„შეცდომაა, როდესაც ადამიანს პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭე და ამაზე პასუხი არავის აგებინე“

„შეცდომაა, როდესაც ადამიანს პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭე და ამაზე პასუხი არავის აგებინე“

ამნისტიის კანონის აღსრულებისთვის, კანონით განსაზღვრული ოთხთვიანი ვადა ამოიწურა. დღეს მდგომარეობით ამნისტირებულია 17533 პირი, 8686 ბრალდებული (მსჯავრდებული) გათავისუფლდა სრულად სასჯელის მოხდისგან. ციხეები დატოვეს იმ მსჯავრდებულებმაც, რომელთაც ნაწილობრივი ამნისტია შეეხოთ და პატიმრობის დანარჩენი ნაწილი უკვე მოხდილი ჰქონდათ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით გათავისუფლდა 13 ათასზე მეტი პატიმარი, ციხეში კი ამ მომენტში სასჯელს 10300 ადამიანი იხდის.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 2013 წლის 12 იანვრიდან 12 მაისის ჩათვლით პერიოდში ამნისტირებულია პრობაციის ეროვნული სააგენტოს აღრიცხვაზე მყოფი 27653 პირობით მსჯავრდებული. მათ შორის, 17252 პირს პირობითი მსჯავრი მოეხსნა, 2720-ს კი გაუნახევრდა.

ამნისტირებულ 27653 პირობით მსჯავრდებულს შორის 11571 - ნაკლებად მძიმე, 10289 - მძიმე და 5793 - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იყო მსჯავრდებული. რაც შეეხება საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლებულ პირებს, ასეთი 8686 ბრალდებული, მსჯავრდებულია, აქედან 175 - პოლიტპატიმარი. ამნისტიის შედეგად პატიმრობიდან 200-მდე პოლიტპატიმარი გათავისუფლდა, აღიარეს პოლიტდევნილებიც.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ამნისტიის კანონი იყო ერთ-ერთი ყველაზე ღირებული და გამორჩეული კანონი, რომელიც ახალმა პარლამენტმა მიიღო. მისივე განცხადებით, ეს აქტი ყოველთვის იქნება მოხსენიებული, როგორც უაღრესად მნიშვნელოვანი და უპრეცენდენტო მასშტაბის ამნისტიის კანონი.

„ამ კანონის წყალობით, საქართველო, რომელიც ევროპაში პირველ ადგილზე იყო პატიმართა რაოდენობით და დაუსრულებელი კრიტიკის ქარცეცხლში გვატარებდნენ, დღეს ამ მხრივ მოწინავეთა რიგებში აღარ ვართ. ამნისტიის კანონის აღსრულების შედეგად, დღეს ქართულ ციხეებში 10300 პატიმარია, რაც იმას ნიშნავს, რომ პატიმართა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. უამრავი ადამიანი გადავარჩინეთ სიკვდილს. იცით, რომ 140-150 პატიმარი კვდებოდა ყოველწლიურად ქართულ ციხეებში“, - აცხადებს ეკა ბესელია.

მკაფიოდ განსხვავებული პოზიცია აქვთ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს. მათივე შეფასებით, ქვეყანაში კრიმინალის ზრდა პირდაპირ კავშირშია ფართომასშტაბიან ამნისტიასთან.

„რუსეთის ჯაშუშები და ის ადამიანები, რომლებიც ძალადობრივი დანაშაულებისთვის იყვნენ ბრალდებულები, პოლიტპატიმრებად მიიჩნიეს. ამის შედეგია ის, რომ სწორედ ე.წ. პოლიტპატიმრების მხრიდან, ციხეების დატოვების შემდეგ ადგილი ჰქონდა მთელ რიგ აგრესიულ ქმედებებს.

