“ჩემი ოჯახი ჩემთვის უპირველესია, მათთან ერთად გატარებული დრო ყველაფერს მირჩევნია” – დევიდ ბექჰემი

“ჩემი ოჯახი ჩემთვის უპირველესია, მათთან ერთად გატარებული დრო ყველაფერს მირჩევნია” – დევიდ ბექჰემი

ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელის და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ მამაკაცად აღიარებული სპორტსმენის ჯანსაღი ცხოვრების საიდუმლო პირველ რიგში ვარჯიში იქნება, თუმცა დევიდ ბექჰემი მიიჩნევს, რომ ჯანსაღი ცხოვრების საწინდარი ხშირად ოჯახის წევრებთან ერთად დროის გატარება, შვილებთან ურთიერთობა, ოთხფეხა მეგობრებთან სეირნობა და მეგობრებთან ერთად სიცილია. ყოფილი სპორტსმენი ახალგაზრდებს ურჩევს, რომ იყვნენ კომუნიკაბელურები, ცოტახნით ტელეფონები გამორთონ და შეკრებების დროს საყვარელ ადამიანებს უფრო ხშირად გაესაუბრნონ.

“მჯერა, რომ პატარა ნაბიჯების გადადგმაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ჯანსაღი გადაწყვეტილებები მიიღოთ და საკუთარ თავზე იზრუნოთ. ჩემი გადმოსახედიდან, ჩემი მოტივაცია საკუთარი ოჯახია. ეს ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება.”

“ჩვენი ცხოვრების სტილის შეცვლა ნებისმიერი დღიდან შეგვიძლია, ჩემი რჩევა იქნება გაატაროთ მეტი დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად. გაიღიმეთ და იყავით ბედნიერები, თუნდაც უმიზეზოდ, ზოგჯერ მობილური ტელეფონის გვერდით გადადება და ოჯახის წევრებთან ერთად საუბარი საუკეთესო თერაპიაა”.

“ბედნიერების ფორმულა” და “ჯანსაღი ცხოვრების წესი” დევიდ ბექჰემისთვის ერთმანეთთან ასოცირდება, თუმცა ყოფილი სპორტსმენის აზრით, ფიზიკური დატვირთვა ამ ყველაფრის პარალელურად ძალიან მნიშვნელოვანია. არ არის აუცილებელი, ყოველდღიურად ხარჯოთ საათები სპორტდარბაზში, ხშირად სახლში ვარჯიში და ადგილობრივ პარკში რამდენიმეწუთიანი სეირნობაც კი სრულიად საკმარისია.

“ვფიქრობ, არ აქვს მნიშვნელობა ფიზიკურად როგორ იტვირთებით, ყველანაირი ვარჯიში შეიძლება გახდეს ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშემწყობი ფაქტორი. ყველა ვერ ივლის სპორტდარბაზში, ვერ ითამაშებს ფეხბურთს და კალათბურთს,. საკმარისია ფეხით ისეირნოთ, ოთხფეხა მეგობართან ერთად ირბინოთ, ან საერთოდაც სახლში არსებული მცირე აღჭურვილობით ივარჯიშოთ”.

კოვიდპანდემიამ ყველას ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, რამაც შედეგად ადამიანების როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი მდგომარეობის ცვლილება გამოიწვია. ყოფილი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ახლა, ისე როგორც არასდროს, ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყველაზე მნიშვნელოვანია. მისი აზრით, ჯანსაღი ცხოვრების წესი ამ ურთულეს პერიოდში მოტივაციის ასამაღლებლად ოდნავ მაინც დაგვეხმარება.

“კოვიდპანდემიამ საზოგადოებაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა და ჩვენი ცხოვრების წესი რადიკალურად შეცვალა. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ჯანმრთელობაა. ჯანსაღი ცხოვრების წესი არ არის მხოლოდ გადაწყვეტილება, რაც ამჟამინდელი პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებათ, ეს არის გზა, რომელიც გაძლევთ მოტივაციას, იყოთ ბედნიერები და ჯანმრთელები”.

“მინდა ჩემმა შვილებმა დაინახონ, რომ მათი მამა კვლავ ფორმაშია, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია აღარ ვთამაშობ… მინდა დაინახონ, რომ ყოველთვის თუ არა, უმეტესწილად მაინც ვიკვებები ჯანსაღი საკვებით, ჩემთვის, როგორც მშობლისთვის, მნიშვნელოვანია ვიყო მისაბაძი მაგალითი საკუთარი შვილებისთვის”.

“დაბალანსებული დიეტა ამ ყველაფრის მნიშვნელოვანი ნაწილია. არ ვამბობ, რომ ყოველდღიურად მხოლოდ ხილითა და ბოსტნეულით უნდა იკვებოთ, ეს ჩემთვისაც კი წარმოუდგენელია, მეც მიყვარს ჭამა და ხშირად უარს ვერ ვამბობ სწრაფი კვების ობიექტებში წასვლაზე. თუმცა, ყველაფერთან ერთად ვიცი, რომ ეს არ მიიღებს სისტემატიურ სახეს და ვარჯიშით ყველაფერს ავანაზღაურებ. მაგალითად, შეიძლება შეჭამო დონატი, თუმცა საღამოს სუფთა ჰაერზე საათზე მეეტი ისეირნო და ნაჭამი ტკბილეულიც “შეირგო”.

46 წლის ვარსკვლავი მიიჩნევს, რომ ადამიანების ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ხშირად მავნე ჩვევების დაძლევაში და მოტივაციის ამაღლებაში გვეხმარება.

“მიუხედავად იმისა, რომ თამაშს წლებია თავი დავანებე, ვარჯიში დღემდე სიამოვნებას მანიჭებს, როდესაც გადაღლილი ვარ და არაფრის თავი არ მაქვს, შვილებს ვურეკავ და ხშირად მათი ხმის გაგონებაც კი მმატებს ძალას… ზოგჯერ ადამიანებს საკმარისი მოტივაცია არ აქვთ ვარჯიშის დასაწყებად ან გასაგრძელებლად, ამისთვის აუცილებელია ადამიანებთან კომუნიკაცია, იქნება ეს შვილები, ოჯახის წევრები, მეგობრები თუ ახლობლები, რომლებიც გაგამხნევებენ, ან უბრალოდ თქვენთან ერთად ივარჯიშებენ”.