა. მისი თქმით, სასამართლომ მიუთითა, რომ საჯარო ინფორმაცია, რომელიც „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ გამოითხოვეს, საბანკო საიდუმლოებას წარმოადგენს, რომელზეც ხანდაზმულობის ვადები არ ვრცელდება.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს თებერვალში მივმართეთ და მოვითხოვეთ იმ 500 კომპანიის შესახებ ინფორმაცია, რომლებზეც 1992-93 წლებში ეროვნულმა ბანკმა გასცა კრედიტები. ჩვენ მოვითხოვეთ ამ კრედიტებისა და ამ კომპანიების მფლობელთა შესახებ სრული ინფორმაცია. სასამართლო პროცესი იყო ძალიან საინტერესო და ფაქტობრივად სასამართლომ ამ საკითხთან დაკავშირებით პირველად მიიღო გადაწყვეტილება. ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა პროცესზე დაადასტურა, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით სარგებლობს“, - აცხადებს არჩილ კაიკაციშვილი.

მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა პირველად დააფიქსირა ამ საკითხზე საკუთარი პოზიცია და სასამართლო პროცესზე 90-იანი წლების დასაწყისში განვითარებულ ჰიპერინფლაციურ პროცესებზე ნაწილობრივ აიღო პასუხისმგებლობა, თუმცა მიუთითა, რომ საბჭოთა ანაბრების გაუფასურების საკითხში ეროვნულ ბანკს პასუხისმგებლობის ნაკლები წვლილი მიუძღვის. ადვოკატის განმარტებით, მან სასამართლოს მიმართა და მოითხოვა, ამ კრედიტების შესახებ ინფორმაცია „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის თანახმად გაცემულიყო. ამ კანონით კი არსებობს საიდუმლო ინფორმაციის მიმართ გარკვეული ხანდაზმულობის ვადები. ეს არის 20-წლიანი, 10-წლიანი და 5-წლიანი ვადები, თუმცა 2013 წელს მომხდარიდან სწორედ ოცი წელი გავიდა. ამდენად, ამ კანონით გათვალისწინებულ ინფორმაციაზე ყველანაირი ხადაზმულობის ვადა გასულია და შესაბამისად, სასამართლოს ეს ინფორმაცია უნდა გაეცა, მაგრამ მან ეროვნული ბანკის პოზიცია გაიზიარა და „ახალგარდა ადვოკატების“ სარჩელი არ დააკმაყოფილა.

არჩილ კაიკაციშვილი აცხადებს, რომ „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებენ, რადგან მათთვის მნიშვნელოვანი იყო ორი ამოცანა. კერძოდ, რა პოზიციას დაიჭერდა სასამართლო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიმართ და ასევე, რა პოზიცია ეკავა ეროვნულ ბანკს 90-იანი წლების დასაწყისში ჰიპერინფლაციური პროცესების განვითარებასთან დაკავშირებით 20 წლის შემდეგ. ამასთანავე, ადვოკატი აღნიშნავს, რომ ინფორმაცია, რომლის გაცემაზეც „ახალგაზრდა ადვოკატებს“ ეროვნულმა ბანკმა და სასამართლომ უთხრა უარი, მათ პარლამენტმა გადასცა.

„ჩვენ ვთვლით, რომ თუკი პარლამენტი ჩვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას საჯარო ინფორმაციად მიიჩნევს, ეროვნულ ბანკსაც იგივე პოზიცია უნდა დაეჭირა. სასამართლოში დავის გაგრძელებას (ანუ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას) აზრი ექნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვექნებოდა, მაგრამ ამჟამად ეს მონაცემები გვაქვს. იმ მიზნისთვის, რომლისთვისაც ეროვნულ ბანკსა და სასამართლოს მივმართეთ - საბჭოთა ანაბრების პრობლემის სამართლებრივი ანალიზი, - ამ ინფორმაციას სრულყოფილად გამოვიყენებთ, თუმცა იდენტიფიცირების გარეშე, რადგან არსებობს ბევრი გარემოება, რომელთა გამოც ორგანიზაცია თვლის, რომ კონფიდენციალობის დაცვა არის საჭირო.

