სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსულმა ჯარმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლზე კონტროლი დაამყარა

სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსულმა ჯარმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლზე კონტროლი დაამყარა

რუსულმა ჯარმა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალებთან ერთად ქალაქი მარიუპოლი გაათავისუფლა, - ამის შესახებ ვლადიმერ პუტინს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განუცხადა.

შოიგუს თქმით, უკრაინული ჯარის ნაწილი „აზოვსტალის“ ქარხნის სამრეწველო ზონაში რჩება.

„დღეისთვის მთელი მარიუპოლი რუსული ჯარისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო მილიციის კონტროლის ქვეშ იმყოფება. „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორია, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები რჩებიან, საიმედოდ არის ბლოკირებული“, - აცხადებს რუსეთის თავდაცვის მინისტრი.

მისივე თქმით, მარიუპოლის ალყაში მოქცევის მომენტისთვის უკრაინული ჯარის რიცხოვნობა 8100 ადამიანს შეადგენდა.

„ქალაქის გათავისუფლების პროცესში მოწინააღმდეგის 4000-ზე მეტი ჯარისკაცი მოკლულია, 1478 ტყვედ ჩაბარდა, 2000-ზე მეტი სამხედრო კი „აზოვსტალის“ სამრეწველო ზონაში რჩება. ამ მიმართულებით საქმის ბოლომდე მისაყვანად 3-4 დღე დაგვჭირდება“, - განაცხადა შოიგუმ.