რამდენიმე საათის წინ ამერიკულ სპორტულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ახალი სეზონიდან, აშშ-ის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პირველობაზე მოასპარეზე გუნდ „ატლანტას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.
დაახლოებით ათი დღის წინ, ზაზა ფაჩულიას კლუბის ხელმძღვანელობამ, „ჰოუქსის“ მთავარი მწვრთნელი ლარი დრიუ თანამდებობიდან გაათავისუფლა.
დრიუს ადგილს კლუბი“ სან-ანტონიოს“ ამჟამინდელი დამრიგებელი გრეგ პოპოვიჩის თანაშემწე, 43 წლის მაიკ ბიუდენჰოლცერი დაიკავებს.
ბიუდენჰოლცერი ბოლო 19 წლის მანძილზე მხოლოდ „სან-ანტონიოში“ მუშაობდა. ახალგაზრდა კალათბურთის სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერა 24 წლის ასაკში დაიწყო. ზაზა ფაჩულიას კლუბი მისთვის პირველი სერიოზული გამოწვევა იქნება.
საინტერესოა, რომ 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ბიუდენჰოლცერი აშშ-ის საკალათბურთო ნაკრებში მუშაობდა და ერთ-ერთი დამხმარე მწვრთნელის თანამდებობაზე ირიცხებოდა.
წინა კვირას ამერიკულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანი მომდევნო რამდენიმე სეზონს კვლავ „ატლანტა ჰოუქსში“ გაატარებს.
ერთი თვის შემდეგ ზაზას ამ გუნდთან მოქმედი ხელშეკრულება უსრულდება, მაგრამ გუნდმა მას ახალი რამდენიმეწლიანი კონტრაქტი უკვე შესთავაზა.