ამის პარალელურად, ჩვენ ვხედავთ დანაშაულის სტატისტიკის ზრდას, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს. ჩვენ ასევე ვიხილეთ ძალიან შემაძრწუნებელი საქმე, რომელიც სწორედ ამნისტირებულმა პატიმარმა ჩაიდინა, ეჭვი არსებობს მის მიმართ. ვგულისხმობ, 10 წლის ბავშვის გაუპატიურების საკითხს,“- აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი.

მისივე თქმით, რაც შეეხება კრიმინალის ზრდას, სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანაში კრიმინალის რაოდენობა არ გაზრდილა.

„პირველი კვარტლის სტატისტიკამ აჩვენა, რომ კრიმინოგენული ვითარება გაუარესებული არ არის და დღევანდელი მონაცემები დანაშაულის რაოდენობის მიხედვით 2009-2010 წლების მონაცემებს უტოლდება. მაშინ მიიჩნეოდა, რომ საუკეთესო წლები იყო სიმშვიდის თვალსაზრისით. ამ მხრივაც ვითარება შსს-ს კონტროლის ქვეშ აქვს. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ იყო თუ არა ამნისტია ხარვეზებით განხორციელებული, რა თქმა უნდა, ეს იყო, რადგან აღსრულების პროცესში ეს ხარვეზი სასამართლოს ჰქონდა“,- ამბობს ბესელია.

ეკა ბესელია არ ადასტურებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში კრიმინალური ფონი გაიზარდა. მისივე თქმით, ამნისტირებული პატიმრებიდან განმეორებითი დანაშაული ძალიან მცირე რაოდენობას აქვს ჩადენილი.

„დაახლოებით 80-ზე ოდნავ მეტი საქმეა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სხვადასხვა პროცედურით დღეს 13 ათასზე მეტი პატიამრია გათავისუფლებული. პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრების მიერ არის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები ჩადენილი. 100-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, რომელიც პრეზიდენტმა შეიწყალა. ასე რომ, პერსონალურ პასუხისმგებლობას, ვინ რას იზამს მომავალში, ვერავინ აიღებს. თუ ის ჩაიდენს დანაშაულს, ბუნებრივია დაისჯება. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ამ მხრივ ვითარება საგანგაშო არ არის,“ - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ეკა ბესელია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ აბაშიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სტატისტიკა ძალიან ნათელი და გამჭვირვალეა.

„შს სამინისტრო ძალაინ ეფექტურად ართმევს კრიმინალთან ბრძოლას თავს. პოლიცია მოტივირებულია იმაზე, რომ ებრძოლოს კრიმინალს. პოლიცია არაა პოლიტიზირებული როგორც ეს იყო აქამდე. არანაკლები დანაშაულია ჩადენილი იმ ადამიანების მხრიდან, რომელიც პრეზიდენტის მიერაა შეწყალებული. ამიტომ, უმცირესობის წარმომადგენლები როცა ამბობენ, რომ ამნისტირებული პატიმრების გათავისუფლებამ თითქოსდა კრიმინალს შეუწყო ხელი, ვურჩევ, რომ მოიკითხონ ის ადამიანები, რომლებიც პრეზიდენტის მიერ არიან შეწყალებული. ის, რომ ქვეყანას კრიმინალური იმიჯი შეიძლება შეექმნას, ეს არის გადაჭარბებული და არანაირი შეხება რეალობასთან არ აქვს. ადრეც ხდებოდა კრიმინალი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ყველაფერი არ იყო გამჭვირვალე, მაშინ ხელისუფლება ამას მალავდა. ეს არის განსხვავება ჩვენსა და მათ შორის“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

მისივე თქმით, რესოციალიზაციის პროცესი ქვეყანაში არაა ისეთი წარმატებული და ეფექტური, როგორიც უნდა იყოს.

