ომის პარტიის ბელადი მორიგ „რევოლუციურ ტალღას“„ აანონსებს. ეს კაცი ან არ დაიღალა, ან რაღაც წიგნები შეაქვთ მასთან ისეთი, რომ სულ ამ მუხტზეა. ვფიქრობ, რომ რაღაც სხვა უნდა მოვიფიქროთ იმიტომ, რომ მერე წუხს ამაზე და არაადეკვატური ხდება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
როგორც ზარქუამ აღნიშნა, საქართველო არა რევოლუცია, არამედ განვითარება და სტაბილურობა სჭირდება.
„რა დროს რევოლუციებზე ფიქრია, გაგებით, საკმაოდ დამაჯერებლად, არგუმენტებით, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებმაც უთხრეს, რომ ეს კინო ნანახი გვაქვსო. მოსახლეობაც ეუბნება, რომ არ სჭირდება ამ ქვეყანას რევოლუცია, გზების გადაკეტვა, პიკეტირებები და ასე შემდეგ. ამ ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და განვითარება, მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი, უცხოური ინვესტიცია, დასაქმება. ეს არის მთავარი გამოწვევა, ჩვენი მოსახლეობის მთავარი დაკვეთა და არა ისევ რევოლუციები, რომლებიც ისევ და ისევ ვიწრო პირად პარტიულ ინტერესებზე გადის“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მიხეილ სააკაშვილი კვლავ აქციებს და 200 ათასი ადამიანის ქუჩაში გამოსვლას ითხოვს. სასამართლო პროცესზე, ყოფილმა პრეზიდენტმა, მისი პარტიის მიერ დაანონსებული ხელისუფლების ცვლილების გეგმის ნაცვლად, დაუმორჩილებლობისა და პროტესტის გეგმა წარმოადგინა.