როგორ იქცა დეტექტივების კითხვა ნორვეგიაში სააღდგომო ტრადიციად

როგორ იქცა დეტექტივების კითხვა ნორვეგიაში სააღდგომო ტრადიციად

სხვადასხვა ქვეყანაში დღესასწაულებს ორიგინალური ტრადიციები უკავშირდება. მაგალითად, საახალწლოდ, როგორ წესი, სადღესასწაულო სიმღერებს ვუსმენთ, ჰელოუინამდე კი საშინელებათა ფილმების მარათონს ვაწყობთ ხოლმე.

ამ ყველაფრისგან სრულიად განსხვავებული ტრადიცია აქვთ ნორვეგიაში სააღდგომოდ — ისინი წიგნებს კითხულობენ. თუმცა, არა მხიარულ რომანებს, არამედ სისხლიან მკვლელობებზე შექმნილ დეტექტივებსა და თრილერებს. მეტიც, ასეთ წიგნებს ნორვეგიაში საგანგებო სახელიც აქვთ — Påskekrims, ანუ სააღდგომო დეტექტივები.

ტრადიცია საუკუნის წინ იღებს სათავეს — 1923 წელს, აღდგომამდე ერთი კვირით ადრე, ნორვეგიულმა გაზეთმა Aftenposten-მა ქალაქ ბერგენის სარკინიგზო ხაზზე მატარებელში მომხდარ ყაჩაღობაზე დაწერა. სენსაციური სათაური, რეალურად, ახალი დეტექტივის ერთგვარი რეკლამა იყო, თუმცა, გაზეთის ბევრმა მკითხველმა ამბავი ნამდვილად მიიჩნია. ამდენად, დაანონსებულმა წიგნმა დიდი ყურადღება მიიქცია და ბესტსელერადაც იქცა. რომანში, სახელად Bergenstoget plyndret i natt ("წუხელ ბერგენის მატარებელი გაძარცვეს"), მოქმედება სააღდგომო პერიოდში ვითარდება, ამბავი კი ორ სტუდენტზეა, რომელიც ნორვეგიულ კოტეჯებს (hytte) სტუმრობს.

დღეს ეს წიგნი პირველ სააღდგომო დეტექტივად და უნიკალური ნორვეგიული ტრადიციის საწყისად მიიჩნევა.

ზოგადად, ნორვეგიული ლიტერატურა დეტექტივებითა და თრილერებით გამოირჩევა — სხვა თუ არაფერი, იუ ნესბოს სახელი მაინც გექნებათ გაგონილი. ქვეყანაში გრძელი და ბნელი ზამთარი იცის, რაც უცნაური ამბების შეთხზვის შთაგონების წყაროდ იქცევა ხოლმე. ამიტომ, ნორვეგიელ მკითხველებს სააღდგომო არდადეგებზე საკითხავის არჩევა ფართო ასორტიმენტიდან შეუძლიათ.

აღსანიშნავია ისიც, რომ, მაგალითად, საქართველოსგან განსხვავებით, ნორვეგიაში ხანგრძლივი ზამთარი აღდგომამდეც შეიძლება გაგრძელდეს ხოლმე. ამიტომ, სააღდგომო არდადეგები ან შვებულება ნორდიკულ ქვეყანაში, როგორც წესი, უფრო დიდია. ზოგი ოჯახი სამთო-სათხილამურო კურორტზეც მიემგზავრება — სწორედ ნორვეგიულ კოტეჯებში — სადაც დროის გატარების ერთ-ერთი საუკეთესო გზა ასევე დეტექტივების კითხვაა.

სხვათა შორის, საგანგებოდ დღესასწაულისთვის წიგნების შერჩევა არც სხვა ნორდიკული ქვეყნებისთვისაა უჩვეულო ამბავი. მაგალითად, ისლანდიაში საშობაოდ Jólabókaflóðið-ს აღნიშნავენ და სადღესასწაულო რომანების ზღვაში იძირებიან ხოლმე.