თქვენი საუბრიდან გამოდის, რომ პარლამენტმა განასაჯაროვა ინფორმაცია, რომლის გაცემაზეც ეროვნულმა ბანკმა და სასამართლომ უარი თქვეს?

- დიახ, სწორედ ასეა. ამ ინფორმაციაზე სასამართლომ გვითხრა, რომ ეს არის საბანკო საიდუმლოება, რომელზეც ხანდაზმულობის ვადები არ ვრცელდება.

სინამდვილეში შეიძლება არასაჯარო იყოს ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრების გაცემას ეხება?

- ჩვენ დავასაბუთეთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და 40-ე მუხლების თანახმად, ეს სწორედაც რომ საჯარო ინფორმაციას განეკუთვნება. გარდა ამისა, მიზანი, თუ რისთვის უნდა გამოყენებულიყო ეს ინფორმაცია, ეს არის ანალიტიკური კვლევა და ამის შესახებ ცნობილი იყო როგორც ეროვნული ბანკის, ასევე სასამართლოსთვის. ამავე კოდექსის თანახმად, თუკი გამოთხოვილი ინფორმაცია სამეცნიერო კვლევისთვის უნდა იქნეს გამოყენებული, ინფორმაცია უნდა ყოფილიყო გაცემული. ჩვენს კვლევას სწორედ ეს დანიშნულება აქვს, რომ გავარკვიოთ, სინამდვილეში რა მოხდა 90-იან წლებში.

ამასთანავე, არსებობს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოებების შესახებ“ და ჩვენ მივუთითეთ სასამართლოს, რომ ამ კანონთან მიმართებაში ეროვნული ბანკის პოზიცია სრულიად დაუსაბუთებელი იყო, რადგან როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ამ კანონის მიხედვითაც კი საქმეზე ყველანაირი ხანდაზმულობის ვადები გასულია. დღეს სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა და ამიტომ ჯერ არ ვიცით, რით დასაბუთდება ეროვნული ბანკის პოზიციები.

დღეს ეროვნულ ბანკს პირველად მიეცა საშუალება, რომ ეს ინფორმაცია, რომელიც წინა ადმინისტრაციის დროს დამალული იყო, საზოგადოებისთვის მთლიანად გაეხსნა, მაგრამ მან ჰიპერინფლაციული პროცესების გამომწვევი მიზეზები კვლავ საიდუმლოდ დატოვა.

თქვენი კვლევა რამდენად ლეგიტიმური იქნება, თუკი დაეყრდნობით ინფორმაციას, რომლის გაცემაზეც ეროვნულმა ბანკმა და სასამართლომ უარი გითხრათ?

- ეს იქნება სრულიად ლეგიტიმური კვლევა, რადგან ეს ინფორმაცია ხომ არ მოგვიპარია? ჩვენს მოთხოვნაზე, ეს მონაცემები გადმოგვცა პარლამენტმა.

სხვათაშორის აქ ძალიან საინტერესო მომენტია. ვინაიდან ეროვნულმა ბანკმა ეს ინფორმაცია არ გასცა, ხოლო პარლამენტმა გასცა, ჩნდება რიტორიკული კითხვა - დაარღვია თუ არა კანონი პარლამენტმა? გააჩნია, საბანკო კანონმდებლობას ამ ტიპის ინფორმაციებთან დაკავშირებით რა მხრიდან შევხედავთ. შეიძლება ითქვას, რომ ერთი, მხრივ პარლამენტმა დაარღვია კანონი, ხოლო მეორე მხრივ - არა. ერთი მხრივ, პარლამენტმა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გაითვალისწინა, ხოლო მეორე მხრივ უნდა გაეთვალისწინებინა იმ 500 კომპანიის და მათ მეპატრონეების რისკები, რომლებიც შეიძლება საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ აღმოჩენილიყვნენ, თუკი ჩვენ ამ ინფორმაციას განვასაჯაროვებდით. მართალია, დღეს ეს კომპანიები ბაზარზე აღარ არსებობენ, მაგრამ არსებობენ მათ სამართალმემკვიდრეები, მსხვილი ბანკების სახით. ამიტომ ეს გარკვეულ რისკებს ქმნის. შესაბამისად, ჩვენ კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული, რამდენად შევქმნით ამ რისკებს, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა, ამ რისკებს არ შევქმნით.