„ამას ემატება ის, რომ ჩვენ არ ვმალავთ იმას, რომ კრიმინალური ფაქტები არსებობს, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. ყველა ქვეყანაში ხდება კრიმინალი. მთავარია, რომ სახელმწიფო გვყავს მაღალ დონეზე და რელაურად ებრძვის კრიმინალს. თუ რამე კრიმინალური ფაქტი ხდება დღეს ქვეყანაში, არაფერი არ რჩება გაუხსნელი და დაუსჯელი. ყველა ის ადამიანი, რომელიც სჩადის დანაშაულს, მაშინათვე ხდება მათი აღკვეთა,“ - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აბაშიძემ.

უფლებადამცველები ამნისტიის აქტს დადებითად აფასებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ პროცესს გარკვეული ხარვეზები ჰქონდა. სამართალმცოდნე კახა კახიშვილი ამბობს, რომ უნდა გამოვიდეთ იქიდან, რა ვითარებაში ვცხოვრობდით 9 წელი და რა გარემო იყო საქართველოში ამ კუთხით.

„საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ მართლმსაჯულების სისტემა საქართველოში არ იყო. მართლმსაჯულების განხორციელება მხოლოდ ერთი ადამინის ხასიათიდან ან დამოკიდებულებიდან გამომდინარე ხდებოდა. ძალიან გამკაცრებული იყო სისხლის სამართლის კანონმდებლობა და რეალურად, თუ ავიღებთ სასამართლო, 9 წლის განმავლობაში, არ იყო, როდესაც უპირო სასაჯელის შეკრებითობის პრინციპი იქნა მიღებული.

ადამიანებს არ ჰქონდათ საშუალება, რომ დაკავების შემდეგ ემტკიცებინათ მათი სიმართლე, სასამართლოს გამართლებელი განაჩენები ფაქტობრივად 0,2 მეასედს შეადგენდა. პროკურატურის 100 შუამდგომლობიდან დაპატიმრების თაობაზე 100-ივე კმაყოფილდებოდა სასამართლოს მიერ. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალაინ მძიმე პირობებში ვიყავით. ვიცით რა ხდებოდა სასაჯელაღსრულების სისტემაში და როგორი ჯოჯოხეთური პირობები იყო. ხელისუფლებას სხვა უფლება არც ჰქონდა, რომ არ გამოეცხადებინა ასეთი ფართოსშტაბიანი ამნისტია“, - აცხადებს კახა კახიშვილი.

რაც შეეხება თვითონ დანაშაულის მატებას, კახიშვილის აცხადებს, რომ პირველ რიგში შესასწავლია სტატისტიკა.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სტატისტიკური მონაცემები ამ კუთხით გაუარესებული არ არის. მესმის რატომ დაობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პოლიტპატიმრებზე. დიახ, შეცდომაა ამ ხელისუფლების, როდესაც ადამიანს პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭე და ამაზე პასუხი არავის  აგებინეს. ამიტომაც საუბრობენ ასე უხეშად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. დარწმუნებული ვარ, იმ ადამინებს, რომლებიც წლების განმავლობაში ასე სასტიკად უსწორდებოდა საკუთარ ხალხს ციხეებში, როგორ უთითხნიდნენ საქმეებს, პასუხი რომ ეგოთ, ასეთ დიდ გულზე არ იქნებოდნენ.

რაც შეეხება ხარვეზებს, ჩვენ თუ ვიტყვით, რომ ნორმალური ქვეყნიდან მოვდივართ, სადაც ნორმალური მართლმსაჯულება იყო და ასეთი ფართომასშტაბიანი ამნისტია განხორციელდა, შესაძლებელია მაშინ ყოფილიყო ხარვეზი, მაგრამ როდესაც ჩვენ აქამდე ისეთი ხელისუფლების პირობებში მოვედით, რომ მართლმსაჯულება არ არსებობდა და ძალიან ბევრი ადამიანი მტკიცებულებების გარეშე იყო გასამართლებული, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ ასე მიიჩნია საჭიროდ, ასეთ ვითარებაში, უბრალოდ შეუძლებელი იყო ასეთი ფართომასშტაბიანი ამნისტია არ განხორციელებულიყო“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას კახა კახიშვილმა.