კარდაშიანების ახალი შოუ Hulu-ზე ყველაზე ყურებადი საპრემიერო ეპიზოდი გახდა

კარდაშიანების ახალი შოუ Hulu-ზე ყველაზე ყურებადი საპრემიერო ეპიზოდი გახდა

კარდაშიან-ჯენერების ოჯახის ახალი რეალითი შოუ, რომლის პირველი სერიაც 14 აპრილს გამოვიდა, Hulu-ზე ყველაზე ყურებადი საპრემიერო ეპიზოდი აღმოჩნდა. სტრიმინგ სერვისს ზუსტი რიცხვი არ გამოუქვეყნებია, რადგან, როგორც წესი, რეიტინგებს არ ავრცელებს ხოლმე, თუმცა, დაადასტურა, რომ შოუ Star-ის წარმოებული ყველაზე პოპულარული პროდუქტიც გახდა.

რეიტინგი ეფუძნება მონაცემს, თუ რამდენი საათი უყურეს კარდაშიანების პირველ ეპიზოდს სტრიმინგ სერვისების მომხმარებლებმა პრემიერიდან პირველი სამი დღის განმავლობაში.

The Kardashians ამერიკულ პოპკულტურაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოჯახის ახალი რეალითი შოუა, რომლის წინამორბედი — Keeping Up With the Kardashians — 14 წლისა და 20 სეზონის განმავლობაში გადიოდა ტელეეკრანებზე. გადაცემის დასრულებიდან სულ რამდენიმე თვეში ცნობილი გახდა, რომ ოჯახმა უპრეცედენტოდ ძვირადღირებული, $100-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა Hulu-სთან, რათა ახალი რეალითი შოუს ოთხი 10-ეპიზოდიანი სეზონი შეექმნათ. თუმცა, რამდენიმე კვირის წინ, შოუს პრემიერაზე, მათ იხუმრეს კიდეც, რომ ისევ 20 სეზონის გადაღებას აპირებენ.

ახალი რეალითი შოუც, წინამორბედის მსგავსად, კარდაშიან-ჯენერების ოჯახის — კრისის, კორტნის, კიმის, ქლოის, კენდალისა და კაილის — პირადი და პროფესიული ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. სხვათა შორის, ექვსივე მათგანი ამჯერადაც პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერია.