გასული წლის დასასრულს ახალგაზრდა ქართველი მოთამაშე ლევან ყენია სანკტ-პეტერბურგის „ზენიტში“ ჩაირიცხა. კლუბი „შალკეს“ ყოფილ წევრს ოფიციალური ხელშეკრულება ახალი წლის შემდეგ უნდა გაეფორმებინა, მაგრამ „ლენინგრადელებმა“ მის სამსახურზე უარი განაცხადეს.
გერმანიიდან წამოსული ლევან ყენია დროებით უმუშევარი დარჩა. ფეხბურთელის საბედნიეროდ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში მისი სამსახურით უკრაინის პირველობის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ლვოვის „კარპატი“ დაინტერესდა.
ლევან ყენია კარპატული კლუბის უპირობო ლიდერად გადაიქცა. ქართველი მოთამაშის დამსახურებაა რომ გუნდი უმაღლესი დივიზიონიდან დაქვეითებას მხოლოდ ბოლო ტურებში გადაურჩა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ლვოვის „კარპატი“ ახალი სეზონისთვის სერიოზულად ემზადება. გუნდმა ტრანსფერებზე ერთდროულად 19 მოთამაშე დააყენა. მათ შორის ორი ქართველიცაა: ლევან ყენია და ბუბა დაუშვილი.
გუშინ ლევან ყენია უკრაინულ მას-მედიას ეასაუბრა და შემდეგი განცხადება გააკეთა:
"ტრანსფერზე დაყენების ამბავი ჩემთვის მოულოდნელი იყო. კიდევ 2 წლით მქონდა გუნდთან კონტრაქტი. მიუხედავად გუნდის არადამაჯერებელი გამოსვლისა, ჩემი გამოსვლით კმაყოფილი ვარ. 2,5 წელი ტრავმას ვიშუშებდი, "კარპატიში" კი სათამაშო პრაქტიკა მქონდა. დავრჩები თუ არა უკრაინაში? არ ვიცი. ჯერ ცოტა უნდა ჩამოვყალიბდე".