არ შეიძლება პროვოკაციები, როდესაც რეგიონში ასე დაძაბული ვითარებაა და სამეზობლოში დენთის სუნია, ამიტომ ეძახიან “ომის პარტიას”, რომ ასეთ პროვოკაციებზეა წამსვლელი და იმის მთქმელი, რისი თქმაც ახლაც ზუსტად იცის, რომ არ შეიძლება,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ “ამ ძალიან რთულ პერიოდში არის ისტორიული შანსი და ფანჯარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის”.
რაც შეეხება სააკაშვილის მხრიდან საზოგადოებისთვის აქციებისკენ მოწოდებას და ოპოზიციის მხრიდან ვადამდელ არჩევნებზე საუბრის გააქტიურებას, დავითულიანი ამბობს, რომ არჩევნები 2024 წლამდე არ იქნება.
„საქართველოში ვადამდელი არჩევნები ჩანიშნულია 2024 წელს, კონსტიტუციით ასეა გათვალისწინებული და ჩატარდება 2024 წელს. რამდენიც მიხეილ სააკაშვილს ან მისი გუნდის წევრს მოუნდება და თავში რაღაც მოუვლის, იმდენი არჩევნები ვერ დაინიშნება. ამის საფუძველი არ არსებობს. ეს საკითხი მათ თავში ყოველთვის აქტიურია და ხანდახან ამბობენ კიდეც ამას”,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.
მისივე თქმით, ქუჩაში გამოსვლისკენ მოწოდებები მტრის წისქვილზე ასხამს წყალს.
„ნაციონალური მოძრაობა” და ოპოზიციის რადიკალური ფრთა ყოველთვის ცდილობს, რამენაირად თავი აარიდოს ელექტორატის მხარდაჭერას, რომელიც მას არ გააჩნია და შემოვლითი გზით მოიპოვოს ხელისუფლება. ამას ცდილობენ უკვე რამდენი წელია - არ გამოსდით და არც გამოუვათ. მითუმეტეს, რადიკალიზაციისკენ, ქუჩაში გამოსვლებისკენ, ხელისუფლების უმიზეზოდ და უკანონოდ რყევისკენ მოწოდებები, რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე ვის წისქვილზე დაასხამს წყალს, როგორც მინიმუმ, უნდა გათვალონ. თუ გათვლილი არ აქვთ და იმედია, არ აქვთ და ისე საუბრობენ, მაშინ გაიაზრონ და აღარ თქვან ხოლმე, ჯობს“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ადამიანებმა უნდა მოითხოვონ ცვლილებები”.
მისივე თქმით, ამ ძალიან რთულ პერიოდში არის ისტორიული შანსი და ფანჯარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და საქართველოს სწრაფი განვითარების გაგრძელების.